ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 3 აგვისტო

AutoSharing Option
13:08 Get French Football News-ი იტყობინება, რომ ანხელ დი მარია უკვე ყატარშია. იქ არგენტინელი პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

13:39 "მანჩესტერ სიტიმ", შესაძლოა, დაკარგოს ნიჭიერი იუნიორი. მარკოს ლოპესის კონტრაქტი ამ სეზონში იწურება და ფეხბურთელმა განაცხადა, რომ დატოვებს "იტიჰადს", თუ მთავარ გუნდში არ მიიღებს შანსს.

13:45 გასულ სეზონში ლოპესი იჯარით "ლილში" თამაშობდა, ამიტომაც რამდენიმე ფრანგული კლუბია დაინტერესებული 19 წლის ნახევარმცველით - "მონაკო", "ლიონი" და "მარსელი".

13:50 ჯერდან შაჩირიმ, შესაძლოა, "დორტმუნდში" ამოჰყოს თავი, - წერს "ბილდი".

13:56 შესაძლო გარიგების დეტალები ცნობილი არ არის,
მაგრამ წყარო ამტკიცებს, რომ შაჩირის მისვლის შემთხვევაში, "ბორუსიას" დატოვებს კუბა ბლაშჩიკოვსკი.

14:07 კევინ დე ბრუინს "ბაიერნის" ვარიანტი გამოუჩნდა, - იტყობინება "კიკერი". ბელგიელს ეს ვარიანტი ძალიან მოსწონს, მაგრამ ესმის, რომ "ვოლფსბურგი" მას ამ ზაფხულს არ გაუშვებს.

14:19 L’Equipe-ი წერს, რომ მატიო ვალბუენამ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "ლიონთან", რომელიც აგრძელებს მოლაპარაკებებს მოსკოვის "დინამოსთან".

14:24 "ბაიერნიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წასულ კლაუდიო პისაროს სამი ვარიანტი აქვს ბუნდესლიგაში. Neue Presse-ის ინფორმაციით, პერუელით დაინტერსებულნი არიან - "აუგსბურგი", "ჰამბურგი" და "ჰანოვერი".

14:31 "ვერდერი" დაინტერესებულია აშშ-ის ნაკრების ფორვარდით, აარონ იოჰანსონით. 24 წლის ფეხბურთელი უკვე მოელაპარაკა ბრემენელებს. ახლა საჭიროა "ალკმაართან" კომპრომისი.

14:42 "იუვენტუსს" "ბარსელონადან" ხავიერ მასკერანოს შეძენა უნდა. სამი ხედირას ტრავმამ აიძულა "ბებერი სინიორა", მაღალი დონის საყრდენი ნახევარმცველი ეძებოს.

14:55 Sport.es-მა აიტაცა ინფორმაცია, რომელიც ადრე Abola-მ გაავრცელა - "რეალი" არ აპირებს პეპესთან კონტრაქტის გაგრძელებას. პორტუგალიელთან ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლოს იწურება.

15:01 ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ "შალკე" დაინტერესდა "ინტერის" მცველით, დანილო დ'ამბროზიოთი. იტალიელებმა უარყვეს გერმანელების პირველი წინადადება, მაგრამ "შალკემ" 4 მილიონამდე გაზარდა თანხა.

15:06 თუმცა გელზენკირხენელთა შანსები მაინც მცირეა. რობერტო მანჩინი დ'ამბროზიოში ძირითადის მოთამაშეს ხედავს და არ უნდა მისი გაყიდვა.

15:11 დავიდე ასტორი ახლოსაა "ფიორენტინაში" გადასვლასთან. იმავე ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "რომას" მცველს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა.

15:13 ასევე ასრულებს თავის ტრანსფერს "ფიორენტინაში" "ბოტაფოგოს" 22 წლის ნახევარმცველი ჟილბერტო.

15:19 "რეალი" აქტიურობს ნიკოლას ოტამენდისთან და შკოდრან მუსტაფისთან დაკავშირებით. "მარკა" დარწმუნებულია, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი შეცვლის პეპეს, რომელსაც კონტრაქტს არ გაუგრძელებენ.

15:25 "ლიონის" პრეზიდენტმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი რაფაელი საფრანგეთში ჩავიდა სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

15:36 ლუდოვიკ ობრანიაკმა, შესაძლოა, "ვერდერი" "მიუნხენ 1860"-ით შეცვალოს, - წერს "კიკერი". კლუბებს შორის მოლაპარაკებები სრული სვლით მიმდინარეობს და ახლოსაა დასასრულთან.

15:43 სხვათა შორის, "ვერდერი" ასევე შეიძლება დატოვოს ელჯერო ელიამ. ჰოლანდიელის გადაბირება სურთ "ფეიენოორდსა" და "ოლიმპიაკოსს". აღვნიშნავთ, რომ ორივე ფეხბურთელმა გასული სეზონის ნაწილი იჯარით ითამაშა: ობრანიაკმა "რიზესფორში", ელიამ - "საუთჰემპტონში".

15:49 "მარკა" დარწმუნებულია, რომ ამ კვირის ბოლოს დავიდ დე ხეა "რეალის" მოთამაშე გახდება. ეს ინფორმაცია გაზეთის გარეკანზეა გამოტანილი.

16:18 გიოქჰან ინლერმა, შესაძლოა, "ლესტერში" გააგრძელოს კარიერა. ჯანლუკა დი მარციოს სიტყვებით, შვეიცარიელის აგენტი ინგლისში იმყოფება, სადაც "მელიებთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

16:24 ედუარდო ვარგასით დაინტერესებულია "მარსელი". ჩილელი ფორვარდის "ნაპოლიდან" შეძენას ითხოვს მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა, - წერს La Gazzetta dello Sport-ი.

16:27 ნ'გოლო კანტე "კანიდან" "ლესტერში" გადავიდა. ხელშეკრულება ოთხწლიანია.

16:35 რობერტო მანჩინიმ პირადად დაბლოკა გარი მედელის ტრანსფერი "ლივერპულში".

16:46 "ევერტონი" არ აპირებს სტოუნზის გაყიდვას, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" და "ჩელსიდან" დიდი ინტერესის მიუხედავად. "სტოუნზი ევროპის ერთ-ერთი უნიჭიერესი მცველია. "ევერტონი" კი დიდი კლუბია, რომელიც არ გაყიდის ფეხბურთელებს იმისთვის, რომ გადარჩეს. სტოუნზის კონტრაქტი 10 თვის შემდეგ არ მთავრდება, ასე რომ, მას "ევერტონში" ფანტასტიკური მომავალი ელოდება", - განუცხადა მარტინესმა "დეილი მეილს".

17:00 "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ უარყო ინტერესი ისკოსა და ოსკარის მიმართ. "ჩვენ გვჭირდება ნახევარმცველი განსაკუთრებული სპეციფიკური თვისებების გარეშე. ისკო და ოსკარი? მათ ვერ ვუწოდებ გამოჩენილ ფეხბურთელებს, მაგრამ ისინი გამოგვადგებოდნენ. ეს ორი ფეხბურთელი სხვა კლუბებს ეკუთვნის და არასოდეს გავიფორმებთ მათ", - ამბობს მაროტა Football Italia-სთან კომენტარში.

17:12 AS-ის ინფორმაციით, "რეალი" უკვე დაინტერესდა "ვალენსიის" ორი ცენტრალური მცველის - მუსტაფისა და ოტამენდის ფასით. "ღამურებმა" თითოეულში 50 მილიონი ევრო მოითხოვეს. "ვალენსია" დათმობაზე არ წავა, - დარწმუნებულია წყარო.

17:22 ადამა ტრაორე "ლივერპულში" ითამაშებს, - იტყობინება Barcastuff-ი. დღეს "ბარსელონას" მალელი ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

17:39 "ლივერპულის" იუნიორი შეი ოჯო, შესაძლოა, ერთწლიანი იჯარით გადავიდეს "ვულვერჰემპტონში", - იტყობინება Sky Sports-ი.

17:45 "გინგამმა" ოფიციალურად წარადგინა ჯიმი ბრიანი, რომელსაც წარუმატებელი ერთი წელი ჰქონდა "ჰანოვერში". 29 წლის ნახევარმცველთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

17:59 დავიდ ლუიშის მომავალი უკვე გარკვეულია. "ხუთი-ექვსი წლის შემდეგ MLS მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ლიგა იქნება. შეხედეთ, რა დონის ფეხბურთელებს იწვევენ იქ. ვფიქრობ, მომავალში მეც შეიძლება იქ აღმოვჩნდე. ამერიკაში ფეხბურთი მოსწონთ, სტადიონები ბოლომდე სავსეა", - განაცხადა ბრაზილიელმა GQ-სთან ინტერვიუში.

18:04 მატიას ალმეიდა ტოვებს "ბანფილდს". მწვრთნელი სუსტი შედეგებისთვის გაათავისუფლეს - 11 მატჩში ორი მოგება.

18:38 ბერლინის "ჰერტას" კაპიტანმა პეტერ ნიმაიერმა კონტრაქტი გააფორმა "დარმშტადტთან". 31 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი სამწლიანია.

18:43 არსენ ვენგერმა უარყო ჭორები "არსენალში" ქარიმ ბენზემას გადასვლის შესახებ. "ეს არ არის მართალი. ჩემთვის გაუგებარია, რას წერს ესპანური პრესა", - განაცხადა ფრანგმა.

18:59 AS იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები ესპანეთში გაემგზავრნენ პედროს ტრანსფერის დასასრულებლად. ინგლისელები შეეცდებიან, ოდნავ დააგდებინონ იმ თანხის ოდენობა (30 მილიონი ევრო), რომელსაც "ბარსელონა" ითხოვს.

19:06 L`Equipe-ი წერს, რომ რაფაელის გარდა, "ლიონში" გადადის "მალაგას" ფეხბურთელი სერხი დარდერა. საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონს ორივე ფეხბურთელი 8 მილიონი ევრო უჯდება.

19:11 ანტოლინ ალკასარი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში "ევერტონში" მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა, თავისუფალია. 33 წლის მცველმა "1+1" სისტემით გააფორმა კონტრაქტი "ლას პალმასთან".

19:17 იოან ბენალუანი ოფიციალურად წარადგინეს "ლესტერის" მოთამაშის რანგში. ალჟირელის ბოლო კლუბი იყო "ატლანტა".

19:21 სანდო წყარო იტყობინება, რომ პედროს ტრანსფერი, პრაქტიკულად, დასრულებულია. დარჩა მხოლოდ დეტალები.

19:46 "ვალენსიის" ნახევარმცველი ფედერიკო კარტაბია იჯარით "დეპორტივოში" გადავიდა. 22 წლის არგენტინელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება.

20:04 "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესს გამოთქვამენ "ბენფიკას" 15 წლის მეკარით, ჟოაო ვირჟინიათი.

20:24 მარსელო ბიელსამ "მარსელის" ხელმძღვანელობას დაუკვეთა "ნიუელს ოლდ ბოისიდან" მილტონ კასკოს შეძენა, - წერს L`Equipe-ი.

20:34 "ვესტ ჰემი" ახლოსაა მადრიდის "ატლეტიკოდან" რაულ ხიმენესის გადაბირებასთან. ახლა ინგლისური კლუბი მუშაობს მექსიკელის სამუშაო ვიზაზე, - წერს The Telegraph-ი.

20:39 "რობერტო სოლდადო - გუნდის ნაწილია და ის შედის მომავალ სეზონში ჩემს გეგმებში", - განაცხადა "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ.

20:47 მაქს გრადელი "ბორნმუთში" ითამაშებს. Sky Sports-ის ცნობით, კოტდივუარელმა წარმატებით გაიარა ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება, თუმცა უცნობია, რა თანხას მიიღებს თავის მოთამაშეში "სენტ ეტიენი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული