ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მილანს" უარი ვუთხარი

AutoSharing Option
მთელი ზაფხულის განმავლობაში და განსაკუთრებით, აგვისტოს დღეებში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხან სად გადაჰყავდათ, ხან სად.

თამამად შეგვეძლო ასეც გვეთქვა - ხან სად აბრუნებდნენ, ხან სადო... იბრას ხომ "მალმეში", "აიაქსში", "იუვენტუსში", "ინტერში", "ბარსელონასა" და "მილანში" აქვს ნათამაშები. მითქმა-მოთქმა მართლაც სერიოზული გახლდათ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, უმეტესი ცნობა სიცრუე და ჭორი გამოდგა.

სამაგიეროდ, "მილანს" მართლა სდომებია ზლატანის უკან მიხმობა და "სან სიროს" ბინადრები მას მშვენიერ შეთავაზებასაც უმზადებდნენ.

თან შეგვიძლია ისიც გავიხსენოთ, რომ "როსონერი", ალბათ, ერთადერთი გუნდია, საი
დანაც იბრაჰიმოვიჩი თავისით არ წასულა, ის გაუშვეს და გემახსოვრებათ, ნაწყენიც იყო. თუმცა 33 წლის თავდამსხმელმა, რომელიც 3 ოქტომბერს 34-ის ხდება, "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენა გადაწყვიტა.

"თავიდანვე ვთქვი, რომ პსჟ-ში ვრჩებოდი. აქ ბედნიერი ვარ. "მილანის" მხრიდან კონკრეტულ შემოთავაზებას მართლაც ჰქონდა ადგილი და "როსონერიმ" დიდი ინტერესი და ყურადღება გამოიჩინა. ეს, როგორც კომპლიმენტი და პოზიტიური ამბავი, ისე მივიღე. რადგან ჩემით კვლავაც დაინტერესებულნი არიან, ესე იგი, კარგად ვთამაშობ" - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

"აიაქსთან" ერთად "იბრაკადაბრა" ერთხელ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, "იუვენტუსთან" ერთად ორი (მერე ჩამორთმეული) სკუდეტო მოიგო, "ინტერთან" ერთად სერია A-ში 3-ჯერ გაჩემპიონდა, ერთხელაც "მილანში" იმარჯვა. "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაც მოიგო, ხოლო პსჟ-ის რიგებში საფრანგეთის მასშტაბით სამჯერ გაჩემპიონდა.

ის, ფაქტობრივად, ყოველ წელს იმ ქვეყნის ჩემპიონი ხდება, სადაც თამაშობს. აი, ევროტიტულები კი... ხომ არ მოვიდა ევროსარბიელზე წარმატების დროც?

პარიზელებიც რომ ძირითად აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთებენ, არახალია და ამის შესახებ პირდაპირაც განაცხადეს. ალბათ, იბრაჰიმოვიჩის გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, ამითაც იყო გამოწვეული, ის მინიმუმ, ერთხელაც შეეცდება ჩემპიონთა ლიგის მოგებას პსჟ-სთან ერთად. "მილანი" კი ამ სეზონში არც ერთ ევროტურნირზე არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული