ტრიუმფატორი მწვრთნელი ჟურნალისტის ცემისთვის გაუშვეს

AutoSharing Option
"ოქროს თასის" მოგების შემდეგ მექსიკური ფეხბურთის მამებმა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიგელ ერერა დაითხოვეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ექსცენტრიკული სპეციალისტი "TV აცტეკას" ჟურნალისტ კრისტიან მარტინოლის ეჩხუბა.

მარტინოლი მას გაუთავებლად აკრიტიკებდა და გაბრაზებულმა ერერამ ფილადელფიის აეროპორტში ჟურნალისტს ზურგში ხელი ჩაარტყა და ხელი ჰკრა, როდესაც ის ფეხბურთელებთან გასაუბრებას ცდილობდა. ამბობენ, ამის შემდეგ ერერა მარტინოლისკენ საჩხუბრად იწევდაო.

"დიახ, მას ხელი ვკარი, ჩვენ ვკამათობდით და თავი ვერ მოვთოკე" - აღიარა ერერამ.

კრისტიან მარტინოლი: "მას არ შევხედე და ჩავუარე, რათა ნებისმიერი სახის პროვოკაცია და გაუგებრობა
ამეცილებინა თავიდან. ამ დროს უცებ ზურგში ტკივილი ვიგრძენი. მივხვდი, რომ ვიღაცამ ჩამარტყა.

მოვტრიალდი და დავინახე, რომ შეშლილ კაცს აკავებდნენ, რომელიც ხელ-ფეხს იქნევდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. ეს ერერა გახლდათ. ყველას თავისი ვერსია აქვს და შეიძლება ეს უარყონ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო".

"TV აცტეკას" განცხადება: "ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საქციელი გვაშფოთებს და გვაშინებს. ეს დაუშვებელია. ჩვენს ქვეყანას კრისტიან მარტინოლის მსგავსი მამაცი ჟურნალისტები სჭირდება. ჟურნალისტებს საკუთარი აზრის დაფიქსირება თავისუფლად უნდა შეეძლოთ და ამისი არ ეშინოდეთ. მექსიკას სჭირდება თავისუფლება, მეტი დისკუსია და ნაკლები ძალადობა".

"მას მერე, რაც ფედერაციაში ჩემს კოლეგებს გავესაუბრე და ყველას აზრი მოვისმინე, მივიღე გადაწყვეტილება მიგელ ერერას პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ სწორია. მატჩი მინდვრის მიღმაც გრძელდება და საჯარო პირმა ეს უნდა გაითვალისწინოს და შესაბამისად იქცეოდეს. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ნაკრების სახე და ჩვენი ღირებულებები ყველაზე მნიშვნელოვანია" - აღნიშნა მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის თავმა დესიო დე მარიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული