ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 5 ივლისი

AutoSharing Option
ფოტოზე: ემირ სპაჰიჩი
13:07 The Telegraph-ი წერს, რომ "მანჩესტერ სიტიმ", შესაძლოა, 70 მილიონ ევროდ გამოისყიდოს კევინ დე ბრუინი. "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი შვებულებიდან ბრუნდება და აგრძელებს მოლაპარაკებებს ახალ კონტრაქტზე გერმანულ კლუბთან.

13:12 "ჩელსის" ნახევარმცველი ხუან კუადრადო, შესაძლოა, "იუვენტუსში" წავიდეს სათამაშოდ. კლუბის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ "იუვეს" ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს. "ორი წინადადება გავგზავნეთ "ჩელსიში", ერთი პირადად ჟოზე მოურინიოს სახელზე. მოხარულები ვიქნებით, თუ კუადრადოს დაგვითმობენ", - განაცხადა მაროტამ.

13:43 "ატლეტიკომ" წინადადებით მიმართა "ბარსელონას" პედრო როდრიგესის თაობაზე, მაგრამ ფეხბურთელმა უარი განაცხადა
მადრიდში გამგზავრებაზე. AS წერს, რომ თუ პედრო წავა "ბარსელონადან", მხოლოდ საზღვარგარეთ - "არსენალი" და "ლივერპული" ყურადღებით არიან.

13:51 The Daily Express-მა ლუკას პოდოლსკის შემცვლელი მოუნახა "არსენალში". ამბობენ, რომ არსენ ვენგერს სურს გასული სეზონის სტარტზე "ბარსელონას" 19 წლის სენსაციის, მუნირ ელ-ჰადადის შეძენა.

13:55 "ჰოფენჰაიმის" ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, რომ გერმანული კლუბი მოელაპარაკა "ჰერენვეენს" 23 წლის ფორვარდის, მარკ-ალექსანდრ უტის ტრანსფერზე. ფეხბურთელმა უკვე გააფორმა კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე. გასულ სეზონში "ჰერენვეენის" რიგებში ჩატარებულ 37 ოფიციალურ მატჩში უტმა 20 გოლი გაიტანა.

14:01 იოან კაბაი, შესაძლოა, პარიზიდან ინგლისში დაბრუნდეს. მისი გადაბირება სურს "კრისტალ პალასს". ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დაადასტურა კლუბის ხელმძღვანელობამ. "კაბაი ნამდვილად ერთ-ერთია იმათგან, ვისი ხილვაც გვსურს გუნდში, - ამბობს კლუბის ერთ-ერთი მფლობელი სტივ პერიში. - ეს იქნება ერთ-ერთი დიდი ტრანსფერი "პალასის" ისტორიაში. იოანი გამოცდილი მებრძოლი და ნაკრების მოთამაშეა".

14:24 სერბი ნახევარმცველი მილოშ იოიჩი დორტმუნდის "ბორუსიიდან" "კიოლნში" გადავიდა. "ბედნიერი ვარ, რომ იოიჩმა ჩვენთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, - განაცხადა "კიოლნის" მთავარმა მწვრთნელმა პეტერ შტიოგერმა. - ეჭვგარეშეა, მილოში ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება".

14:35 ჯორჯინიო ვეინალდუმი ინგლისის პრემიერლიგაში აპირებს თამაშს. მისი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს "სანდერლენდთან" და "ნიუკასლთან".

15:11 Sky Sports-მა საკუთარი წყარო მოიშველია და გამოაცხადა, რომ ჰარი კეინი არ წავა "მანჩესტერ იუნაიტედში".

15:15 "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრთა ლუიშ ნანი, რომელმაც გასული სეზონი "სპორტინგში" გაატარა, თურქეთში მიდის სათამაშოდ. "ფენერბაჰჩემ" დაადასტურა, რომ ფეხბურთელი თურქეთში სამედიცინო შემოწმებას გადის.

15:25 "ტოტენჰემი" არ დათმობს კეინს, სამაგიეროდ, გაიფორმებს ტობი ალდერვეირელდს. ბელგიელი მცველი "ატლეტიკოს" ეკუთვნის, გასულ სეზონში კი იჯარით "საუთჰემპტონში" ითამაშა.

15:34 L'Equipe-ი წერს, რომ პოლ პოგბა მაინც "ბარსელონაში" გადავა, ოღონდ ევრო 2016-ის შემდეგ. ფრანგი კიდევ ერთი წელი დარჩება "იუვენტუსში" და შემდეგ ესპანეთში გადაბარგდება.

15:47 "ანდერლეხტის" ახალგაზრდა ფორვარდმა ალექსანდრ მიტროვიჩმა იტალიიდან მიიღო შეთავაზება. "დიახ, მაქვს წინადადება "რომადან"; ვიცი, ძალიან არის დაინტერესებული "ბენფიკა", - განაცხადა 20 წლის სერბმა. - მალე ყველაფერს გაიგებთ. "რომა" შესანიშნავი გუნდია".

16:04 ბრაიან რუისი დათანხმდა "ფულჰემის" დატოვებას და ლისაბონის "სპორტინგთან" სამწლიან კონტრაქტს.

16:14 იმ დროს, როცა ყველას გადაწყვეტილი ეგონა ასმირ ბეგოვიჩის "ჩელსიში" ტრანსფერი, მეკარეზე პრეტენზია გამოაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედმა". ლუი ვან გაალი ბოსნიელში დავიდ დე ხეას შემცვლელს ხედავს.

16:40 "ლევერკუზენიდან" გაგდებული ბოსნიელი მცველი ემირ სპაჰიჩი ბუნდესლიგაში დარჩა და "ჰამბურგში" ითამაშებს. "სპაჰიჩის ტრანსფერით ჩვენი თამაში უკეთესი გახდება, ახალგაზრდები გამოცდილი მოთამაშისგან ბევრს ისწავლიან", - ბანალურად განაცხადა "ჰამბურგის" სპორტულმა დირექტორმა პეტერ კნაბელმა.

16:59 Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ფაბიო ბორინი "ლივერპულიდან" "ლაციოში" გადადის სათამაშოდ.

17:32 "ლივერპულმა" ლა-კორუნიის "დეპორტივოდან" 18 წლის ალან როდრიგეს დე სოუზა შეიძინა. ეს უცნობი ბიჭი 700 ათასი ევრო დაჯდა.

17:40 მარჯვენა მცველი ანდრეას ბეკი "ბეშიქთაშში" გადავიდა. ამ ფეხბურთელმა შვიდი წელი გაატარა "ჰოფენჰაიმში", თურქეთში კი 1.75 მილიონ ევროდ გაემგზავრა.

17:49 "აუგსბურგის" მარცხენა მცველი აბდულ რაჰმან ბაბა თითქმის "რომას" ფეხბურთელია. Sky Sport Italia-მ გადაწყვიტა, რომ რომაელთა სპორტული დირექტორი საბატინი უკვე მოელაპარაკა ფეხბურთელს და მას ხუთწლიანი კონტრაქტი (2.2 მილიონი სეზონში) შესთავაზა. "აუგსბურგი" ამ ტრანსფერიდან 18 მილიონ ევროს მიიღებს.

18:10 "ნიუკასლი" ფრანგულ ბაზარზე მუშაობს. ინგლისელებმა თითქმის იყიდეს "ბორდოდან" ურუგვაელი დიეგო როლანი, რომელიც 15 მილიონი ევრო ღირს.

18:36 მარიო გიოტცეს აგენტმა Bild-თან ინტერვიუში დაიჩივლა, რომ ნახევარმცველს "ბაიერნში" ავიწროებენ და მხარს არ უჭერენ. "რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი იქნება, რომ გიოტცეს უფრო მეტად დაუჭირონ მხარი, - ამბობს ფოლკერ სტრუტი. - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელი უფრო იოლად გამოავლენს პოტენციალს, თუ კლუბისგან მხარდაჭერას იგრძნობს".

18:50 კოპა ამერიკის გამარჯვებული მაურისიო ისლა "სევილიას" უახლოვდება. Marca და Gazzetta dello Sport-ი წერენ, რომ "იუვენტუსი" 8 მილიონ ევროს იხდის ჩილელში.

19:20 ჟოაო მოუტინიოსთვის ბრძოლაში ჩაერთო "ინტერი". პორტუგალიელი, შესაძლოა, მილანური კლუბის მეოთხე ახალწვეული გახდეს მირანდას, მონტოიას და კონდოგბიას შემდეგ.

19:52 არდა თურანს "ატლეტიკოში" ხოსე კალეხონი შეცვლის. "ნაპოლის" ნახევარმცველს სამშობლოში დაბრუნება სურს. "ატლეტიკო" მზად არის, 12 მილიონი ევრო გადაიხადოს, იტალიელები 16 მილიონს ითხოვენ.

20:15 ასიერ ილიარამენდის პირადად უთითებს კარისკენ "რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი. ფეხბურთელს წინადადებები აქვს ინგლისის პრემიერლიგიდან.

20:38 "შახტარს" მორიგი ბრაზილიელი ტოვებს. სულ ცოტაც და, ფერნანდო იტალიაში გადავა - "სამპდორია" ფეხბურთელში რვა მილიონ ევროს იხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული