უელსელთა პრობლემები მუნდიალის საკვალიფიკაციოს წინ

AutoSharing Option
უელსის ნაკრებს 5 სექტემბერს მოლდოვასთან შეხვედრაში აარონ რემზი ვერ დაეხმარება.

25 წლის ნახევარმცველი სეზონის არცთუ მცირე ნაწილს ლაზარეთში ატარებს ხოლმე და აი, ახალი სეზონიც ასე დაიწყო, იგი "ლივერპულთან" პირველი ტურის მატჩში დაშავდა და ექიმები ზუსტად იმასაც ვერ ამბობენ, როდის დაბრუნდება. "არსენალს" ეიმედება, რომ ეს მალე მოხდება, მაგრამ ის, რომ იგი ნაკრებს ვერ დაეხმარება, უკვე გადაწყვეტილია.

კრის კოულმენი ვერც "კრისტალ პალასის" ჯონი უილიამსს დაეყრდნობა, რომელიც ასევე დაშავებულია. განაცხადში ვერ ვხედავთ ვეღარც დევიდ ვონს. ოღონდ ამის მიზეზი არა ტრავმა, არამედ ის არის,
რომ 33 წლის მოთამაშემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამჟამად "ნოტინგემ ფორესტის" ფეხბურთელს ნაკრების ღირსება 42-ჯერ აქვს დაცული, ევრო 2016-ზე კი იგი გამოუყენებელი სათადარიგო გახლდათ.

სამაგიეროდ, ნაკრებს დაუბრუნდნენ "კარდიფის" ნახევარმცველი ემირ ჰიუზი, "ლესტერის" თავდამსხმელი ტომ ლოურენსი და "ნიუკასლის" მცველი პოლ დამეტი. ისინი მწვრთნელს საფრანგეთში არ წაუყვანია.

უელსის ნაკრების თავკაცმა კი ამასობაში იმაზე ისაუბრა, რომ ნაკრებიდან წასვლაზე ახლა არ ფიქრობს და სრულად თავის საქმეზეა კონცენტრირებული. როგორც იცით, კოულმენის თავისთან წაყვანა "ჰალს" სურდა, მაგრამ "ვეფხვებს" ეს არ გამოუვიდათ და ახლა შესაძლოა, სულაც გადაიფიქრეს ვინმეს მიწვევა, რადგან დროებით მწვრთნელად დანიშნულმა მაიკ ფელანმა პირველ ორ ტურში გამარჯვებები მოიპოვა.

"შემოთავაზება ნამდვილად იყო, რომელიც უელსის ფეხბურთის ასოციაციამ უარყო. ამით მთელი ისტორია დამთავრდა. რასაკვირველია, უმაღლეს დონეზე მუშაობა მინდა, მაგრამ ეს აუცილებლად პრემიერლიგას არ ნიშნავს. ადრეც ვთქვი, რომ უმაღლეს დონეზე მსურს მუშაობა, კვლავ ევროპაში. ეს აუცილებლად პრემიერლიგას არ გულისხმობს, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდებული ლიგაა და მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატადაა მიჩნეული. თუმცა ახლა ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული და ძალიან ემოციურია" - აღნიშნა კოულმენმა.

46 წლის სპეციალისტმა უელსი ძალიან დიდი პაუზის მერე გაიყვანა დიდ საფეხბურთო ფორუმზე და იქაც წარმატებით ათამაშა. მას ისიც ნათქვამი აქვს, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ციკლი მისთვის ბოლო იქნება და მერე პოსტს დატოვებს. ალბათ, საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდება.

"ჩემთვის უელსის ნაკრების დატოვებაზე საუბარი ძალიან ძნელია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ და ჩემთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანი პოსტია. ჯერ ამაზე ფიქრიც არ მინდა. თუმცა არც ტყუილს ვიტყვი და როდესაც შემოთავაზება პრემიერლიგიდან გაქვს, ნებისმიერი დაფიქრდება, მაგრამ მე ამჟამად ეროვნულ ნაკრებს ვუდგავარ სათავეში და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ" - განაცხადა კოულმენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული