სპორტული ოჯახები: ცნობილი ფეხბურთელების ფრენბურთელები

AutoSharing Option
სპორტული ოჯახები მსოფლიოში დიდი იშვიათობა არ არის, თუმცა, თუ რომელიმე მათგანი მაინც არაა პოპულარული, მათი ოჯახის შესახებ საზოგადოება ნაკლებად ინტერესდება, ოღონდ როდესაც საქმე ცნობილ სპორტსმენს ეხება, ინტერესი მატულობს. ქვემოთ ორ ისეთ ოჯახზე მოგითხრობთ, სადაც პოპულარულ ფეხბურთელებს მეუღლეები და და ფრენბურთელები ჰყავთ.

მადრიდული "სამეფო კლუბის" კოლუმბიელი ნახევარმცველის ჯეიმს (ხამეს) როდრიგესის მეუღლე ფრენბურთელია - 23 წლის დანიელა ოსპინა. დანიელა იმავდროულად "არსენალის" და კოლუმბიის ნაკრების გოლკიპერის დევიდ ოსპინას და გახლავთ. ის მადრიდის ფრენბურთელთა გუნდის წევრია და მეუღლესავით ათნომრიანი მაისური აცვია. წყვილი 2008 წლის
შემდეგაა ერთად. დანიელას ძმა და ქმარი ნაკრებში თანაგუნდელები კი არიან, მაგრამ ჯეიმსი მას ძმის მეშვეობით არ გაუცნია.

"ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. არადა, დედა ამბობდა, ოჯახში მეტი ფეხბურთელის ნახვის სურვილი არ მაქვსო, მაგრამ მე და ჯეიმსს ერთმანეთი უზომოდ შეგვიყვარდა", - იხსენებს ოსპინა.

ის უმცროსი ასაკიდან სერიოზულად იყო ფრენბურთით დაკავებული, მაგრამ როცა ჯეიმს როდრიგესი "მონაკოში" გადავიდა, ის კი ბავშვს ელოდებოდა - კარიერაში დაახლოებით სამწლიანმა იძულებითმა შესვენებამ მოუწია. როდრიგესის "რეალში" გადასვლის მერე 183 სმ სიმაღლის ოსპინა ფრენბურთის მადრიდულ კლუბში მიიწვიეს.

***
ბელგიის ქალ ფრენბურთელთა ნაკრების ლიბერო ვალერი კურტუა, ამავე ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერის ტიბო კურტუას დაა. 24 წლის ვალერი ნაკრების გარდა დერდენმონდეს "აუდეგემში" თამაშობს.
ბელგიამ ქალთა ფრენბურთის ევროლიგა 2013-ზე ვერცხლის მედალი რომ მოიპოვა და კონტინენტის შარშანდელ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, ამაში ვალერის დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა ამისა, თავის კლუბთან ერთად ვალერი კურტუა ბელგიის სამგზის ჩემპიონი და ქვეყნის ორგზის თასის მფლობელია.

Sportall.Ge


"მე და ჩემი ძმა ტიბო სულ ხაზზე ვართ. ხშირად ვინტერესდებით ერთმანეთის მდგომარეობით. "ატლეტიკოში" ყოფნისას ტიბოს თამაშის სანახავად უფრო ჩავდიოდი მადრიდში. ახლა, როცა ის ლონდონში გადავიდა, ვერ ვიცლი და შედარებით ნაკლებად ვნახულობ", - ამბობს ვალერი კურტუა.

"ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გენებმა და აღზრდამ. მიწაზე მყარად უნდა იდგე, ბევრი იშრომო, დაუჯერო მწვრთნელებს და წარმატება აუცილებლად მოვა - ასე გვარიგებდნენ ბავშვობისას ჩვენი მშობლები", - ამბობს ტიბო.

"და კიდევ, უმთავრესია, რომ საყვარელი საქმიდან იღებდე სიამოვნებას", - ამატებს ვალერი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული