სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
საით მიდის კრიშტიანო რონალდოს გზა? - პორტუგალიელის ოთხი ვარიანტი
AutoSharing Option
11:48 18-01-2016
კრიშტიანო რონალდო "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩა. მან ბევრი უნდა იმუშაოს საიმისოდ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კვლავ დაიბრუნოს.

ეს გასაგებია, მაგრამ საკითხავია ისიც, შეძლებს თუ არა პორტუგალიელი, საუკეთესო იყოს "რეალში". გარეთ ბეილი აღმავლობის გზაზეა. ბეილი რონალდოზე ხუთი წლით უმცროსია. რა თქმა უნდა, უელსელს აქვს საუკეთესოობის ამბიცია.

აქედან გამომდინარე, ფანტასტიკის სფეროდან სულაც აღარ არის ხმები იმის თაობაზე, რომ რონალდო შეიძლება "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგდეს ან მიაშუროს ამერიკულ ლიგას, სადაც მის მიმართ ინტერესი არის. კრიშტიანომ უკვე მიაღწია ფეხბურთში ყველაფერს. შეიძლება მას ახალი შეგრძნებები ენატრებოდეს.

I ვარიანტი: გადასვლა პსჟ-ში
როგორი საქმეა, ერთ გუნდში გყავდეს ზლატანი და კრიშტიანო? დღეს შვედი "სენ-ჟერმენში" პირველი კაცია. რა თქმა უნდა, კრიშტიანოს შესაძლო გადასვლის შემთხვევაში ფრანგულ კლუბში სიტუაცია შეიცვლება.

ასეთ შემთხვევაში შვედის ხელფასი იქნებ აღარ იყოს პირველი (14 მილიონი სეზონში). სხვათა შორის, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე კრიშტიანომ რამდენიმე სიტყვა ფრანგულადაც თქვა.

რაც შეეხება კლუბის ხელმძღვანელობის მოტივაციას, ესეც გასაგებია. "პარი სენ-ჟერმენი" მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია და ცხადია, ტიტულების მოგებაც ძალიან უნდა. თავის მხრივ, კრიშტიანოს კარგი ურთიერთობა აქვს "სენ-ჟერმენის" მთავარ მწვრთნელთან, ლორან ბლანთან და კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფისთან.

რონალდოს შეუძლია, ორი წელი ითამაშოს ფრანგულ გრანდში და ამის შემდეგ, მოიგებს რა ფრანგებთან ჩემპიონთა ლიგას, ამერიკულ ლიგაში გადავიდეს.

II ვარიანტი: ორი წელი "რეალში" და მერე ამერიკა
რონალდოს "რეალის" დატოვებას ვერავინ აიძულებს. კრიშტიანოს "რეალთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ კრიშტიანო კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

თუ "რეალის" ხელმძღვანელობა პორტუგალიელთან დაშორებას მაინც გადაწყვეტს ფეხბურთელის სურვილის საწინააღმდეგოდ, მას ძალიან დიდი საკომპენსაციო თანხა ექნება გადასახდელი, რაც "რეალისათვის" ფინანსურად წამგებიანი იქნება.

მომავალი ორი სეზონის განმავლობაში რონალდოს შეუძლია, კიდევ მოიგოს ტიტულები და ამის შემდეგ გადავიდეს ამერიკაში.

ერთი გარემოება, რამაც შეიძლება პორტუგალიელისა და "რეალის" განშორება დააჩქაროს, გარეთ ბეილის ფაქტორია. ბეილმა საგოლე ფოიერვერკი მოიწყო ზინედის ზიდანის სადებიუტო შეხვედრაში. არავინ იცის, რა იქნება, თუ მომავალშიც ასე განვითარდა მოვლენები.

ამის მიუხედავად, კრიშტიანოს შეუძლია, ორი წარმატებული სეზონი კიდევ ჩაატაროს "რეალში" და ამის შემდეგ გაუტიოს ამერიკისაკენ.

III ვარიანტი: ემოციური დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე"
"მანჩესტერის" ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ედ ვუდვორდს, ალბათ უკვე ესიზმრება ის, თუ როგორ გაყიდის"იუნაიტედის" მაისურებს წარწერით "ვივა, რონალდო" პორტუგალიელის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემთხვევაში. ეს რომ მოხდეს, "იუნაიტედი" ბევრ გამწყრალ ფანს შემოირიგებს.

სხვა საქმეა, რომ დროს ვერაფერი აჩერებს. რონალდო ახლა აღარ არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იყო 2009 წელს. აღარც "იუნაიტედი" აღარ არის ისეთი კლუბი, როგორიც იყო კრიშტიანოს წასვლამდე. ახლა იქ ბევრი რამეა არეული. გუნდს სერ ალექს ფერგიუსონი კი არა, ლუი ვან გაალი წვრთნის.

ვან გაალი ერთია და, შესაძლოა, "იუნაიტედს" მწვრთნელი შეეცვალოს. მაურისიო პოჩეტინოც კი ახსენეს. შეიძლება რაიან გიგზიც დაინიშნოს. მოინდომებენ კი ისინი პორტუგალიელთან კონტრაქტის გაფორმებას? შესაძლოა, უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებს დაეყრდნონ.

სულაც არ არის გამორიცხული, "რეალმა" და "იუნაიტედმა" დიდი ბიზნესი დაატრიალონ, როგორც ეს კინაღამ მოხდა დავიდ დე ხეას შემთხვევაში ამ ზაფხულს. "სამეფო კლუბს" შეიძლება ისევ მოუნდეს ესპანელი მეკარე, თუმცა ამ ვაჭრობის "მთავარი ლუკმა" კრიშტიანო რონალდო იქნება.

IV ვარიანტი: დიდი სიურპრიზი
შეიძლება კრიშტიანოს მორიგი კლუბი მიუნხენის "ბაიერნი" იყოს. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ის განსაკუთრებით აფასებს კარლო ანჩელოტის და წლის მწვრთნელად სწორედ იტალიელი დაასახელა.

შესაძლოა, რამდენიმე სეზონის შემდეგ კრიშტიანო მშობლიურ "სპორტინგს" დაუბრუნდეს, სადაც დაიწყო კიდეც მისი პროფესიული საფეხბურთო კარიერა? შეიძლება ჩინეთი იყოს ბოლო გაჩერება ან ყატარი? ან დევიდ ბექჰემს მიბაძოს და 31 წლის ასაკში ამერიკული ოცნების ზღვაში შესცუროს?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Bayern's Girl
12:59 22-01-2016
კრიშტიანუ თებერვალში გახდება 31 წლის, კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რაში ჭირდება ბაიერნს? როცა ყავს წინ ლევანდოვსკი და მსოფლიო კლასის ბევრი ნახევარმცველი :3 ზაბენერშტრასეზე CR7 საცვლებით მოსეირნე კრიშტიანუ ვერ წარმომიდგენია და მომკალით :))))