ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 30 აგვისტო

AutoSharing Option
13:09 თომას მიულერი "მანჩესტერ იუნაიტედში" არ იქნება. "ვან გაალს ჩემთვის არ დაურეკავს. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე არაფერი ვიცი", - მკაფიოდ განაცხადა ნახევარმცველმა.

13:16 მუბარაკ ბუსუფას ტრანსფერი "ანდერლეხტში" ჩაიშალა, რადგან კლუბს არ მოეწონა ფეხბურთელის მოთხოვნები კონტრაქტის შესახებ.

13:33 "ზლატან იბრაჰიმოვიჩი პარიზში დარჩება. ეს თემა დახურულია", - განაცხადა "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ.

13:38 რას მოიმოქმედებს მოურინიო პრემიერლიგაში საშინელი სტარტის შემდეგ? "იმედია, ასეთი სტარტი არ გვიბიძგებს სატრანსფერო ბაზრისკენ. მე ეს არ მომწონს. კლუბის ხელმძღვანელობას ახალი სეზონისთვის პროექტი ჯერ კიდევ 21 აპრილს გადავეცი. ვერ ვიფიქრებდი,
თუ 30 აგვისტოს ვიტყოდი, რომ კიდევ რაღაც მინდა. ჩვენ ყველამ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ", - ამბობს პორტუგალიელი.

13:41 ამასობაში, "ჩელსი" არ კარგავს იმედს - "ევერტონიდან" გადაიბიროს ჯონ სტოუნზი.

13:45 ვრცელდება BFM TV-ის ინფორმაცია: შაბათს "ჩელსი" კონტაქტზე გავიდა პსჟ-სთან ცენტრალური მცველის, მარკინიოსის თაობაზე. "ლურჯებმა" 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ პარიზელებს ამ თანხადაც არ სურთ ბრაზილიელთან გამოთხოვება.

13:55 "ვალენსიის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა აიმენ აბდენურის შეძენის შესახებ. ესპანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მცველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადეს და 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი.

14:06 "ტოტონჰემი" ჩაერთო ალექს სონგისთვის ბრძოლაში, თუმცა კამერუნელი სათადარიგო ვარიანტია ლონდონელებისთვის. პრიორიტეტად რჩება ვიქტორ ვანიამა "საუთჰემპტონიდან". სხვათა შორის, Mirror-ის ინფორმაციით, ვანიამა 48 საათის განმავლობაში გახდება "ტოტენჰემის" ფეხბურთელი.

14:37 Daily Star-ის ინფორმაციით, "არსენალმა" ახალი ფორვარდი იპოვა ინგლისის პრემიერლიგაში. არსენ ვენგერის ყურადღება მიიპყრო რიად მაჰრეზმა, რომელმაც სასტარტო ოთხ ტურში ოთხი გოლი გაიტანა.

14:57 იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, რომ "ნაპოლი" სატრანსფერო ბაზრის ბოლოს დღეს "ტოტენჰემიდან" ნახევარმცველ მუსა დემბელეს გამოსყიდვას შეეცდება.

15:00 ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ "იუვენტუსმა" ახალი წინადადებით მიმართა ვიტსელის თაობაზე. თუმცა ლაპარაკია არა 35 მილიონ ევროზე, არამედ 25 მილიონზე.

15:14 ხუან კინტერო ახლოსაა "პორტუდან" "რენში" გადასასვლელად. Ouest-France-ის ინფორმაციით, კოლუმბიელის წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ საფრანგეთში მოლაპარაკებებისთვის.

15:18 "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან უნდა ფორვარდი. წერენ, რომ "წითელი ეშმაკები" მზად არიან 9.5 მილიონი ევრო გაიღონ ბაფეტიმბი გომისში.

15:29 პალმიერის ინფორმაციით, "იუვენტუსს" კონტაქტი ჰქონდა "რომასთან" ნაინგოლანის შეძენაზე. ტურინელებს ეს ფეხბურთელი პოგბას წასვლის შემთხვევისთვის სჭირდებათ.

15:42 გადაწყვეტილია კინგსლი კომანის "ბაიერნში" გადასვლა. Bild-ი წერს, რომ მიუნხენელები ორი წლის იჯარით აიყვანენ ფეხბურთელს და 21 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ეს იჯარა "ბაიერნს" 7 მილიონი ევრო უჯდება.

15:52 დანტე "ვოლფსბურგში" გადავიდა. ტრანსფერის თანხა არ სახელდება, მცველის კონტრაქტი "მგლებთან" კი სამწლიანია.

15:52 ასევ ველოდებით "ვოლფსბურგიდან" იულიან დრაქსლერის ტრანსფერის დადასტურებას. Sky Deutschland-ის ინფორმაციით, "მგლებმა" მოუგეს ეს ბრძოლა "იუვენტუსს". გადამწყვეტი აღმოჩნდა ფეხბურთელის სურვილი - ეთამაშა ბუნდესლიგაში და არა სერია A-ში.

16:00 ვიქტორ ვალდესის ტრანსფერი "ბეშიქთაშში" ჩაიშალა. AS-ის ინფორმაციით, ესპანელი მეკარე, უბრალოდ, არ ჩავიდა თურქეთში სამედიცინო შემოწმებაზე. არადა, არსებობდა მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება.

16:08 "მარსელმა" შესთავაზა "მანჩესტერ იუნატედს" მეკარეების გაცვლა - მანდანდა ვალდესის სანაცვლოდ, მაგრამ ეს გარიგებაც არ გამოვიდა.

16:10 "მილანი" და "ჯენოა" ამზადებენ გაცვლას. გენუაში იჯარის წესით გაემგზავრება სუსო, მილანში - დიეგო პეროტი.

16:18 "ტრაბზონის" ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ თურქულმა კლუბმა მოსკოვის "დინამოდან" შეიძინა მცველი დუგლასი და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა მას.

16:33 "ლივერპულმა" დაადასტურა ლაზარ მარკოვიჩის ერთწლიანი იჯარა "ფენერბაჰჩეში".

16:38 "ვოლფსბურგში", შესაძლოა, გადავიდეს დენის პრატი, - იტყობინება Kicker-ი. "ანდერლეხტიდან" ამ ფეხბურთელის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო ღირს.

16:50 "ნიუელს ოლდ ბოისის" ფორვარდი ესეკილ პონსე რომში ჩავიდა. ფეხბურთელი "რომაში" გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

16:53 ვედად იბიშევიჩი "ჰერტაში" გადავიდა, - იტყობინება "შტუტგარტის" ოფიციალური ვებგვერდი.

16:59 აქსელ ვიტცელი "ზენიტის" პრეზიდენტს შეხვდება, რათა მას "მილანში" გაშვება სთხოვოს.

17:05 კომანის გაშვების შემდეგ "იუვენტუსმა" გადაწყვიტა, შეინარჩუნოს ძაძა, რომლითაც "მარსელი" იყო დაინტერესებული.

17:08 ახლა "მარსელი" გადაერთო ალესანდრო მატრის იჯარის ვარიანტზე. 31 წლის იტალიელს "ვესტ ჰემიც" ეპატიჟება, მაგრამ ფორვარდს უფრო საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშის პესპექტივა ხიბლავს.

17:17 "სამპდორია", რომელიც ზამთარში იბრძოდა ვიქტორ იბარბოს ხელში ჩასაგდებად, კიდევ ერთხელ შეეცდება გარემარბის იჯარით აყვანას.

17:47 "რენის" ფეხბურთელი აბდულაიე დუკური "ვესტ ბრომვიჩს" აინტერესებს. ფრანგ ნახევარმცველში ინგლისელები 10 მილიონ ევროს იხდიან. ამ გარიგებაში ბევრი რამ დამოკიდებულია საიდო ბერაჰინოს გაყიდვაზე.

17:52 რაც შეეხება ბერაჰინოს, მისი ტრანსფერი ჯერ კიდევ შეიძლება შედგეს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე "ვესტ ბრომვიჩმა" უარი თქვა მის გაყიდვაზე. The Telegraph-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემს" აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ "ვესტ ბრომვიჩი" დაარწმუნოს.

18:08 "იუვენტუსი" და "მარსელი" ახლოს არიან ფეხბურთელების გაცვლასთან. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიაში გაემგზავრება მარიო ლემინი, საფრანგეთში - მაურისიო ისლა. ამ გარიგებაში ჩართული უნდა ყოფილიყო პაოლო დე ჩელიეც, მაგრამ მცველმა უარი განაცხადა "მარსელში" გადასვლაზე.

18:19 "ბეშიქთაში" ახლოს არის ობი მიკელის იჯარასთან, - ირწმუნება Fanatik-ი. ლუკას ლეივასა და იურაი კუცკას ჩაშლილი ტრანსფერების შემდეგ თურქები ნიგერიელზე გადაერთნენ.

18:28 გაეტან ბუსმანი "მეციდან" "მაინცში" გადავიდა. გარიგება ორწლიანია.

18:32 ჯანლუკა დი მარციო დარწმუნებულია, დრაქსლერი "ვოლფსბურგში" გადავა 36 მილიონ ევროდ. ეს ოთხი მილიონით მეტია, ვიდრე "იუვენტუსის" შეთავაზებული თანხა. დრაქსლერი "მგლებთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

18:44 პაიტიმ კასამიმ, შესაძლოა, "ოლიმპიაკოსი" დატოვოს, - წერს დი მარციო. ფეხბურთელის აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს "რომასთან". ასევე, შვეიცარიელს აქვს "ბაიერნის" ვარიანტი.

19:03 "პადერბორნმა" ოფიციალურად გამოაცხადა "დორტმუნდიდან" ოლივერ კორხის აყვანის შესახებ. ნახევარმცველი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

19:04 როგორც იქნა! კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიშია". გარიგების თანხა არ დასახელებულა, კონტრაქტი კი ექვსი წლით გაფორმდა. "მინდა ფეხბურთელის რანგში მაქსიმალურ დონეს მივაღწიო. ეს იმაში მდგომარეობს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ყველა კმაყოფილი უნდა იყოს ჩემით. ტიტულები მნიშვნელოვანია კლუბისთვის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის", - განუცხადა "სიტის" ოფიციალურ ვებგვერდს დე ბრუინმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბელგიელის შეძენას 58 მილიონი გირვანქა დასჭირდა. ეს არის პრემიერლიგის ისტორიაში მეორე ტრანსფერი თანხის ოდენობის მიხედვით.

19:26 "ჯენოას" ბლერიმ ჯემაილის იჯარის იმედი აქვს. Fotospor-ის ინფორმაციით, კლუბებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას - შვეიცარიელს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა.

19:46 "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის დე ხეას გასაყიდად, - იტყობინება The Telegraph-ი. ყველაფერი უახლოეს ერთ დღეში უნდა დასრულდეს.

20:21 Gazzetta ირწმუნება, რომ "რომა" დაინტერესებულია ერიკ ლამელას დაბრუნებით. უახლოეს პერიოდში ვალტერ საბატინი ლონდონში ჩავა "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებების გასამართავად.

20:36 ტონი პულისს "ვესტ ბრომვიჩში" ვიქტორ მოზესის ხილვა სურს. Sunday People-ის ინფორმაციით, კლუბი მზად არის ნიგერიელში 13.5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

20:57 "ლას პალმასმა" ოფიციალურად გამოაცხადა "რუბინთან" გარიგების თაობაზე. ესპანელებმა იჯარით აიყვანეს ნახევარმცველი მუბარაკ ვაკასო.

20:58 "რომამ" გადაიფიქრა "ჯენოაში" ხუან იტურბეს გაყიდვა.

21:00 "ვოლფსბურგმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ივან პერიშიჩი "ინტერში" გადადის სათამაშოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დანტეში 4.5 მლნ გადაიხადეს, დე ბრუინში 75 მლნ, პერიშიჩში 16 მლნ. რთული იყო ამეების გარკვევა?
შაკო
12:08 31-08-2015
0

სიახლეები პოპულარული