"რეალმა" აზიის საერთაშორისო ჩემპიონთა თასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი, ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, ავსტრალიასა და აზიაში იმართება. მადრიდის "რეალმა" ავსტრალიური "ტიტული" მოიგო და ახლა ჩინურ შანხაიში "მილანს" 0:0 დაუზავდა, მაგრამ პენალტების სერიაში 10:9 სძლია, ტურნირის აზიური ნაწილიც მოიგო. გამოდის, რომ რაფა ბენიტესმა უკვე ორი ტიტული შეაგროვა, ორივე ნახევრად სერიოზული.

შანხაიში ნახევრად ამხანაგური მატჩი "რეალსა" და "მილანს" შორის დაძაბული გამოდგა. თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა გოლი არ გასულა, რის შემდეგაც გუნდებმა თერთმეტმეტრიანები დაარტყეს და უფრო ზუსტნი ესპანელები გამოდგნენ.

საგულისხმოა, რომ მილანელთაგან საბედისწერო პენალტი მეკარე დონარუმამ გააცუდა, იქამდე კი
თითო დარტყმა კარლოს ბაკამ და ტონი კროოსმა გააფუჭეს.

რეალი-მილანი 0:0 (პენ 10:9)
რეალი (4-2-3-1): ნავასი (46. კასილია) - დანილო (71. კარვახალი), პეპე (71. ნაჩო), ვარანი (46. ს. რამოსი), არბელოა (71. მარსელო) - კაზემირო, მოდრიჩი (46. კროოსი) - ვასკესი (46. ისკო), ბეილი (72. ჩერიშევი), რონალდო (71. ხამესი) - ბენზემა (46. ხესე)
მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი (74. დონარუმა) - დე შილიო (74. კალაბრია), ალექსი (46. მექსე - 90. მატრი), ელი (46. საპატა), ანტონელი (73. პალეტა) - პოლი (46. მონტოლივო), დე იონგი, ბერტოლაჩი (46. მაური) - სუსო (46. ჰონდა) - ჩერჩი (46. ლუის ადრიანო), ნიანგი (46. ბაკა)

თ მ მ/ო წ/ო წ ბ ქ
1. რეალი 2 1 1 0 0 4-0 5
2. მილანი 2 1 0 1 0 1-1 4
3. ინტერი 2 0 0 0 2 0-4 0

* * *
"მილანის" მზადების პროცესს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გამოეხმაურა და ჟურნალისტთა რამდენიმე კითხვას უპასუხა.

- კმაყოფილი ხართ გუნდის მოსამზადებელი ციკლით?
- მთავარია, მწვრთნელი იყოს კმაყოფილი და, როგორც ვიცი, ეს ასეც არის. გუნდი ნაყოფიერად ემზადება, სპარინგ-მატჩებს ატარებს და ყველაფერი რიგზეა. ახალი ფეხბურთელები შემოგვიერთდნენ და მზადება სრული სვლით მიმდინარეობს.

- საკმარისად გაძლიერდა გუნდი საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს?
- გუნდის გაძლიერება მიმდინარეობს და კიდევ დავიმატებთ ფეხბურთელებს. თუმცა, დღეს უკვე გაცილებით ძლიერი გუნდი გვყავს, ვიდრე გასულ სეზონში. ვფიქრობ, რომ ჩვენი თავდასხმა გაცილებით სახიფათო იქნება, ნახევარდაცვა - უფრო მობილური და დაცვა - საიმედო.

- ბევრი ამბობს, რომ ტრანსფერებზე მუშაობისას ის ალღო დაკარგეთ, რაც ყოველთვის გქონდათ...
- "მილანში" ბევრი წარმატებული ტრანსფერი გავჩარხე, თუმცა იყო დიდი შეცდომებიც და ამისგან დაზღვეული არავინაა. მაგალითად, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ანდრეა პირლოს გაშვება იყო და ეს უნდა ვაღიარო. არ უნდა დამეშვა პირლოს წასვლა, მაგრამ ეს ვერ შევძელი.

- სინიშა მიხაილოვიჩზე რას იტყვით?
- მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ "მილანს" ძველი დიდება დაუბრუნოს. მიხაილოვიჩი ფაბიო კაპელოს მაგონებს და იმედი მაქვს, რომ მასსავით წარმატებული იქნება. სინიშას მძიმე ვარჯიშები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგს გამოიღებს.

- რას ეტყვით სეზონის წინ "მილანის" გულშემატკივრებს?
- გავავსოთ "სან სირო" და ვუგულშემატკივროთ ჩვენს საყვარელ გუნდს. "მილანი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს, ამისთვის კი ერთ მუშტად შეკვრაა საჭირო.

კიდევ ერთი მცდელობა
ამასობაში, "მილანს" კიდევ ერთი მცდელობა აქვს აქსელ ვიტსელის გადასაბირებლად, რომელიც ჯერ კიდევ "ზენიტშია" და მისი რუსული კლუბიდან აბარგებას არ დაადგა საშველი. ბოლო ინფორმაციით, ლომბარდიელები მზად არიან 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადონ და სიტყვა უკვე რუსებზეა.

აქამდე "ზენიტის" მესვეურები 30 მილიონ ევროს ფასს არ უცვლიდნენ და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამჯერად. ფაქტია, რომ "მილანს" ნახევარდაცვის გაძლიერება სჭირდება და მხოლოდ ანდრეა ბერტოლაჩის გადაბირება დიდი ვერაფერი შედეგია. ამიტომ "როსონერის" მესვეურები აგრძელებენ აქტიურობას სატრანსფერო ბაზარზე და ვიტსელს თავს არ ანებებენ. გალიანიმ ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი:

"აქსელ ვიტსელის, ზლატანის იბრაჰიმოვიჩის და ალესიო რომანიოლის გადაბირება ნამდვილად გვინდა, მაგრამ ეს რთული ამოცანაა და უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მზად ვართ გავიღოთ თანხები, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და უაზროდ ვერ გავფლანგავთ ფულს. თუ კლუბები ჩვენს წინადადებებს მიიღებენ, ტრანსფერები შედგება. ნებისმიერ შემთხვევაში, "მილანი" გაძლიერდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მილანის გაძლიერება ევროპულ და პირველ რიგში იტალიურ ფეხბურთს ძალიან წაადგება
galski
15:40 31-07-2015
0
მილანის გაძლიერება ევროპულ და პირველ რიგში იტალიურ ფეხბურთს ძალიან წაადგება
galski
15:40 31-07-2015
0

სიახლეები პოპულარული