ტრანსფერ ONLINE: 24 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:07. პირველი სიახლე ინგლისიდანაა. "საუთჰემპტონი" და "ვესტ ჰემი" "იუვენტუსის" ფორვარდ სიმონე ძაძას მიმართ ინტერესს ადასტურებენ.

12:13. "მანჩესტერ სიტი" მზადაა, ელიაკიმ მანგალა, რომელიც 2 წლის წინ 30.5 მილიონ ევროდ იყიდა, "ნაპოლიში" იჯარით გაუშვას.

12:23. სლავენ ბილიჩი არათუ არ აპირებს "ვესტ ჰემიდან" საკვანძო მოთამაშეების გაშვებას, ახლებსაც ეძება. ასე მაგალითად, "ჩაქუჩებს" ძალიან უნდათ "მანჩესტერ სიტიში" უპერსპექტივოდ მყოფი ფორვარდის, ვილფრიდ ბონის გადაბირება. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

12:34. "მანჩესტერ იუნაიტედი" ფილ ჯოუნსს "არსენალში" არ გაყიდის. ჟოზე მოურინიოს თურმე არ სურს არსენ ვენგერთან საქმის დაჭერა.
ისე, გახსოვთ მათი შარშანდელი წაკინკლავება?

12:46. "ეკიპი" ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ სიტი" 20 წლის უკრაინელ ნახევარმცველს, ოლექსანდრ ზინჩენკოს "პსვ ეინდჰოვენში" გაანათხოვრებს.

12:55. "შალკეს" უნდა, რომ "ტოტენჰემისგან" ნაბიბ ბენთალები იჯარით აიყვანოს, თუმცა "მამლები" მხოლოდ გაყიდვაზე არიან თანახმა. ბენთალები 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.

13:00. სანამ "არსენალი" თვლემდა, "იუვენტუსი" და პსჟ ლამის შეთანხმდნენ ბლეზ მატუიდის ტრანსფერზე. თუმცა ჯერ საბოლოო წერტილი არ არის დასმული და ნუ ავჩქარდებით.

13:04. როგორც კი "უოტფორდი" 8.8 მილიონ ევროს გადაუხდის "ნიუკასლს", დერილ იანმატი "ვიკარიჯ როუდზე" ამოჰყოფს თავს.

13:16. ალბერტო აკვილანი ლისაბონის "სპორტინგიდან" სერია A-ში ბრუნდება. 32 წლის ნახევარმცველი კარიერას "პესკარაში" გააგრძელებს.

13:20. "ტოტენჰემს" თურქი ჰაქან ჩალჰანოღლუ აინტერესებს. "ლევერკუზენთან" მოლაპარაკების დასაწყებად "მამლებს" 25 მილიონი ევრო უნდა ჰქონდეთ გამზადებული.

13:29. ხუან კუადრადოს ძალიან უნდა "იუვენტუსში" დარჩენა, თუმცა საამისოდ, "ჩელსისთვის" 5 მილიონი ევროს საიჯარო თანხა იქნება გადასახდელი.

13:35. "ჩელსი" თანახმაა, "მილანის" 21 წლის მცველ ალესიო რომანიოლის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიღოს. თუ გარიგება შედგა, "როსონერის" ამ თანხის 30 პროცენტი "რომასთვის" (როგორც ფეხბურთელის თანამფლობელისთვის) ექნება გადასახდელი.

13:53. 26 წლის ნახევარმცველი ანრი სევე "ნიუკასლიდან" "სენტ ეტიენში" გადავიდა.

14:00. შეიძლება ხუმრობაა ან უბრალოდ ჭორი: ერთ-ერთმა პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა, "ლივერპულში" უსაქმოდ მყოფი მარიო ბალოტელი, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდესო...

14:19. აჰა, ბასტიან შვაინშტაიგერმაც დაგვდო პატივი და გამოჩნდა - "მანჩესტერ იუნაიტედი" შეიძლება ჩემი უკანასკნელი ევროპული კლუბი იყოსო. ჯერჯერობით, მარჩიელობის მეტი არაფერი დაგვრჩენია: ჩინეთი, ყატარი თუ MLS? დღეს ხომ აქეთ გარბიან ვეტერანი ვარსკვლავები...

14:48. დანიელი ნიკლას ბენდტნერი, შესაძლოა, ლონდონში დაბრუნდეს, ოღონდ არა "არსენალში", არამედ "ქუინზ პარკში". 28 წლის ფორვარდი ბოლოს "ვოლფსბურგში" აგორებდა ბურთს, ახლა კი თავისუფალი აგენტია.

15:18. "ბარსელონას" სურს, გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გუნდში 2022 წლამდე დატოვოს.

15:36. მარკო ვერატის (პსჟ) აგენტმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი კლიენტი იტალიაში ბრუნდება. არადა, ცოტა ხნის წინ ამას სრულიად დასაშვებად მიიჩნევდა.

15:53. ისე, სალვატორე სირიგუ ხომ არ ჩამოწერეთ? აი, "სევილიას" კი სჯერა იტალიელის მეკარის და პსჟ-დან ერთწლიანი იჯარით უპირებს წაყვანას.

16:02. "ჩელსი" და "კრისტალ პალასი" თითქმის შეთანხმდნენ, რომ 29 წლის ფრანგი ფორვარდი ლოიკ რემი კარიერას "არწივებში" გააგრძელებს.

16:10. "რომას" ბერძენი მცველი კოსტას მანოლასი "არსენალს" მოსვლია თვალში. ჯერჯერობით, ამ მწირი ინფორმაციით უნდა დავკმაყოფილდეთ. ისე, შეგვიძლია შევიხედოთ პოპულარულ "ტრანსფერმარკტში", სადაც მანოლასი 24 მილიონ ევროდაა შეფასებული.

16:53. "მარკამ" დაწერა, რომ ორი ევროპული კლუბი (ერთი იტალიური, ერთიც ინგლისური) "რეალს" 50 მილიონ ევროს სთავაზობს ბრაზილიელ ნახევარმცველ კაზემიროში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთი მათგანი "იუვენტუსია" და მეორე - "არსენალი"?

17:05. ზემოთ ვთქვით და აგერ, გარიგება უკვე შედგა: დერილ იანმატი "ნიუკასლიდან" "უოტფორდში" გადავიდა.

17:08. 22 წლის ბელგიელი ნახევარმცველი დენის პრატი "ანდერლეხტიდან" "სამპდორიაში" გადაბარგდა. გენუელებს ეს სიამოვნება 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

18:03. "ვესტ ბრომვიჩი" "საუთჰემპტონის" ფორვარდ ჯეი როდრიგესის გადაბირებას აპირებსო, წერს "თოქსპორტი".

19:23. "ნიუკასლმა" აშშ-ის ნაკრების ნახევარმცველის (თამაშობს მარჯვენა მცველადაც), 23 წლის დეანდრე იედლინის ტრანსფერის თაობაზე გამოაცხადა. ეს ახალგაზრდა აქამდე "ტოტენჰემის" საკუთრება იყო. "მამლებში" ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და რაკი იმედები ვერ გაამართლა, გასულ სეზონში იჯარით "სანდერლენდში" (23 მატჩი) გაუშვეს.

გიორგი ნინიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული