საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: ფაბრეგასის ცუდი და კარგი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" და "ლივერპული" ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრნენ. შეხვედრა ამერიკის ტურნეს ფარგლებში გაიმართა და "ლურჯების" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

ერთადერთი გოლი გარი კეჰილმა გაიტანა თავური დარტყმით, ეს კუთხურს მოჰყვა. შეხვედრაში იყო კიდევ ერთი გამოსარჩევი ინციდენტი - ლონდონელთა 29 წლის ესპანელმა ლეგიონერმა სესკ ფაბრეგასმა 70-ე წუთზე ძალიან უხეშად ითამაშა "ლივერპულის" ესტონელი ახალწვეულის, რაგნარ კლავანის წინააღმდეგ.

სესკს წითელი ბარათი უჩვენეს, კლავანი კი, როგორც ჩანს, საბედნიეროდ, სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. მერსისაიდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ ფაბრეგასი მატჩის შემდეგ "ლივერპულის" გასახდელში ბოდიშის მოსახდელად შევიდა. მოიბოდიშა
"ლურჯების" თავკაცმა ანტონიო კონტემაც.

"სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეთი რაღაცები ხდება, თუმცა მე ვიცნობ ფაბრეგასს, ვიცი, რომ ის კარგი ადამიანია, კარგი ბიჭია და ძალით ასე არ უთამაშია. ვწუხვარ სესკის გამო და ვწუხვარ, "ლივერპულის" ფეხბურთელის გამო" - თქვა კონტემ.

სათქმელია ისიც, რომ ამ მატჩის შემდეგ დიეგო კოშტამ რუბენ ლოფტუს-ჩიკთან, ვილიანთან, ფაბრეგასთან და პედროსთან ერთად გადაღებული სურათი დადო საკუთარ "ინსტაგრამზე", წარწერით - "დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო მეგობრებო!!!".

პრესამ ეს გამომშვიდობებად შეაფასა - ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი "ატლეტიკოს" უბრუნდებაო. კონტე კი ამბობს, მისი გაშვება ჩვენს გეგმებში არ შედისო, მაგრამ თუ კოშტას წასვლა უნდა და "ათლეტებს" მისი მიბრუნება სურთ...

რიბერის დუბლი და გმირი დონარუმა
ამ შეხვედრის გმირი ჯანლუიჯი დონარუმა გახდა, თინეიჯერმა მეკარემ პენალტების სერიაში რაფინიას დარტყმული მოიგერია და "მილანმა" "სოლჯერ ფილდზე" პენალტების სერიაში იმარჯვა მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩში.

აღსანიშნავია მიუნხენელი ფრანკ რიბერის დუბლი, მეორე გოლი რიბერიმ უკანასკნელ წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, როცა "ბაიერნი" 2:3-ს აგებდა.

საერთო ჯამში, მხიარული მატჩი გამოდგა, იტალიელები ნიანგის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მალე კარლო ანჩელოტის გუნდმა, რომლის სახელიც "მილანთან" მჭიდროდ არის დაკავშირებული, რიბერის და ალაბას გოლებით ხელთ იგდო ლიდერობა, რომელიც მეორეში ისევ დაკარგა და რომ არა რიბერი, ძირითად დროშივე წააგებდა.

ენცოს დებიუტი, მორატას დაბრუნება და მარცხი პსჟ-სთან
ბასკ უნაი ემერის გუნდმა წინასასეზონო მატჩი ზედიზედ მესამედ მოიგო, ამჯერად, ოჰაიოში მადრიდის "რეალი" დაამარცხა, რომლის რიგებშიც ზინედინ ზიდანის ვაჟის, ენცოს დებიუტი ვიხილეთ. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ჩვენ პსჟ-ის ბელგიელი ახალწვეულის, თომას მონიეს ბენეფისი ვიხილეთ, მან ხუთწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა. მარსელოს პენალტი ტაიმის მიწურულს ოდენ პრესტიჟის გოლი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდში დაბრუნებულმა ალვარო მორატამ პირველად ითამაშა.

თამაშის მერე აღშფოთებული იყო ზიდანი: "მომავალში ასეთი შედეგები მიუღებელია. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ, მაგრამ ეს მაინც წინასასეზონო მატჩია. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ სიჩქარეებში. ესპანეთში ძალიან გრძელი სეზონია და ამ სეზონს აუცილებლად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. არ გვეყო აგრესია ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ თამაშში, განსაკუთრებით, ეს პირველ ტაიმში იგრძნობოდა. მაგრამ აღვნიშნავ დადებით მომენტებსაც - ბევრი საგოლე შანსი შევქმენით და ბურთსაც უფრო ჩვენ ვფლობდით. რა თქმა უნდა, გუნდი 100%-ით მზად არ არის, მაგრამ ჩვენ დრო გვაქვს".

ზინედინის ვაჟი ენცო პსჟ-სთან შეცვლაზე ვიხილეთ. მას 21 წლის ასაკში მოუწია პირველ გუნდში დებიუტი. აღსანიშნავია, რომ ზიდანის სამი სხვა შვილიც (ლუკა, თეო, ელიასი) "რეალშია".

აღსანიშნავია, რომ თამაშს 87 ათასი გულშემატკივარი დაესწრო!

***
ახლა ამ სანახევროდ ამხანაგურ ტურნირს 2 თამაშიდან 6 ქულით ემერის პსჟ ლიდერობს. ტურნირზე 10 გუნდი მონაწილეობს (პსჟ, ჩელსი, მილანი, ლესტერი, ბაიერნი, სელტიკი, ბარსელონა, ლივერპული, ინტერი, რეალი) - შეჯიბრებაში ჯერ მხოლოდ "ბარსელონა" არ ჩართულა, პსჟ-მა ორჯერ ითამაშა, დანარჩენებმა თითო მატჩი ჩაატარეს.

ჩელსი-ლივერპული 1:0
გოლი: კეჰილი (10)
გაძევება: ფაბრეგასი (70)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბაიერნი-მილანი 3:3 (3:5 პენალტებში)
გოლები: 0:1 ნიანგი (23), 1:1 რიბერი (29), 2:1 ალაბა (38), 2:2 ბერტოლაჩი (49), 2:3 კუცკა (61), 3:3 რიბერი (90-პენ)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი-პსჟ 1:3
გოლები: 0:1 იკონე (2), 0:2 მონიე (35), 0:3 მონიე (40), 1:3 მარსელო (44-პენ)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სელტიკი აქაც თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზეც? ვერ გავიგე რა ხდება.
kamo
12:13 29-07-2016
0

სიახლეები პოპულარული