რეალი VS სან ლორენსო - პაპის რჩეულები მეფის რჩეულთა წინააღმდეგ

AutoSharing Option
ფოტოზე: მადრიდის "რეალის" ვარჯიში ფინალური შეხვედრი წინ

მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ ტიტულს უმიზნებს და ეს ტიტული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის თასია. "სამეფო გუნდს" ამისათვის ფინალში არგენტინული "სან ლორენსოს" დაძლევა მოუწევს.

ისე დაემთხვა, რომ ფინალში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო შეჯიბრების, კოპა ლიბერტადორესის ტრიუმფატორი უპირისპირდებიან ერთმანეთს ანუ ისევე, როგორც ეს საკონტინენტთაშორისო თასის დროს ხდებოდა ხოლმე.

"რეალი" რასაკვირველია, აშკარა ფავორიტია. მადრიდელებმა ძალიან ადვილად მოუგეს მექსიკურ "კრუს ასულს", რომელიც თავის მხრივ მესამე ადგილისთვის მატჩში ახალზელანდიურ "ოკლენდთან"
გაარკვევს ურთიერთობას.

"სან ლორენსოს" "ოკლენდთან" ძალიან გაუჭირდა, რაც ცოტა მოულოდნელი გახლდათ. "წმინდანებმა" მხოლოდ დამატებით დროში შეძლეს გამარჯვების მოპოვება და მათი თავგადაკლული გულშემატკივარი რომის ამჟამინდელი პაპი თუ დაეხმარება ზეციური ძალით, თორემ სხვაგავრად ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ედგარდო ბაუსას გუნდს ფინალში რეალური შანსი ჰქონდეს.

მეორეს მხრივ, მოვლენებს ასე წინაც ნუ გავასწრებთ. ერთ მატჩში ყველაფერი ხდება და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში "სან ლორენსო" არადამაჯერებლად გამოიყურება, მაინც საკმაოდ კარგი გუნდია და ლიდერებიც მწყობრში ჰყავს. ნესტორ ორტიგოსა, მაურო მატოსი, მარტინ კატერუჩო, ექტორ ვილიალბა და ასე შემდეგ...

Sportall.Ge
ფოტოზე: არგენტინულ გუნდს ტურნირის ნახევარფინალში დიდი ბრძოლა გადახდა

სრულ მზადყოფნიაშია "პაპა კარლოს" არმადაც, ერთადერთი ლუკა მოდრიჩი რჩება ლაზარეთში, ხორვატი კიდევ, რაღაც პერიოდი ვერ იქნება. ასევე, ხამეს როდრიგესი არ არის ბოლომდე მწყობრში და შეიძლება, იგი იტალიელმა სპეციალისტმა ამჯერადაც არ ათამაშოს.

მისი გუნდი შესაშურ ფორმაშია, რაზეც მხოლოდ დეკემბრის სტატისტიკაც მეტყველებს - 5 მატჩი, 5 მოგება, 20 გატანილი გოლი და მხოლოდ 1 გაშვებული.

"ძალიან გვიხარია რომ ფინალში ვართ და მის მოგებას ვაპირებთ. ეს ტიტული ჩვენი კოლექციისთვის სერიოზული დანამატი იქნება და ყველას გვსურს მისი მოგება. შევეცდებით მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ", - აღნიშნა კრიშტიანო რონალდომ.

კარლო ანჩელოტი: "ადრეც მითქვამს, რომ ამ ტურნირს სრული სერიოზულობით ვეკიდებით და ძალიან გვინდა მისი მოგება. ბიჭები მზად არიან. ჩვენი მეტოქე ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულია, რითაც ბევრია ნათქვამი".

"ნახევარფინალში დაცვაში კარგად ორგანიზებული მეტოქე შეგვხვდა და ცოტა გაგვიჭირდა, რაც დაგეგმილი გვქონდა, ბოლომდე არ გამოგვივიდა.

საბედნიეროდ, მაინც მოვახერხეთ ფინალში გასვლა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მადრიდის "რეალი" დავამარცხოთ.

თუმცა ეს რთული იქნება, ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომლის რიგებშიც დიდებული, უმაღლესი ხარისხის ინდივიდუალისტები თამაშობენ", - თქვა ბაუსამ.

2014 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
20 დეკემბერი
მატჩი მე-3 ადგილისთვის
კრუს ასული (მექსიკა)-ოკლენდი (ახალი ზელანდია) 20:30

ფინალი
რეალი (ესპანეთი)-სან ლორენსო (არგენტინა) 23:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული