ეს საინტერესოა: ციხეში არასპორტული საქციელისთვის

AutoSharing Option
ცნობილი შოტლანდიელი ფეხბურთელი, დანკან ფერგიუსონი გახდა პირველი მოთამაშე ბრიტანულ ფეხბურთში, ვინც მინდორზე წესების დარღვევისათვის გისოსებს მიღმა მიაბრძანეს. ეს მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფერგიუსონი "რეინჯერსის" ღირსებას იცავდა და არ იყო ლივერპულური "ევერტონის" წევრი.

საქმე ასე იყო: დანკან ფერგიუსონმა წესი უწყინარ სიტუაციაში დაარღვია. მას შემდეგ, რაც მსაჯმა ჩასტვინა, გაბრაზდა და მეტოქეს სახეში უთავაზა. საინტერესოა, რომ ამ დარღვევისათვის ფერგიუსონს წითელი ბარათიც კი არ მიუღია - 1994 წელს შოტლანდიურ ფეხბურთში ბევრი რამ იყო ნებადართული. მაშინ ფერგიუსონი დამწყები ჩხუბისთავი გახლდათ.

და მაინც, დანკანის საქციელი
მთელმა მსოფლიომ იხილა. ფეხბურთელი ბევრმა გაკიცხა, პოლიციამ კი მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამბობდნენ, რომ პროკურორი "სელტიკის" თავგადაკლული ფანი იყო. საბოლოოდ, ფერგიუსონს სამი თვე მიუსაჯეს და ამ სამი თვიდან მან 44 დღე გაატარა ბარლინში, შოტლანდიის ყველაზე დიდ ციხეში. სხვათა შორის, ფერგიუსონს საპყრობილეში ვარჯიშის საშუალება მისცეს.

ციხემდე, სანამ გამოძიება მიდიოდა, "რეინჯერსმა" ფერგიუსონი "ევერტონში" გაანათხოვრა. მაშინ ამ გუნდს ძალიან უჭირდა - ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ადგილზე იყო, 40 ათასიან სტადიონზე კი ძალიან ცოტა გულშემატკივარი დადიოდა.

კრიზისს თან დაერთო სამწვრთნელო შტაბის შეცვლაც. ახალი დამრიგებელი, ჯო როილი ვერ მიხვდა, სჭირდებოდა თუ არა მას 193 სანტიმეტრიანი ფორვარდი, რომელსაც ექვს შეხვედრაში ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი.

"ევერტონში" ახალმისულ ფერგიუსონს სკანდალები არც მინდვრის მიღმა აკლდა. საინტერესოა, რომ იგი კლუბში თავის პირველ პრესკონფერენციაზე წითელი პიჯაკით მივიდა. ყველაფერი წითელი "ევერტონის" ფანებს "ლივერპულს" აგონებთ.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მერსისაიდული დერბის წინა ღამეს დანკანი მაგრად გამოთვრა - ხუთი ბოთლი ღვინო დალია და პოლიციის განყოფილებაში მოხვდა, საიდანაც მხოლოდ დილის ექვს საათზე გამოუშვეს. როილმა ხელები თავში წაიშინა, როცა თამაშამდე ერთი საათით ადრე მომხდარის შესახებ გაიგო.

ის დერბი "ევერტონმა" 2:0 მოიგო. ფერგიუსონი გმირი გახდა - თავურით გატანილ გოლს საგოლე გადაცემა მიაყოლა. ამ შეხვედრას გუნდის აღმავლობის დაწყება მოჰყვა. "ფერგიუსონი ნაღდი სასწაულია. ის ჯერ კიდევ ამ თამაშამდე გახდა ლეგენდა. ნეტავ იცოდეთ, ყველაფერი როგორ იყო." - თქვა როილმა მერსისაიდული დერბის დასასრულს.

1995 წელს "ევერტონმა" ინგლისის თასი მოიგო. ფინალში გუნდმა თვით მძვინვარე "იუნაიტედი" დაამარცხა. ეს იყო ლივერპულური კლუბის პირველი ტიტული ბოლო რვა წელიწადში. ფინალურ შეხვედრაში ტრავმირებული ფერგიუსონი მხოლოდ შეცვლაზე შევიდა, მაგრამ "ევერტონის" ფანები ერთსულოვანნი იყვნენ - ციხიდან "დიდი დანკი" სულ სხვანაირ ფეხბურთელად დაბრუნდა.

ფერგიუსონი გაცილებით მეტს მიაღწევდა, რომ არა მისი რთული ხასიათი და მიდრეკილება ტრავმებისადმი. ძალიან ხშირად ფერგიუსონის მიერ მონაწილეობით გამართული მატჩები ემოციათა ვულკანს ემსგავსებოდა - ხოლმე.

პირველად წითელი ბარათი ფერგიუსონმა მაშინ მიიღო, როცა მსაჯს "მელოტი ნაბიჭვარი" უწოდა. ამის შემდეგ წავიდა და წავიდა. ფერგიუსონი მსაჯებს ვერ იტანდა, მსაჯები კი - მას. ამის გამო ის სულ სკანდალში იყო გახვეული.

"მსაჯებზე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - როცა ისინი კარგად ართმევენ თავს მოვალეობას, ჩემზე ჭკვიანი კაცი არ არსებობს. როცა არა და უკვე ვცოფდები. როგორია - რამდენიმე დღის განმავლობაში თამაშისათვის ემზადები, ის კი ნაწვალებს წყალში გიყრის." - ამბობს დანკანი.
ცნობილი შოტლანდიელი ჩხუბისთავი მიიჩნევს, რომ ის არასოდეს შესულა კონფლიქტში პირველი.

"კი, შესაძლოა, მე არ მაქვს ყველაზე რბილი ხასიათი დედამიწის ზურგზე, მაგრამ მე არ ვარ კრიმინალი. როცა ციხეში ვიყავი, მივხვდი, რას ნიშნავდა ფეხბურთი ჩემთვის. აღარ მინდა, კიდევ იქ მოვხვდე.

თუ დამიჯერებთ, კონფლიქტში პირველი არასოდეს შევსულვარ. ყველაფერი სხვისგან იწყებოდა. ამბობენ, რომ მეტი შემეძლო, მაგრამ საკუთარი თავით უკმაყოფილო არ ვარ. მე კვალი დავტოვე მსოფლიო ფეხბურთში და ამაზე ორი აზრი არ ასრსებობს.

რაც შეეხება ჩემს ხასიათს, არ ვიყავი ანგელოზი, მაგრამ ყოველი ჩემი საქციელი განპირობებული იყო სამართლიანობის დაცვის სურვილით. მე არ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი უსამართლობის მსხვერპლი.

მოკლედ, მე არ ვნანობ, რომ ავირჩიე ფეხბურთი და ვემსახურე მას. ჩემი აზრით, რაღაც გავაკეთე. არ დაგავიწყდეთ, რომ მე ძალიან ხშირად ვებრძოდი ტრავმებს და ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ჩემი აზრით, ბევრად უკეთესი სტატისტიკა მექნებოდა.

და მაინც, ფეხბურთი ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ ციფრები. ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ეს არის დიდი ემოცია, ბევრი ადრენალინი. ფეხბურთი უბრალოდ თამაშია, რომელსაც მთელი მსოფლიო ჭკუაზე გადაყავს და ვამაყობ, რომ ამ თამაშის ნაწილი ვიყავი." - ამბობს ჩვენი წერილის გმირი.

დანკან ფერგიუსონს შოტლანდიის ნაკრებში ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია. მწვრთნელები ერიდებოდნენ გუნდში ბუნტისთავის მიწვევას. და მაინც, ის შოტლანდიაში უზომოდ პოპულარული პიროვნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული