ნაწყვეტები წიგნიდან: ჟოზე მოურინიოს უცნობი ისტორიები (დასასრული)

AutoSharing Option
დასასრული

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჟოზე მოურინიო საინტერესო ტიპაჟია. ამაზე მისი თაყვანისმცემლებიც თანხმდებიან და დაუძინებელი მტრებიც. "განსაკუთრებულის" თითოეული ფრაზა თუ საქციელი უმალ განხილვის საგანი ხდება და ამიტომაც არის "განსაკუთრებული". მასზე მსჯელობენ, კამათობენ... მან თავად შეიქმნა ასეთი იმიჯი. წიგნებსაც ხომ ყოველთვის საინტერესო ადამიანებზე წერენ...

ამასწინათ "ლელომ" დაბეჭდა პატარა ფრაგმენტი ინგლისელი ჟურნალისტის რობერტ ბიზლის წიგნიდან - "ჟოზე მოურინიო, ახლოს და პირადად" რომელშიც "რეალში" მისი მუშაობის დროინდელ ამბებზე იყო ლაპარაკი...

დღეს ეს წიგნი უკვე ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისთვის. ჟურნალისტი რობერტ ბიზლი თითქმის 10 წლის
განმავლობაში ეკონტაქტებოდა მოურინიოს სხვადასხვა საშუალებით და იღებდა მისგან პასუხებს ყველა კითხვაზე, ამ ყველაფერს კი ერთ ფაილში უყრიდა თავს...

სწორედ ამ ურთიერთობის ნაყოფია ეს წიგნიც. ამ ფაქტს ვერც "ლელო" აუვლის გვერდს და აგერ, გთავაზობთ სახელგანთქმული მწვრთნელის ცხოვრების ამსახველი ისტორიების შემოკლებულ თარგმანს...

გნახავ სადმე ქუჩაში და გაგისწორდები!..
არსენ ვენგერსა და ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობა თავიდანვე ვერ აეწყო. 2004 წელს, როგორც კი პორტუგალიელი "ჩელსიში" დაინიშნა და რომან აბრამოვიჩმა ახალ მოთამაშეებში დიდძალი ფულის ხარჯვა დაიწყო, "არსენალის" მწვრთნელი მაშინვე გამოენთო და "არისტოკრატები" აგრესიული სატრანსფერო პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.

მაგრამ ეს კრიტიკა არ ყოფილა ერთჯერადი ხასიათის - როგორც კი საბაბი მიეცემოდა, ვენგერი არ იზარებდა "ჩელსის" ბოსტანში კენჭების სროლას, რასაც მოურინიო, ცხადია, საპასუხო აგრესიით პასუხობდა.

"მას ძალიან უყვარს თვალთვალი, - სწერდა ის მაშინ ჟოზე ჟურნალისტს, - არიან პატარა ბიჭები, რომელთაც სახლში აქვთ ტელესკოპი და მისი საშუალებით მეზობლების სახლებში იჭყიტებიან, აინტერესებთ, რა ხდება სხვა ოჯახებში. ასეა ვენგერიც. ისიც ასე გვითვალთვალებს და მერე დაუსრულებლად ლაპარაკობს "ჩელსიზე", თითქოს, თავისი საქმე არ ჰქონდეს".

როცა 2013 წელს მოურინიო ინგლისში დაბრუნდა, დაპირისპირებულ მწვრთნელებს შორის ქიშპი ახალი ძალით განახლდა და... საქმე ხელის შეხებამდეც მივიდა.

მარტში "ჩელსიმ" მიწასთან გაასწორა (6:0) "არსენალი". ვენგერი იმდენად შოკირებული იყო, პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რასაც მოურინიოს ცინიკური ხარხარი მოჰყვა: "როცა იქნება და მეც წავაგებ თამაშს, ვენგერივით ვიტყვი, რომ ავტობუსზე მაგვიანდება (ვენგერმა სწორედ ეს მოიმიზეზა პრესკონფერენციაზე არმისვლის გასამართლებლად - ავტ)".

როგორც ზემოთ ვთქვით, სიტყვების ომი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. 2014 წლის დეკემბერში, ერთ-ერთი მატჩის დროს, ვენგერი თავს დაესხა მოურინიოს და ისე ჩანდა, მზად იყო სერიოზული ჩხუბისთვისაც, მაგრამ გამშველებლებმა იყოჩაღეს.

მოგვიანებით მოურინიომ ამ ინციდენტზე ჟურნალისტ ბიზლის მისწერა: "თამაშის დროს ის გამუდმებით ითხოვდა, რომ "ჩელსის" რომელიმე მოთამაშისთვის არბიტრს წითელი ბარათი ეჩვენებინა. მივედი მასთან და ვუთხარი, რომ მშვიდად დამჯდარიყო სკამზე, მან კი ხელი მკრა, რაზეც მივუგე - იცი, რომ აქ საკადრის პასუხს ვერ გაგცემ და ამიტომ იქცევი ასე, შეგხვდები სადმე ქუჩაში და იქ გაგისწორდები-მეთქი".

ჟურნალისტის საშუალებით მოუმ არსენის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წამოწყება სცადა. იმ სეზონში "არსენალმა" მოულოდნელად დაამარცხა (2:0) "მანჩესტერ სიტი", რაზეც ჟურნალისტმა დაწერა - ვენგერმა მოურინიოს სტილი გამოიყენაო. ჟოზეს კი სხვა ვერსია ჰქონდა და ეს მისწერა კიდეც ბიზლის:

"100-პროცენტიანი ინფორმაცია მაქვს. ერთ-ერთმა მოთამაშემ დამიმესიჯა - მთელი კვირის განმავლობაში ჩვენით ვემზადებოდით, ვენგერს ხელი არ გაუნძრევია საწვრთნელ პროცესში და "სიტიც" ჩვენივე ძალისხმევით დავამარცხეთო. გარწმუნებ, ნაღდი ინფორმაციაა".

ბიზლიმ ამ ინფორმაციის დამადასტურებელ წყაროს ვერ მიაგნო და მედიაშიც ამაზე არაფერი დაწერილა...

Sportall.Ge

...და შენიშნა პირქვე გართხმული ჟოზე
2013/14 წლების სეზონის წინ "ჩელსის" ამერიკულ ტურნეში ჩვენი ნაცნობი ჟურნალისტიც ახლდა. ერთ დღესაც, ის სასტუმროს კორიდორში მიდიოდა, როცა მოურინიოს ასისტენტ ჟოზე მორაიშს გადაეყარა. მოულოდნელად, მორაიშმა ბიზლის ხელი სტაცა და კუთხეში მოიმწყვდია: "ეი, ჟოზე, რას შვები? იცი, რომ ეს ყვითელი ბარათია"? - მოურინიოს თანაშემწის საქციელით გაოგნებული ჟურნალისტი "მოძალადისგან" თავის დაღწევას ცდილობდა.

...და ამ დროს, ცოტა მოშორებით, მან შენიშნა იატაკზე პირქვე გართხმული მოურინიო, რომელსაც თავზე ედგნენ ექიმი ევა კარნეირო და "ჩელსის" პრესსამსახურის წარმომადგენელი გარი სტეიკერი.

ბიზლი მიხვდა, რატომაც გააჩერა მორაიშმა. "აქ არაფერი ისეთი არ ხდება, რომ სალაპარაკოდ ღირდეს, ყველაფერი რიგზეა", - უთხრა მოურინიომ ბიზლის, როცა გონზე მოვიდა, თუმცა ხმითა და გამომეტყველებით ჩანდა, რომ ჟოზეს თავს ყველაფერი რიგზე ვერ იყო.

ჟურნალისტი მიხვდა, რომ თუ მოურინიოს რაიმე სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ძნელი იქნებოდა ამ ფაქტზე გაჩუმება. მოგვიანებით მასთან მივიდა "ჩელსის" პრესსპიკერი სტივ ატკინსი და გადასცა მოურინიოს თხოვნა, რომ ამ ამბავზე პრესაში არაფერი თქმულიყო.

ბიზლიმ პირობა დადო, რომ ვიდრე თავად ჟოზეს კომენტარი არ ექნებოდა და ფაქტებსაც არ დააზუსტებდა, მედიაში ერთი ბწკარიც არ დაიწერებოდა. თუმცა იქვე გააფრთხილა ატკინსი, რომ ამ საქმეს ბოლომდე ჩაჰყვებოდა და აუცილებლად დაელაპარაკებოდა მოურინიოს...

შემდეგ ის მართლაც შეხვდა ჟოზეს ამ თემაზე სალაპარაკოდ. აღმოჩნდა, რომ თავბრუს ხვევა და გონების დაკარგვა, მედიკამენტების შეუთავსებლობის ბრალი იყო. მოუ ადრე იღებდა ზურგის ტკივილის გამაყუჩებელ წამლებს, რამაც მის ხმაზე იმოქმედა (ხომ გახსოვთ, ეს ჟურნალისტმაც შენიშნა). შესაბამისად, ექიმმა მას ყელის სამკურნალო აბები გამოუწერა. ორი პრეპარატი კი ერთმანეთში "ვერ შეთანხმდა" და ამან გამოიწვია პრობლემა.

ბიზლიმ დაიჯერა ჟოზეს ვერსია და პრესაში არაფერი დაწერა...


ტორესი სამარცხვინოა, ის უნდა წავიდეს!..
ბიზლის მონათხრობს თუ დავუჯერებთ, "ჩელსის" უფროსობასა და მოურინიოს შორის ურთიერთობა მალევე დაიძაბა მას მერე, რაც "განსაკუთრებული" მეორედ მივიდა "სტემფორდ ბრიჯზე". მან გარკვევით განუცხადა დირექტორატს, რომ გუნდს ნორმალური თავდამსხმელი სჭირდებოდა. იმ მომენტისთვის "ჩელსი" შეტევაში ძირითადად ფერნანდო ტორესის იმედზე იყო...

"ტორესი ნამდვილი სირცხვილია, - სწერდა მოუ ბიზლის, - ის უნდა წავიდეს. მაგრამ სად უნდა წავიდეს? ვის სჭირდება? არც არავის".

ჟოზემ დაასახელა ფავორიტი სამეული - რობერტ ლევანდოვსკი, რადამელ ფალკაო და ედინსონ კავანი. ამათგან ერთ-ერთი უნდა ვიყიდოთო, - ასეთი იყო მისი მოთხოვნა დირექტორატის მიმართ, მაგრამ... იმ ზაფხულს "ჩელსიმ" ამ ტრანსფერებს თავი ვერ მოაბა.

2013/14 წლების სეზონის წინ უეინ რუნის "მანჩესტერში" პრობლემები შეექმნა. გუნდიდან წავიდა ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი, ვინც დევიდ მოიესმა შეცვალა. რუნი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში არცთუ კორექტულად იხსენიებს ფერგის უსახელო მემკვიდრეს. მოუმ იგრძნო მომენტი და რუნის გადაბირებაზე დაიწყო მუშაობა.

"რას ფიქრობ იმაზე, რომ რუნი "ჩელსიში" გადმოვიყვანოთ?" - სიცილით ჰკითხა მან ბიზლის პატარა ვაჟს ამერიკული ტურნეს დროს.

"ჩელსიმ" თავიდან 20 მილიონი ფუნტი შესთავაზა "იუნაიტედს" და რეზერვიც დაიტოვა - საჭიროების შემთხვევაში, 10 მილიონსაც ჩამოვიდოდა. მაგრამ, როგორც იცით, აქედან არაფერი გამოვიდა.

2014/15 წლების სეზონის (რომელიც "ჩელსის" ტრიუმფით დასრულდა) შუაში ნათელი გახდა, რომ საქმე ისე ვერ იყო, როგორც მოურინიო ისურვებდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ბიზლიმ ჟოზეს გეგმებზე ჰკითხა:

"ფული არ გვაქვს, - დაიწუწუნა მოურინიომ, - მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ვინმეს ყიდვას, თუ რომელიმე მოთამაშეს გავყიდით, მე კი ახლა გასაყიდი ნამდვილად არავინ მყავს".

ზაფხულში მან მისწერა ბიზლის, რომ სიტუაცია არ გამოსწორებულა: "არანაირი სიახლე არ მაქვს. დირექტორატს ჰგონია, რომ სასწაულების მოხდენა შემიძლია და რომ ამისთვის ფეხბურთელები სულაც არ არის საჭირო".

მოურინიომ ხერხს მიმართა - ბიზლის საშუალებით გაზეთში პერიოდულად უშვება ინფორმაციებს ცალკეული ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერებზე, რითიც უფროსების გამოღვიძებას ცდილობდა. მას სჭირდებოდა ცენტრალური მცველი და საამისოდ, მთავარი კანდიდატები იყვნენ რაფაელ ვარანი "რეალიდან" და ჯონ სტოუნზი "ევერტონიდან".

ამის მაგივრად, რომან აბრამოვიჩმა მწვრთნელის უკითხავად "არსენალში" გაუშვა მეკარე პეტრ ჩეხი. ამავე დროს, დიდიე დრობა შეიცვალა ნათხოვარი რადამელ ფალკაოთი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩაფლავდა.

დაემშვიდობნენ ფილიპე ლუიშს, ვის ნაცვლადაც მოიწვიეს... ბაბა რაჰმანი "აუგსბურგიდან". გაუშვეს ხუან კუადრადოც და მოელაპარაკნენ პედრო როდრიგესს ("ბარსელონა")...

ერთი სიტყვით, ყველა ტრანსფერი ხორციელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს გაყიდიდნენ. ეს კი მოუს არანაირად არ აწყობდა. მერე ამას მოჰყვა ექიმ ევა კარნეიროსთან დაპირისპირების ცნობილი და ხმაურიანი ისტორია. ჟოზესაც აღარ ეტრანსფერებოდა, მედიასთან "თამაშსაც" შეეშვა და აღარც ბიზლის წერილებს პასუხობდა.

აი, ბოლო ინფორმაციაც, რომელიც ჟურნალისტმა მისგან მიიღო: "არანაირი წერილები... უკვე ძალიან სახიფათოა"!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული