საერთაშორისო ჩემპიონთა თასი (ამერიკა): თასი "პარი სენ ჟერმენისაა"

AutoSharing Option
AUTO PLAY
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ნახევრად ოფიციალური ტურნირია, რომლის გამარჯვებულიც ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" გახდა. მართალია, ტურნირის ბოლომდე კიდევ ორი მატჩია, მაგრამ პსჟ-ს ვეღარ დაეწევიან. თავის მხრივ, პსჟ-მ "ნიუ იორკ რედ ბულსს" მხოლოდ მეტი გოლის წყალობით აჯობა.

ლორან ბლანის შეგირდებმა 4-დან 3 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ერთი დათმეს პენალტების სერიაში. ბუნებრივია, ცხრილსა და ქულებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება - გრანდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან.

ჩიკაგოს "სოლჯერ ფილდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარი სენ-ჟერმენი" შეებნენ ერთმანეთს. ინგლისელების შემადგენლობას ნამდვილად საბრძოლო ეთქმოდა.

პრინციპში, ოპტიმალური თერთმეტეულით გავიდა მინდორზე ლორან
ბლანიც, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კარში შეუცვლელად კევინ ტრაპი დააყენა, ძირითადში იყვნენ სერჟ ორიე, ბენჟამინ სტამბული და ჟან-კევინ აგუსტენიც. ლუი ვან გაალმა სასტარტოში გაამწესა ბასტიან შვაინშტაიგერი.

"მანჩესტერმა" უკეთ დაიწყო, მატა-რუნი-დეპაის სამეული კომბინაციებს ხლართავდა და მემფისს ერთხელ მშვენიერი შანსიც ჰქონდა. პარიზელებმა კი მეტოქის მცველებისა და დავიდ დე ხეას უყურადღებობით ისარგებლეს. ანგარიში ბლეზ მატუიდიმ გახსნა, რომელმაც ლუკას მოურას მშვენიერი პასის მერე შეაგდო. მერე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა მაქსველის ტრადიციული ფლანგური გარღვევისა და გამჭოლი პასის შემდეგ.

ვან გაალმა იანუზაი, ფელაინი, ერერა და უილსონი დაასვენა. ჩიჩარიტო საერთოდ არ იყო განაცხადში. სამაგიეროდ, შეცვლაზე კიდევ ერთი ახალი სახე გამოიყვანა - 19 წლის ნახევარმცველი შონ გოსი. "წითელმა ეშმაკებმა" სურვილისა და მცდელობების მიუხედავად, ვერაფრის შეცვლა ვერ შეძლეს და ამხანაგურ ტურნირში პსჟ გაალიდერეს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით. დიახ, წავაგეთ, მაგრამ შესაძლოა, ეს უკეთესიც იყოს. წინა წელს ყველა ამხანაგური მოვიგეთ და პრემიერლიგის პირველ ტურში დავმარცხდით. ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ მაინც. პირველ ტაიმში ჩვენ უფრო მეტი სახიფათო მომენტი გვქონდა, მეტოქე კი მხოლოდ ჩვენივე შეცდომის მერე თუ ქმნიდა რამეს. როდესაც ინდივიდუალურად ცდები, ვეღარაფერს შეცვლი, ასეთი მომენტები მატჩის ბედს წყვეტს.

თუმცა დადებითიც ბევრი დავინახე ჩემი გუნდის თამაშში, თანაც ძლიერ მეტოქესთან და ზოგადად, წინასასეზონო პერიოდში მთავარი სწორედ თამაში და სხვადასხვა ნიუანსია და არა შედეგი. ამიტომაც უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე უკმაყოფილო, თორემ, ზოგადად, მოგება ყოველთვის სჯობს წაგებას. მაგალითად, "ბარსელონასთან" შეიძლებოდა მეტოქეს 0:2 წაეყვანა, მაგრამ ანგარიში ჩვენ გავხსენით და მოვიგეთ. როდესაც ორი ძლიერი გუნდი ხვდება, ვისაც პირველი გააქვს, ხშირად სწორედ ის იგებს ხოლმე" - თქვა ვან გაალმა.

ჰოლანდიელმა ისაუბრა იმაზეც, რომ დავიდ დე ხეას გარშემო არსებული მითქმა-მოთქმა და გაურკვევლობა ყველაზე ცუდად მოქმედებს და იმედია, ამ ყველაფერს წერტილი მალე დაესმებაო. მან ესპანელი პირველი ტაიმის მერე შეცვალა და 22 წლის სემ ჯონსტონი გამოუშვა, რომელმაც კარი მშრალად შეინახა. ჯონსტონი ამ მოსამზადებელ პერიოდში მწვრთნელმა გვარიანად დატვირთა. მოკლე კომენტარი გაკეთდა ანხელ დი მარიაზეც - წარმოდგენა არ მაქვს, სად არისო.

იბრაჰიმოვიჩი კი პრესას თავის მომავალზე უფრო ესაუბრა, ვიდრე მატჩზე: "მე პსჟ-სთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და აქ მომწონს. გუნდი უფრო და უფრო ძლიერდება და გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში. ასე რომ, ჯერჯერობით, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. რომელ გუნდში გადავალ? ეს სიურპრიზი იქნება, დიდი სიურპრიზი".

ლორან ბლანი კი ძალიან კმაყოფილი იყო და ამბობდა, ცხადია, ბოლომდე ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ვართ, მაგრამ ახალი სეზონისთვის კარგად მოვემზადეთ, ეს პერიოდი მშვენივრად გამოვიყენეთო.

მანჩესტერი-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 მატუიდი (25), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (34)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა (46. ჯონსტონი) - დარმიანი, ჯონსი (65. სმოლინგი), ბლინდი, შოუ (66. ვალენსია) - კერიკი (81. გოსი), შვაინშტაიგერი (46. შნედერლენი) - მატა (81. ლინგარდი), დეპაი, ე. იანგი (46. პერეირა) - რუნი
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი (46. დ. ლუისი), ორიე (46. კავანი), ტ. სილვა (62. საბალი), მაქსველი (46. მარკინიოსი) - ვერატი (62. რაბიო), სტამბული (70. ნკუნკუ), მატუიდი (71. კიმპემბე) - აგუსტენი (46. დინი), იბრაჰიმოვიჩი (70. ბაებეკი), ლუკასი (70. ონგენდა)

თ მ მ/ო. ფ წ/ო. წ ბ ქ
1. პსჟ 4 3 0 0 1 0 10-5 10
2. რედ ბულსი 4 3 0 1 0 0 9-4 10
3. მანჩესტერი 4 3 0 0 0 1 7-4 9
4. გელექსი 4 2 0 1 0 1 9-6 7
5. ბარსელონა 3 1 0 0 1 1 5-6 4
6. ჩელსი 3 0 2 0 0 1 5-7 4
7. ამერიკა 4 1 0 0 1 2 3-4 4
8. ბენფიკა 4 0 1 0 1 2 3-5 3
9. ფიორენტინა 2 0 1 0 0 1 2-4 2
10. სან ხოსე 4 0 0 0 0 4 4-12 0

შენიშვნა: მ.ო. - მოგება ოვერტაიმში (პენალტებით) - 2 ქულა; წ.ო. - წაგება ოვერტაიმში - 1 ქულა.

ბომბარდირები: 4 - რობი კინი (ლოს ანჯელეს გელექსი); 3 - ჟან-კევინ აგუსტენი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ).

2 აგვისტო
ფიორენტინა-ბარსელონა

5 აგვისტო
ჩელსი-ფიორენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული