ტრანსფერ ONLINE: გაარწივებული ადებაიორი

AutoSharing Option
13:26 "მალაგამ" "ჩელსიდან" იჯარით სეზონის ბოლომდე აიყვანა კრისტიან ატსუ.

13:29 მარიო სუარესი მალე, შესაძლოა, "უოტფორდში" აღმოჩნდეს. "ფიორენტინას" ნახევარმცველთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

13:40 როგორც The Times-ი წერს, "მანჩესტერ იუნაიტედი" კონტაქტზე გავიდა ჟოზე მოურინიოსთან.

13:56 ანდრე აიუს ხელში ჩასაგდებად "სანდერლენდი" მზად არის, 10 მილიონი ფუნტი და ფაბიო ფორინი დათმოს.

14:03 "რომას" ფორვარდი ჟერვინიო ჩინეთის "ჰებეიში" გადავიდა 18 მილიონ ევროდ. კოტდივუარელის ხელფასი წელიწადში 8 მილიონი იქნება.

14:11 "მარსელის" ნახევარმცველს, ჟორჟ-კევინ ნკუდუს პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი აკვირდება: "ვესტ ჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული"...

14:18 იურგენ კლოპის განცხადებით, "ლივერპულში" ზაფხულამდე არ უნდა ველოდოთ ხმაურიან
ტრანსფერებს. მიუხედავად ამისა, პრესა ალექს ტეიშეირას სახელს უკავშირებს მერსისაიდულ კლუბს.

14:36 "სანდერლენდმა" "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების მცველს, მატიო დებუშის დაუმიზნა, - წერს Daily Mail-ი. თავად ფრანგმა ადრე განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, სათამაშო პრაქტიკისთვის კლუბი შეიცვალოს.

14:43 პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გამორიცხა "დორტმუნდის" დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ მისი პიროვნებით პსჟ-ც დაინტერესდა. "ჩემი გადასვლა პსჟ-ში? ეს არ იქნება", - მოჰყავს გაბონელის სიტყვები Canal+-ს.

15:32 პორტუგალიელი აბელ შავიერი მოზამბიკის მთავარი მწვრთნელი გახდა. მან ამ პოსტზე ხორვატი ბორის პუშიჩი შეცვალა.

15:48 "დორტმუნდმა" "ატლეტიკოს" ნიჭიერი ახალგაზრდის, ოლივერ ტორესის ტრანსფერი შეათანხმა.

16:27 "ჩელსის" ფორვარდი ლოიკ რემი ცალი ფეხით "ნიუკასლშია", თუმცა ამ უკანასკნელს კონკურენტები ჰყავს "ლესტერისა" და "კრისტალ პალასის" სახით.

16:34 "საუთჰემპტონმა" დაადასტურა გასტონ რამირესის იჯარა "მიდლსბროში" - სეზონის ბოლომდე.

16:45 "იუვენტუსის" ბომბარდირი დიბალა არწმუნებს ტურინული კლუბის ფანებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

16:55 "ინტერის" მფლობელს, ერიკ ტოჰირს განზრახული აქვს თავისი კლუბისთვის "სამპდორიას" ორი ფეხბურთელის - რობერტო სორიანოსა და ედერის შეძენა. როგორც Football Italia წერს, გუშინ გაიმართა შეხვედრა კლუბების სპორტულ დირექტორებს შორის. სასტარტო ფასი 25 მილიონი ევროა.

17:02 "რომა" და "ნაპოლი" აკვირდებიან "უდინეზეს" ნახევარმცველს, პეტრ ზელინსკის, რომელიც ორი სეზონია იჯარით "ემპოლიში" თამაშობს. გრანდები ამ ვუნდერკინდისთვის ზაფხულში გამართავენ ბრძოლას.

17:16 "ნაპოლიმ" უარყო "ვოლფსბურგის" წინადადება მანოლო გაბიადინისთან დაკავშირებით. გერმანელები მზად იყვნენ, ფორვარდში 25 მილიონი ევრო გადაეხადათ.

17:50 ფორვარდ სეიდუ დუმბიაზე მორიგი პრეტენდენტი გახდა "ფენერბაჰჩე". სტამბოლელებს კოტდივუარელის სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა სურთ.

18:15 Mundo Deportivo წერს პსჟ-ის მცველის, მარკინიოსის მიმართ "ბარსელონას" დაინტერესებაზე. კატალონიელთა სპორტული დირექტორი უკვე დაუკავშირდა პარიზელებს 21 წლის ფეხბურთელის თაობაზე.

18:24 როგორც ჩანს, ალეშანდრე პატო მაინც გადავა "ჩელსიში". როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ბრაზილიელი უკვე გაემგზავრა ლონდონში გარიგების დასასრულებლად.

18:32 ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ ანდროს თაუნსენდი აღარ ითამაშებს "ტოტენჰემში" და "ნიუკასლში" გადავა.

18:51 მადრიდის "რეალმა" გადაწყვიტა, არავინ შეიძინოს ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

18:55 ორლანდუ სა "რედინგიდან" თელ-ავივის "მაკაბიში" გადავიდა.

19:03 "ემპოლის" მცველი ფედერიკო ბარბა, შესაძლოა, "ნაპოლიში" აღმოჩნდეს. "ემპოლი" 5 მილიონს ითხოვს, "ნაპოლი" კი 3.5 მილიონს იძლევა.

20:25 "ინტერის" მცველი მარტინ მონტოია მალე ესპანეთში დაბრუნდება. "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელს "ბეტისი" ელოდება.

20:43 კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ "ბაიერნი" არ ეძებს ტრავმირებული ჟერომ ბოატენგის შემცვლელს. "დღეს ბაზარზე არ არიან კარგი მოთამაშეები", - კატეგორიულად თქვა რუმენიგემ.

20:48 "მილანს" აინტერესებს "აიაქსის" გარემარბი ანვარ ელ-ღაზი, რომლის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს უდრის. ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი უნდა გახდეს ლუიშ ადრიანოს შემცვლელი, რომელსაც "როსონერი" გაყიდის.

20:54 "ნეიმარი ემზადება "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის და ის იდეალურ მდგომარეობაშია. გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს კლუბთან? ვფიქრობ, კი", - განაცხადა ესპანეთის თასის მეოთხედფინალის წინ ლუის ენრიკემ.

21:00 "კრისტალ პალასმა" გამოაცხადა, რომ დაიმატა 31 წლის ფორვარდი ემანუელ ადებაიორი. კონტრაქტი აფრიკელს სეზონის ბოლომდე გაუფორმეს. "არწივებში" ტოგოელი 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ადებაიორი ბოლოს "ტოტენჰემში" თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი სექტემბერში გაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული