ტრანსფერ ONLINE. 24 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
სატრანსფერო სეზონი გახურდა და თანაც, როგორ! ბოლო დღეების მთავარი თემა გონსალო იგუაინის შესაძლო გადასვლაა ტურინის "იუვენტუსში". "ბებერი ქალბატონი" 94 მილიონ ევროს იხდის. ნეაპოლში უკვე არეულობები დაიწყო...

თურქული გაზეთი "ჰურიეთი" ირწმუნება, რომ "ბეშიქთაშის" გერმანელმა ფორვარდმა მარიო გომესმა პირადი კონტრაქტი შეათანხმა დორტმუნდის "ბორუსიასთან". ოფიციალურად ტრანსფერის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. გომესი "დორტმუნდის" მეათე (!) ახალწვეული გახდება.

როგორც ჩანს, წლეულს "ბაიერნს" სერიოზული კონკურენცია ელის ამ კლუბისგან.

გერმანელი ფორვარდი "ფიორენტინას" ეკუთვნის, მაგრამ "იებს" გომესის არ ეიმედებათ. გერმანელს "ბეშიქთაში" ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის
გამო თავად ფეხბურთელმა იუარა თურქეთში დარჩენა. გასულ სეზონში მარიომ თურქეთის სუპერლიგის 33 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

* * *
გლაზგოს "სელტიკის" ოფიციალურმა "ტვიტერმა" დაადასტურა კოლო ტურეს ტრანსფერი. "ლივერპულის" ექსფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანეს შოტლანდიურ კლუბში. ის 35 წლის გახლავთ. "აღფრთოვანებული და შემართული ვარ, რადგან წინ ახალი გამოწვევა მელის. მე ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ კლუბში გადავედი. აქ ყოფნა ჩემთვის პრივილეგიაა", - განაცხადა ტურემ.

* * *
"ლესტერმა" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი შეინარჩუნა - კლაუდიო რანიერი ამტკიცებს, რომ რიად მაჰრეზი ჩემპიონ გუნდში რჩება: "ნახეთ, როგორ ითამაშა რიადმა? ის მოწადინებულია, რადგან ჩვენთან რჩება. სხვა კლუბებს მეტი ვარსკვლავი ჰყავთ და იქ შეიძლება მაჰრეზი ჩაიკარგოს, მას შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე მოუწიოს ჯდომა. ჩვენთვის კი ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა", - განაცხადა რანიერიმ.

"ევროსპორტი" ირწმუნება, რომ მაჰრეზში "არსენალი" 50 მილიონ ევროს სთავაზობდა "ლესტერს". შეგახსენებთ, რომ იგი ბოლო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია.

* * *
"ლაციოს" დროებითმა თავკაცმა სიმონე ინძაგიმ დაადასტურა, რომ ჩირო იმობილე "სევილიიდან" რომაულ კლუბში გადადის. "ლაციო" ფორვარდის სანაცვლოდ 8,5 მილიონ ევროს გადაიხდის. "იმობილე უკვე ჩვენკენ გზაზეა", - განუცხადა "ფუტბოლ იტალიას" ინძაგიმ.

* * *
გონსალო იგუაინის შესაძლო ტრანსფერმა "იუვენტუსში" დიდი არეულობები გამოიწვია ნეაპოლში. "ნაპოლის" ფანები წვავენ მათი საყვარელი ფეხბურთელის მაისურებს ან უნიტაზში ყრიან. არგენტინელს ფანები გამყიდველს უწოდებენ და ამბობენ, რომ დიეგო მარადონა არასოდეს მოიქცეოდა ასე.

* * *
თურქულ "გალათასარაის" "მანჩესტერ სიტის" მცველის, ალექსანდარ კოლაროვის იჯარით აყვანა სურს. თურქები ერთწლიან იჯარაში "სიტის" მილიონ ევროს, ხოლო ფეხბურთელს - 2 მილიონს უხდიან.

* * *
"სანის" ინფორმაციით, სერხიო აგუერომ "სიტის" ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა. 28 წლის ფორვარდი 2020 წლამდე დარჩება კლუბში და კვირაში 240 ათას ევროს მიიღებს.

* * *
ლონდონის "არსენალი" ისევ იჯარით "რომაში" გაუშვებს ვოიცეხ შჩესნის და ხელფასის ნაწილსაც გადაუხდის.

* * *
კატალონიური "სპორტი" ირწმუნება, რომ "ბარსელონა" "სევილიას" შეუთანხმდა და 40 მილიონ ევროდ ფრანგი ფორვარდი, 29 წლის კევინ გამეირო მიჰყავს.

* * *
"ბარსელონამ" ტრანსფერზე დააყენა არდა თურანი, რომელიც შესაძლოა, "იუვენტუსმა" შეიძინოს.

* * *
"ბეშიქთაშმა" გამოაცხადა, რომ დაიწყო მოლაპარაკება "ბარსელონასთან" ადრიანოს ტრანსფერის შესახებ.

* * *
"ბენფიკას" ბრაზილიელი ფორვარდის, ჟონასის აგენტი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი შესაძლოა, "ბარსელონაში" აღმოჩნდეს.

* * *
"რეალ სოსიედადის" ფორვარდი ჟონათასი ყაზანის "რუბინში" გადადის. 27 წლის ჟონათასმა გასულ სეზონში 7 გოლი გაიტანა.

* * *
"სპორტ იტალია" ამტკიცებს, რომ "ნაპოლიში" შეიძლება პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი გადავიდეს. 22 წლის ფორვარდი დაახლოებით 20 მილიონი ევრო ღირს. "აიაქსმა" უკვე გამოაცხადა, რომ პოლონელი ტრანსფერზეა.

* * *
"მედიასეტ პრემიუმის" ინფორმაციით, აქსელ ვიტსელი ძალიან ახლოსაა ტურინის "იუვენტუსში" გადასვლასთან. 27 წლის ნახევარმცველში "ზენიტს" 24 მილიონ ევროს სთავაზობენ.

* * *
მატიო ვალბუენამ კარიერა შესაძლოა, "ბეშიქთაშში" გააგრძელოს. "ფოტოსპორის" ინფორმაციით, 31 წლის ნახევარმცველს შემოთავაზებები ჩინეთიდანაც აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული