დიკ ადვოკაატი კლუბს აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
გამოცდილმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა "სანდერლენდიდან" წასვლის მიზეზზე ისაუბრა და საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა.

ასევე, გაირკვა ისიც, რომ ადვოკაატი კარიერის დასრულებას და დასვენებას კი აპირებდა, მაგრამ ფეხბურთს ბოლომდე მაინც ვერ ელევა და ახლა რომელიმე ნაკრებში მუშაობა და თანაც, საფრანგეთის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს.

"გადაწყვეტილება ერთი კვირით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ კლუბში მთხოვეს, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩის ჩათვლით გავჩერებულიყავი. გადარჩენისთვის ბრძოლა საჩემო საქმიანობა არ არის. ჩავთვალე, რომ მოვიდა დრო, "სანდერლენდი" ვინმე სხვამ ჩაიბაროს.

მიუხედავად ამისა, არ ვნანობ, რომ ზაფხულში წასვლა
გადავიფიქრე და გუნდთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. უბრალოდ, ჩვენი შემადგენლობა სათანადოდ კარგი არ გახლდათ.

უფროსობას ესმოდა, რომ გაძლიერება გვჭირდებოდა, მაგრამ ჩემთვის არასოდეს არავის არ უთქვამს, რამდენის დახარჯვა შეგვეძლო. ხოლო, როდესაც "სანდერლენდის" დარი გუნდი ხარ და სხვებზე ნაკლები ფინანსური რესურსი გაქვს, ადრე თუ გვიან, მოსახდენი აუცილებლად მოხდება.

ასეთ სიტუაციაში მუშაობის არანაირი სურვილი აღარ მქონდა. კონტრაქტის გაწყვეტისას არავითარი კომპენსაცია არ მომითხოვია და არანაირი თანხა არ მიმიღია. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს აღარასოდეს გავწვრთნი, მაგრამ მშვენიერი იქნებოდა, რომელიმე ნაკრებს თუ დავეხმარებოდი ევრო 2016-ზე მოხვედრაში. ძალიან მინდა, ევროპის ჩემპიონატზე ვიმუშაო" - აღნიშნა ადვოკაატმა.

ვინ იცის, 68 წლის სპეციალისტი მშობლიური ქვეყნის ნაკრებს უმიზნებდეს. მართალია, ივლისში გუუს ჰიდინკი მოხსნეს და პოსტზე დანი ბლინდი დაინიშნა, მაგრამ სიტუაცია ვერც მან გამოასწორა და "ნარინჯისფერები" ევრო 2016-ის მიღმა დარჩენის პირას არიან.

ადვოკაატი ჰოლანდიის ნაკრებში ორ ეტაპად მუშაობდა ასისტენტის რანგში და ორ სხვადასხვა პერიოდში მთავარ მწვრთნელად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული