სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
მადლობა ფეხბურთს - "ოქროს ბურთი 2015" ლიონელ მესისაა [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
02:00 12-01-2016
* ლიონელ მესიმ კარიერაში მეხუთედ მოიპოვა "ოქროს ბურთი"; აქედან მეოთხედ, რაც პრიზი ფიფას და "ფრანს ფუტბოლის" ერთობლივი ეგიდით გადაიცემა.
* მესიმ ხმების 41,33% მიიღო.
* უენდელ ლირა გახდა 2015 წლის საუკეთესო გოლის ავტორი.
* 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელი ლუის ენრიკეა (ბარსელონა).


11 იანვარს ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელეს. მთავარი პრიზი - "ოქროს ბურთი" აგერ, უკვე მეხუთედ არგენტინელმა ლიონელ მესიმ დაიმსახურა.

არავისთვის აღარ იყო საიდუმლო, რომ "ოქროს ბურთს" ლიონელ მესი მოიგებდა, რომ მისი შანსები, სხვა ფინალისტებთან შედარებით, განუზომლად დიდი იყო. ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და "ფრანს ფუტბოლთან" ასოცირებულმა ჟურნალისტებმა უპირატესობა "ბარსელონას" ლიდერს მიანიჭეს.

მან ხმების 41,33% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ტიტულის შარშანდელი მფლობელი, "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც ხმების 27,76% მიიღო. ფინალისტთა მესამე წარმომადგენელმა, მესის თანაგუნდელმა ნეიმარ ჯუნიორმა მხოლოდ 7,86% მოაგროვა.

"ჩემთვის დიდი პატივია, ისევ დავბრუნდე აქ და კიდევ ერთხელ, მეხუთედ მივიღო პრიზი. პრიზი, რომელსაც შარშან მაყურებელთა დარბაზიდან ვუყურებდი, როგორ დაისაკუთრა კრიშტიანომ. საოცარია მართლა, ვერც კი ვიჯერებ, რომ ეს ჩემი მეხუთე "ოქროს ბურთია".

როცა ბავშვი ვიყავი, ამაზე ვერც კი ვიოცნებდი. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მე ამირჩია; ასევე, განსაკუთრებული მადლობა ჩემს თანაგუნდელებს "ბარსელონაში" და არგენტინის ნაკრებში. მინდა მადლობა ვუთხრა ფეხბურთს, რომელმაც ყველაფერი მომცა ცხოვრებაში", - განაცხადა 28 წლის ტრიუმფატორმა.

მესიმ პირველი "ოქროს ბურთი" ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, როცა ჯილდოს მხოლოდ "ფრანს ფუტბოლი" გასცემდა. 2010 წლიდან მოყოლებული, ფიფა და "ფრანს ფუტბოლი" გაერთიანებული ძალებით გადასცემენ ამ ჯილდოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე
ციურიხში საუკეთესო მწვრთნელიც დასახელდა, ის "ბარსელონას" თავკაცი ლუის ენრიკეა, რომელიც არ ესწრებოდა ცერემონიალს.

45 წლის სპეციალისტმა შარშან "ბარსელონას" 5 ტიტული მოუპოვა: კატალონიელებმა მოიგეს ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, კოპა დელ რეი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

მან აჯობა "ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლასა და ჩილეს ნაკრების დამრიგებელ ხორხე სამპაოლის.

საუკეთესო გოლი - ლირა
წლის საუკეთესო გოლზეც ლეო მესის გოლი აცხადებდა პრეტენზიას ("ბაიერნის" კარში), მაგრამ იმარჯვა ბრაზილიელი ფორვარდის, უენდელ ლირას გოლმა, მან ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი მიიღო 2015 წლის საუკეთესო გოლისთვის.

27 წლის ლირამ გოლი "გოიანეიზიას" შემადგენლობაში გაიტანა, ახლა ეს ფეხბურთელი უკვე "ვილა ნოვაში" ასპარეზობს.

ფინალისტი იყო ასევე "რომას" ნახევარმცველ ალესანდრო ფლორენცის გოლი "ბარსელონას" კარში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წლის სიმბოლური ნაკრები
საზეიმო საღამოზე წლის გუნდი დასახელდა, რომელშიც ყველაზე მეტი წარმომადგენელი (4-4) "ბარსელონასა" და "რეალს" ჰყავთ, თითო ფეხბურთელით წარდგნენ სიმბოლურში "პარი სენ-ჟერმენი", "იუვენტუსი" და "ბაიერნი".

სიმბოლური ნაკრები 2015:
მანუელ ნოიერი (ბაიერნი) 
დანი ალვეში (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), მარსელო (რეალი)
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), პოლ პოგბა (იუვენტუსი)
კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ნეიმარი (ბარსელონა).

ქალთა ფეხბურთი
"ჰიუსტონ დეშის" ნახევარმცველი კარლი ლოიდი (აშშ) გახდა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი. ამერიკელმა აჯობა იაპონელ აია მიამის და გერმანელ სელია შაშიჩს.

ქალთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ჯილ ელისი, ამერიკის ნაკრების თავკაცი, რომელმაც გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.

ბოიკოტი
ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებისა და კაპიტნების ხმებში ვერ ნახავთ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს და "სკუადრა აძურას" კაპიტნის, ჯანლუიჯი ბუფონის რჩეულებს.

მათ პროტესტის ნიშნად არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან ჯიჯი ბუფონი წლის საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტადაც არ შეიყვანეს. არადა, სიაში 23 ფეხბურთელი მოხვდა. შედეგად, მხოლოდ ერთმა იტალიელმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა - ჟურნალისტმა.

ფიფა/ფრანს ფუტბოლის ყველა გამარჯვებული
2010 ლიონელ მესი ანდრეს ინიესტა ჩავი
2011 ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდო ჩავი
2012 ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდო ანდრეს ინიესტა
2013 კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესი ფრანკ რიბერი
2014 კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესი მანუელ ნოიერი
2015 ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდო ნეიმარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"