ანტონიო კასანო - რთული ბიჭი ანუ, როცა არავის სჭირდები

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ჭირვეული და თვითმყოფადი ვარსკვლავი ანტონიო კასანო უგუნდოდ დარჩა. ეს მოხდა ზედ შუა სეზონში, მას შემდეგ, რაც ჩვენი გმირი სკანდალურად გაეყარა "პარმას"...

კასანომ იცის ფეხბურთის თამაში და ხალხის გახარება. მან იცის გოლები და იცის ფინტები. კასანო 33 წლის გახდება. ის უკვე ასაკში შედის და ყველამ იცის - ფინტებთან, გოლებთან და მეტოქის გაბითურებასთან ერთად მან გაუგონარი სიბრიყვეების ჩადენაც იცის...

დღევანდელ ფეხბურთში მორბენალი და წესიერი ჯეელები ურჩევნიათ. ამ მხრივ, ანტონიო არასოდეს ყოფილა სამაგალითო. უფრო პირიქით. ეს კია, რომ ფეხბურთს
განუმეორებელ მუღამს სძენენ მისი დარი რთული ბიჭები.

კასანოს სერია A-ში დარჩენა უნდა. მისი აყვანა იუარა "ინტერმა". "ტორინომ" სატრანსფერო ჭორები უარყო, მშობლიურ "ბარის" კი თავად ანტონიომ უთხრა უარი - მას ჯერ არ ეჩქარება პენსიაზე გასვლა.

კასანოს არასოდეს უყვარდა მათემატიკა. ის, შეიძლება, მუდამ თამაშობდა მეტოქისა და თუნდაც, საკუთარი ქომაგების ნერვებზე, მაგრამ ფულისთვის არასოდეს უთამაშია. "პარმადან" მისი წასვლის მიზეზი სწორედ ფული გახდა - კლუბის შეფობა ფეხბურთელებს დღენიადაგ ატყუებდა. კასანოს ფული არ უნდოდა. ბარელ ქუჩის ბიჭს ტყუილები მოსწყინდა და მაგრად აუშვა აფრები - აფერისტ შეფობას შეება...

"მე მესმის კასანოსი. მას აღარ უნდოდა "პარმაში" თამაში, აღარ ჰქონდა მოტივაცია", - განაცხადა პარმელთა ნახევარმცველმა დანიელე გალოპამ. გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა კი "პარმას" სასამართლოში უჩივლა.

"ბარი - ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა, მე დავბადებულიყავი. მე არასოდეს გავყიდი სახლს სან ბარტოლომეოს ქუჩაზე. მეტიც - ძალიან მინდა, იქ ოდესმე დავბრუნდე და დავბრუნდე სამუდამოდ. ეს ჩემი ფესვებია, ჩემი სახლია", - წერს კასანო ავტობიოგრაფიულ წიგნში.

მოიცა, ანტონიო! შენ რთული და წინააღმდეგობებით სავსე ხარ. მაშ, თუ ეს ასე არ არის, რამ დაგაწერინა: "მინდა, კარიერა "სამპდორიაში" დავასრულო. ცხოვრებაში მთავარია, იპოვო ბედნიერება. მე ის გენუაში ვნახე. იქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ნამდვილი მეფე".

ან, ეს:
"მილანი" მსოფლიოს უდიდესი კლუბია. რა შეიძლება იყოს მის მაღლა? პასუხი მარტივია - მხოლოდ და მხოლოდ ზეცა."

ესეც ნახეთ:
"მსოფლიოში ყველაზე მეტად პარმა მიყვარს. აქ სიმშვიდეა, შეგიძლია დაჯდე და წყნარად ჭამო. სწორედ აქ მინდა დავასრულო ჩემი საფეხბურთო კარიერა".

Sportall.Ge

უკიდურესობები კასანოს თან სდევს. "პარმადან" წასვლის შემდეგ მან არაბული და ამერიკული შეთავაზებები უარყო.

"არაბეთში ან ამერიკაში მაშინ წავალ, როცა ორმოცისა შევსრულდები და სირბილი აღარ შემეძლება. მანამდე გამორიცხულია! დაველოდები წინადადებებს და თუ არაფერი გამოვიდა, ივნისამდე მოვიცდი. თუ მაშინაც არაფერი იქნა საჩემო, თავს დავანებებ ფეხბურთს", - თქვა ანტონიომ.

და მაინც, ის "ბარიში" უნდა დაბრუნდეს. ეს იქნება გმირობა კაცისგან, რომლისგანაც გმირობა არასოდეს მოუთხოვიათ. გმირს წამი ქმნის. კასანომ ეს წამი არ უნდა გაუშვას. "ბარიში" ის კვლავ მეფე იქნება და, იქნებ, ფესვებთან მიახლოებული - ძველებურადაც ათამაშდეს.

ბოლოს და ბოლოს, ხულიგნები შინ უფრო უსაფრთხონი არიან, მათი იქ უფრო კარგად ესმით. ფაბრიციო მიკოლი არ არის ხულიგანი, თუმცა ის ფინანსურად განადგურებულ "ლეჩეში" დაბრუნდა. კასანომ მაგალითი მიკოლისგან უნდა აიღოს.

არადა, როგორ იწყებდა... ვისაც ახსოვს კასანოს "ბარი", ამ გუნდს ვერასოდეს დაივიწყებს. ვერ დაივიწყებს განუმეორებელ ახალგაზრდას, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით ამწუხრებდა იტალიური ფეხბურთის გრანდებს. ვინც მაშინ განთქმული "ინტერის" დაცვა გააწამა, "მილანს" თავბედი აწყევლინა, "ლაციოს", "იუვენტუსს"...

კასანოს ცხოვრებაში არასოდეს უმუშავია. მან ფეხბურთის გარდა არაფერი იცის.

"ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ჩემს კომპიუტერში სულ საფეხბურთო ამბებია. გაგიკვირდებათ და, ერთი ოპერაციის შესრულებაც კი არ ვიცი, სულ ფეხბურთს ვუყურებ. ასეთი დავიბადე, არაფერი მიკეთებია ცხოვრებაში და რომ არა ფეხბურთი, მე "არავინ" ვიქნებოდი. მომავალში, თუ ფეხბურთის გარეშე დავრჩები, მე ისევ "მისტერ არავინ" ვიქნები", - გულახდილობს ანტონიო.

არის ერთი ვარიანტი - თუ კასანოს ნაადრევად მოუწევს პენსიაზე გასვლა, მან საფეხბურთო შოუ უნდა გააკეთოს. ანტონიოს აქვს საამისოდ აუცილებელი ატრიბუტი - მწარე ენა და ლახვარივით იუმორი.

არის მეორე ვარიანტიც - ის უნდა დაუბრუნდეს ქუჩას. დაბრუნდეს იქ, საიდანაც ფეხბურთში მოვიდა.

საბედნიეროდ, არის მესამე გზაც - კასანომ ფეხბურთის თამაში უნდა განაგრძოს. მგონი, ეს ყველაზე კეთილი და მისაღები გზაა. მთავარია, ანტონიომ მოინდომოს, მთავარია, მას გაუგონ, მთავარია, ის დასჭირდეთ...

ანტონიო კასანოს კიდევ შეუძლია ხალხის გახარება!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კარგი სტატიაა... შესანიშნავად დაწერილი... იქნებ მოამრავლოთ ასეთი კარგი საკითხავები... ბრავო!
Lasha
00:49 01-03-2015
0

სიახლეები პოპულარული