ის თურქეთშიც უნდა გაფრინდეს! - რატომ წავიდა რობინ ვან პერსი "ფენერბაჰჩეში"

AutoSharing Option
31 წლის ასაკში რობინ ვან პერსი, ჰოლანდიის ნაკრების ლიდერთაგანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი თურქულ "ფენერბაჰჩეში" გადავიდა.

თურქეთში ბოლო დრომდე ფეხბურთელები, ძირითადად, სოლიდურ ასაკში მიდიოდნენ. ვან პერსი ჯერ არ დაბერებულა. მას ჯერ კიდევ შეუძლია, გაფრინდეს.

რატომ "ფენერბაჰჩე"?
რა თქმა უნდა, სტამბოლელთა წინადადება ფინანსური თვალსაზრისით უაღრესად მიმზიდველი იყო, თუმცა რობინს თურქული არჩევანი მხოლოდ ფულის გამო არ გაუკეთებია. "ფენერის" ხელმძღვანელობამ დაარწმუნა ის, რომ სერიოზული გუნდის გაკეთებას აპირებს, რომლის მიზანიც მილიონების გათეთრება კი არა, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში იქნება.

თუ გადავხედავთ "ფენერის" შემადგენლობას, დავრწმუნდებით,
რომ ჩვენი სიტყვები უტოპია სულაც არ არის. ამ დროისათვის თურქულ გრანდში ირიცხებიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ლუიშ ნანი, სიმონ კიაერი, რაულ მეირელეში და სხვები.

ტენდენციამაც იმოქმედა
ევროპული საკლუბო ფეხბურთი ახლა ფინანსურ კრიზისშია. თუ არ ჩავთვლით გრანდებს, თითქმის ყველა კლუბი ერიდება მილიონების ძველებურად ხარჯვას.

ამ დროს თურქებმა თავი გამოიდეს და რამდენიმე ვარსკვლავთან ერთად ისეთი ფეხბურთელებიც იყიდეს, ჩემპიონატის დონეს მაღლა რომ ასწევენ.

ვან პერსის გარდა, თურქულ სუპერლიგაში ითამაშებენ ლუკას პოდოლსკი, სამუელ ეტო'ო, ნანი და სხვა ვარსკვლავები. იქაური ჩემპიონატი უკეთესი იქნება, ვიდრე ადრე.

აღარავინ იტყვის, რომ იქ ფეხბურთელები მხოლოდ პენსიაზე გასვლისათვის მოსამზადებლად და ფულის საკეთებლად ჩადიან.

"მანჩესტერის" მოტივები
თუ არ ჩავთვლით წინა სეზონს, როცა ჰოლანდიელი ცალკე ტრავმების გამო დაიტანჯა და ცალკე ცუდი სათამაშო ფორმის გამო, ის "იუნაიტედის" ლიდერი იყო. მაშ, რატომ გადაწყვიტა ინგლისურმა გრანდმა ვან პერსისთან განშორება?

ეს მით უფრო საკვირველია იმ პირობებში, რომ ინგლისურ კლუბს ლუი ვან გაალი წვრთნის, სპეციალისტი, რომლის ხელმძღვანელობითაც რობინს არაერთი დიდებული მატჩი ჩაუტარებია ჰოლანდიის ნაკრებში. რაღა შორს წავიდეთ, 2014 წლის ბრაზილიური მუნდიალი გავიხსენოთ...

ვან გაალმა ნახა, რომ ვან პერსიმ ფორმა დაკარგა. ჰოლანდიელს ახლა სენტიმენტებისათვის არ სცალია. "იუნაიტედში" პირველმა სეზონმა ჩაიარა და იმაზე მეტი კრიტიკა მოიტანა, ვიდრე ჰოლანდიელს ეგონა.

"იუნაიტედი" ძლივს გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და საჩემპიონო ბრძოლაში ვერ ჩაება. კარსმომდგარ სეზონში ვან გაალს იმავეს არ აპატიებენ. ვეტერან დამრიგებელს კი შერცხვენა არ უნდა და ეს სრულიად ბუნებრივია.

არის ორი ვარიანტი. პირველი: ვან პერსის გაშვების შემდეგ "მანჩესტერი" ახალ ფორვარდს იყიდის. რა თქმა უნდა, ის მსოფლიო დონის თავდამსხმელი იქნება. როგორც ამბობენ, არგენტინის ნაკრების შემტევი გონსალო იგუაინი ძალიან ახლოსაა ინგლისურ გრანდში გადასვლასთან.

მეორე: უეინ რუნი ამიერიდან ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს (ეს შეიძლება პირველ შემთხვევაშიც მოხდეს). გულშემატკივრები გამუდმებით სთხოვენ ვან გაალს რუნის ასე გამოყენებას.

გასულ სეზონში ჰოლანდიელმა ამ სვლას მხოლოდ რამდენჯერმე მიმართა.

რატომ აღმოჩნდა ვან პერსი ზედმეტი?
ვან გაალმა ამას თავისი სატრანსფერო პოლიტიკით შეუწყო ხელი. ეშმაკმა ჰოლანდიელმა ხვანჯები ისე დახლართა, რომ ფორვარდი ჯერ არ უყიდია, ვან პერსი კი მაინც ზედმეტი აღმოჩნდა.

ვან გაალმა გაამაგრა მინდვრის ცენტრი, "იუნაიტედის" ყველაზე სუსტი რგოლი დაცვასთან ერთად. ბასტიან შვაინშტაიგერმა და მორგან შნაიდერლენმა, ამ ორმა შესანიშნავმა ფეხბურთელმა, სრულად უნდა შეძლოს მისი კონტროლი.

იქ უეინ რუნი აღარავის სჭირდება, რუნიმ ზემოთ უნდა აიწიოს. იქ უეინი ვან პერსის ადგილს ვერ დაიკავებდა. ორი ფეხბურთელი ერთ ადგილას ვერ ითამაშებდა და ვან გაალმაც ვან პერსის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

არადა, ყველაფერი სხვანაირად იწყებოდა. როცა ვან გაალი "იუნაიტედში" მივიდა, ინგლისურმა საინფორმაციო საშუალებებმა წამსვე გამოაცხადეს, რომ საყვარელი ჰოლანდიელი მოძღვრის ხელში "მანჩესტერს" რობინ ვან პერსი უკაპიტნებდა. კაპიტნობას ვინ ჩივის, ვან პერსი საკუთარი თავის აჩრდილს დაემსგავსა.

არის კიდევ ერთი დეტალი, რაც ინგლისური კლუბის ქომაგების გულისწყრომას იმსახურებს. საქმე ისაა, რომ ვან პერსის მთელ რიგ შეხვედრებში მონდომება აკლდა. შეიძლება მას მეტი არც შეეძლო, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი, უბრალოდ, არ იბრძოდა.

ასეა თუ ისე, "მფრინავი ჰოლანდიელის" კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" შედგა და გუნდის თითოეული გულშემატკივარი მადლობელი უნდა იყოს იმისათვის, რაც რობინმა "წითელი ეშმაკებისათვის" გააკეთა.

რა დაკარგა პრემიერლიგამ?
ამას მაშინ უფრო მივხვდებით, როცა ინგლისური სეზონი დაიწყება. ახლა მხოლოდ ემოციებზე აყოლით შეგვიძლია დავწეროთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ლიგამ დიდი, დიდზე დიდი დანაკლისი განიცადა.

ვან პერსიმ იცის გოლების გატანა. ეს ბევრმა იცის. ჰოლანდიელის უპირატესობა ის არის, რომ ხშირად და ძალიან ლამაზად აკეთებს ამას. ვან პერსიმ იცის კაცის მოტყუება და კარგი პასი. საერთოდ, მან ყველაფერი იცის, რაც ფეხბურთელმა უნდა იცოდეს.

რა თქმა უნდა, პრემიერლიგას არ აკლია ვარსკვლავები, მაგრამ ვან პერსის დონის ფეხბურთელი იქ მაინც ცოტაა. ეს მაშინ, თუ ჰოლანდიელი ხასიათზეა და ტრავმებთან ერთად საკუთარ თავს არ ებრძვის.

გაგიკვირდებათ და, ინგლისური მედია იმასაც ვარაუდობს, რომ ვან პერსიმ გასული სეზონის დიდი წილი სპეციალურად ჩააგდო. კერძოდ, ის მიხვდა, რომ ვან გაალი მას კარგი თვალით არ უცქერდა და გუნდიდან გაშვებას უპირებდა.

თურქული პერსპექტივა
ამ შემადგენლობით "ფენერბაჰჩე" თურქეთის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი იქნება "გალათასარაისთან" და "ბეშიქთაშთან" ერთად. ჰილანდიელი შემტევი კვლავ ისეთ გუნდში იითამაშებს, როგორში გარჯასაც, აგერ, რა ხანია, მიეჩვია.

ვან პერსი წავიდა კლუბში, რომელიც ტიტულებზე ინადირებს. სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან ის წლების განმავლობაში ჯილდოების მოგებას მიეჩვია.

"ფენერს" ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ განვიხილავთ აუტსაიდერად. გუნდს ჰყავს კარგად დაბალანსებული შემადგენლობა და შეიძლება ევროპის საკლუბო ტურნირების დაწყებამდე კიდევ გაძლიერდეს.

"ფენერბაჰჩეს" თავისუფლად შეუძლია ჯგუფური ბარიერის დაძლევა, მერე კი შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

სად აქვთ თვალები?
სად აქვთ თვალები სხვა ინგლისურ კლუბებს? რატომ გაუშვეს თურქეთში ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო ძალიან ბევრი გოლის გატანა? რას აკეთებდა ვან პერსის ყოფილი კლუბი "არსენალი"? ამ გუნდს ხომ სწორედ ვან პერსის სტილის ფორვარდი სჭირდება.

არსენ ვენგერს მართლაც ძალიან გამოადგებოდა მისი ყოფილი ჯილა. საფიქრებელია, რომ ფრანგი ძველ წყენას ვერ გადაახტა. ფეხბურთში ხდება ასეთი რამეები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დძალიან კარგი ფეხბურთელი
soso
18:11 16-07-2015
0
უმაგრესი ფეხბურთელი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული