დრიბლინგი: რობინ გაგუდული და ადებაიორის დედის შავი მაგია

AutoSharing Option
ფოტოზე: ადებაიორის დედა და თავად ემანუელი

იტალიაში იყო და არა იყო რა, ინგლისში თემა ყვითელია, ნაღველი - წითელი, მაგია - შავი, ხოლო ესპანეთში კი მესია... მესი, მესი და მესი!

თქვენ წინაშეა ლელოს ტრადიციული დრიბლინგი ევროპაში.

იტალია
ზემანლანდია
ნეაპოლში დადგმულ საფეხბურთო სპექტაკლში (3:3) საგოლე მომენტების დათვლა არც ისე ადვილი საქმე იყო. შანსებისა და გოლების წვიმა, პრინციპში, მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან "ნაპოლის" მონსტრებით დაკომპლექტებული წინა ხაზი ჰყავს, დაცვაში კი სრული აპოკალიფსი აქვს.

თანაც, ნეაპოლელები ამჯერად "კალიარის" ხვდებოდნენ - გუნდს, რომელსაც ზდენეკ ზემანი წვრთნის და
ამ უკანასკნელის ამბავი ხომ იცით: მხოლოდ მასზე რომ იყოს დამოკიდებული, თავის გუნდებს ყველა შეხვედრაში 1-5-4 ტაქტიკური სქემით ათამაშებდა.

მეორე მხრივ, გაუგებარი და თითქმის აუხსნელი იყო გონსალო იგუაინის გოლი, რომლითაც "ნაპოლიმ" ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

საკუთარი ნახევრიდან (!) მოწოდებული გრძელი აუტის შემდეგ ბურთი პირდაპირ სარდინიელთა კარისკენ დაძრულ იგუაინს მიუვიდა. "კალიარის" დაცვა მთლიანად ჩავარდა, არგენტინელი კი მეკარესთან, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე იყო დარჩენილი და მისი კარის აღება არ გასჭირვებია.

თუმცა ხომ იცით, ზემანმა როგორც იცის თქმა - მიღებული გოლები ფეხებზე მკიდია, თუ ბოლოს მეტოქეზე ერთით მეტს გავიტანთო.

თუმცა "კალიარის" მსგავსი გუნდით ამ მოსაზრების ერთგულება არც ისე ადვილია, მაგრამ სარდინიელებმა 0:2-დან ჯერ 2:2-მდე "ამოქაჩეს", მერე კი "ნაპოლიმ" მესამეც გაიტანა, მაგრამ ზემანის ბიჭებმა მაინც გაათანაბრეს და თამამად ვიტყვით, რომ ეს თამაში შეიძლებოდა 6:6-ითაც დამთავრებულიყო.

არ შეიძლება, რომ აქ ზემანს ცოტა მეტი დრო არ დავუთმოთ - იტალიელები მის გუნდებს ყოველთვის "ზემანლანდიას" უწოდებენ და "ზემანლანდიაში" ყოველთვის გადასარევი ამბები ხდება.

პირველ რიგში, 90-იანი წლების ზემანისეული "ფოჯა" უნდა გავიხსენოთ, რომელიც ძირძველმა პრაღელმა ზდენეკმა ჯერ იტალიის ელიტაში გადაიყვანა, მერე კი მე-9 ადგილზე გაიყვანა და იმ სეზონში "ფოჯა" გატანილი ბურთების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა (ბურთების შეფარდება 58:58).

არ უნდა დაგვავიწყდეს ზემანისეული "ლაციოც", რომელიც "იუვენტუსის" გარდა, ყველა მეტოქეს ანადგურებდა (8:2 "ფიორენტინასთან", 4:1 "ინტერთან", 4:0 "მილანთან"). ორი წლის წინათ ზემანმა "პესკარაც" დააბრუნა ელიტაში და საფეხბურთო ევროპას ისეთი ფეხბურთელები გააცნო, როგორებიც არიან მარკო ვერატი (ახლა პსჟ-შია), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი) და ჩირო იმობილე (დორტმუნდის "ბორუსია").

იტალიის ჩემპიონატში 12 ტურია გასული და "კალიარი" 11 ქულით მე-16 ადგილზეა. ბურთების შეფარდებას არ იკითხავთ? 20:20!

გაუფასურებული მადონინა
იყო დრო, როცა იტალიის ჩემპიონატის კვირის ღამის მატჩი მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის ზეიმი გახლდათ და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ შეხვედრას შეარჩევდნენ იტალიელი ტელევიზიები - ნებისმიერი მატჩი დაუჯერებლად დიდ ინტერესს იწვევდა და თუ ეს მილანური დერბი იქნებოდა, ხომ საერთოდ - გრანდიოზული საფეხბურთო შოუ გარანტირებული გვქონდა.

იტალიელები ახლაც ბევრს ეცადნენ, რომ მილანური დერბის წინ საფეხბურთო ტემპერატურა აეწიათ. მაგალითად, "სკაი იტალიამ" "სან სიროზე" მფრინავი ვიდეოკამერა აფრინა და თამაშის წინ ვნახეთ შესანიშნავი კადრები გუნდების გასახდელებიდან, სადაც ჩანდა, როგორ იკრავდნენ თასმებს მოთამაშეები, ერთი-ორს კი ტრუსებიც გამოუჩნდა.

"სან სიროს" ტრიბუნები, რა თქმა უნდა, გადაჭედილი იყო.

მაგრამ "მილანისა" და "ინტერის" დაპირისპირება ისეთი გამოდგა, ვერც HD-ხარისხი უშველიდა და ვერც 3D. საქმე იმაშია, რომ იტალიის ჩემპიონატი დიდი ხანია, ვეღარ დგამს ძველებურ სპექტაკლებს.

მინიმალური ნიჭი და საფეხბურთო დონის ინფლაცია - დამადასტურებელი საბუთი გნებავთ? ასეთად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ "ინტერის" შუა ხაზის უფროსი ზდრავკო კუჟმანოვიჩია, რომელიც ახლო წარსულში გერმანული "შტუტგარტიდან" გააგდეს, აქ მეორედ აღარ დაგინახოთო; "მილანის" მთავარი დამრტყმელი კი - ფერნანდო ტორესი...

შესაბამისად, ამ მადონინამ სამახსოვროდ მხოლოდ მენეზის მართლაც გენიალური გოლი და ის ფაქტი დაგვიტოვა, რომ ნიგერიელმა ობიმ 2012 წლის 29 აპრილის შემდეგ პირველი გოლის გატანა მოახერხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანტონიო
პატარა კაცი ჯერ კიდევ დიდია! ანტონიო დი ნატალეს ვგულისხმობთ - კაცს, რომელიც სიმაღლეში მეტრი და 67 სანტიმეტრია და 37 წლის გახლავთ. "უდინეზეს" კაპიტანმა კვირას სერია A-ში თავისი მე-400 მატჩი ჩაატარა და მე-200 გოლი შეაგდო!

ეს ციფრები საკმარისად შთამბეჭდავად კი ჟღერს, მაგრამ მაინც უნდა დავამატოთ, რომ ბოლო ხუთ სეზონში ანტონიომ იტალიის ჩემპიონატში 120 გოლის გატანა მოახერხა (ამ სეზონის 11 შეხვედრაში კი 7 გოლი აქვს) და აუცილებლად ისიც უნდა დავძინოთ, რომ სერია A-ში პირველი მატჩი რომ ჩაატარა, დი ნატალე უკვე 25 წლისა გახლდათ. ტოტო დიდი კაცია.

ინგლისი
ტიბო კურტუაა თუ ჰიუ გრანტი?
ინგლისში ფეხბურთელების ცოლებსა თუ მეგობარ ქალებს თავად ფეხბურთელებზე არანაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე. ამჯერად, ყურადღების ცენტრში ექსპრემიერლიგელი კევინ დე ბრუინის (ახლა ვოლფსბურგშია) გოგო მოექცა და ამ ამბის მთავარ როლშია "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუაც.

ცნობისათვის, დე ბრუინიცა და კურტუაც ბელგიელები არიან.

საქმე იმაშია, რომ კევინი თავის ყოფილ გოგოს, კაროლინ ლიენს ახლაღა გამოუტყდა, როცა ერთად ვიყავით, ერთხელ გიღალატეო. თანაც, რომელიმე აჟიტირებულ ფანთან კი არა, თურმე კაროლინის საუკეთესო მეგობართან უღალატა. კაროლინი ამის შემდეგ დიდხანს დუმდა და ცხადი იყო, რომ კარგი რამ არ ჰქონდა ჩაფიქრებული.

ახლა კი გამოაცხადა, რომ იმ დროს, როცა ის და კევინი ჯერ კიდევ ერთად იყვნენ, თურმე მადრიდში გაფრენილა და იქ, რა თქმა უნდა, სრულიად შემთხვევით, კევინის თანამემამულე კურტუას შეხვედრია. კაროლინის თქმით, ტიბომ მას ისეთი რამ შესთავაზა, რაც კევინს არასდროს შეუთავაზებია და ისე მოექცა, როგორც კევინი არასდროს მოჰქცევია იმ სამი წლის განმავლობაში, როცა ერთად იყვნენ...

ჰმ... გასაგებია, რომ თუ ახლა ამ სტატიას კაცი კითხულობს, მისი ტვინი უკვე standby-რეჟიმში იქნება გადასული, რადგან ეს ამბავი ოდნავადაც არ დააინტერესებს. მაშინ შემდეგ თემაზე, ადებაიორის დედაზე გადახტით, რადგან ამ ამბის გაგრძელება უკვე 100 პროცენტით ქალების თემაა: კაროლინი გაოცებულია იმით, რომ ტიბო კურტუა დიდხანს ესაუბრებოდა, დილაობით ყავა ლოგინში მიჰქონდა, საღამოობით კი ვახშამს უმზადებდა...

ადებაიორის დედა
რაკი ურთიერთობებზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, ბარემ აქვე ეს ამბავიც მოვილიოთ. ქალების რა გითხრათ, ემანუელ ადებაიორს კი ურთიერთობა საკუთარ დედასთან გაუფუჭდა. უფრო სწორად, არათუ საერთოდ აღარ ელაპარაკება, არამედ დედამისი აფრიკაში, საკუთარი სახლიდანაც კი გააგდო.

რატომ? რისთვის? ასეთი რა დააშავა ქალბატონმა ადებაიორმა? ჩვენ ხომ გვახსოვს 2008 წელი, როცა ემანუელმა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო სწორედ დედას მიუძღვნა?

"სპურზის" თავდამსხმელი ამბობს, რომ დედამისი მის კარიერას ეწინააღმდეგება. ადებაიორის თქმით, ის თავის დასთან ერთად "შავ მაგიას" მისდევს, რომელსაც "ჯუჯუს" (ან "იუიუს"/ჟუჯუ) ეძახის და ეს რიტუალი ემანუელის კარიერაზე უარყოფითად მოქმედებს.

"როგორ უნდა დაველაპარაკო დედაჩემს, როცა მას თავისი "ჯუჯუთი" ჩემი კარიერის განადგურება უნდა?" - აცხადებს ადებაიორი. სამწუხაროდ, ემანუელს არ უთქვამს, თუ რატომ უნდა უნდოდეს დედამისს მისი კარიერის განადგურება.

მართალია, ადებაიორის კარიერა მთლად ისე ვერ მიდის, როგორც თავად ემანუელი ისურვებდა, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, ეს მართლა დედამისის "შავი მაგიის" ბრალია თუ თავად ადებაიორის შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობებისა...

ვან პერსის განუმეორებელი სტატისტიკა
შაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქეს. ლუი ვან გაალის გუნდმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლითი მატჩი მოიგო, თანაც ლონდონში, "არსენალთან" და ცხრილშიც, როგორც იქნა, ზემოთ აიწია.

თუმცა "იუნაიტედის" ყველა მოთამაშე ნაღდად არ გაბედნიერებულა.

მაგალითად, რობინ ვან პერსი. ჰოლანდიელმა მოედანზე 75 წუთი დაჰყო და ბურთს 12-ჯერ (თ-ო-რ-მ-ე-ტ-ჯ-ე-რ!!!) შეეხო. თითქოს ეს ციფრი საკმარისი არ იყოს, აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ ამ 12 შეხებიდან ვან პერსის ბურთთან სამი კონტაქტი იმის გამო ჩაეთვალა, რომ სწორედ სამჯერ ჩააწოდა კუთხური.

და ვან პერსის ამბავი ამითაც არ დამთავრებულა: რობინმა მთელ თამაშში ორი პასი გააკეთა, რომელთაგან ორივე ზუსტი იყო და რომ არა ამ ორიდან ერთი პასი, "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი საერთოდ ვერ დაიწყებოდა - შეხვედრა სწორედ ვან პერსის ფეხიდან დაიწყო.

ესპანეთი
მესი, მესი, მესი
ლეო მესიზე აქ და ახლა რაღა უნდა დავწეროთ? არგენტინელი ისეთ საქმეებს სჩადის, რომ მისთვის ყველა შესაძლო ეპითეტი ამოწურული და ათასჯერ გამეორებულია. დამატებითი სიტყვების პოვნა კი, მით უმეტეს, "დრიბლინგის" ერთ აბზაცში, წარმოუდგენელია.

ჰოდა, მოდი, ლეოს შესახებ ისევ ციფრები ვალაპარაკოთ:

253 გოლი პრიმერას 288 მატჩში, "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (368 გოლი), ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში (68), ყველაზე მეტი გოლი კალენდარულ წელიწადში (91), ყველაზე მეტი "ოქროს ბურთი" (4), ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი ლა ლიგის ერთ სეზონში (8), ყველაზე მეტი გოლი კლასიკოებში...

ეს, რა თქმა უნდა, არასრული სიაა და ერთი სიტყვით, როცა კარიერას დაამთავრებს, სწორედ მესიმ უნდა თქვას, ფეხბურთი მითამაშიაო.

რაიოს ფეხბურთელები 85 წლის ქალს ეხმარებიან
"რაიო ვალეკანოს" ფანები პოლიტიკურად აქტიური ხალხია - როცა თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ყოველთვის აპროტესტებენ ხოლმე. ამჯერად მათ 85 წლის თანაუბნელი ქალბატონის დაჩაგვრა გააპროტესტეს.

ამ უკანასკნელმა მთელი თავისი ფული უმუშევარ შვილს მისცა, რის გამოც ქირის გადახდის უუნაროდ გამოაცხადეს და საკუთარი სახლიდან გაასახლეს. არადა, ქალბატონი კარმენი ამ სახლში 50 წელი (!) ცხოვრობდა.

ჰოდა, სწორედ ეს გააპროტესტეს "რაიო ვალეკანოს" ქომაგებმა, რამაც შედეგი გამოიღო: კარმენს ბინის ქირას კლუბი გადაუხდის, ფეხბურთელები კი, ზოგადად, ფინანსურად დაეხმარებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფერნანდო ტორესია მინიმალური ნიჭის მატარებელი და ტოტო დინატალე მოსიარულე ნიჭი? ჩართე ძველი კადრები და ნახე ტორესის თამაშები ლივერპულში და ატლეტიკოში და მერე ისიც დაწერე რანაირად ასე თამაშს მინიმალური საფეხბურთო ნიჭით. ეტყოობა არ გახსოვს ეგ დრო... დღეს რომ ვერაფერს აკეთებს ეგ ნიჭის ნაკლებობის არა, სხვა რამის ბრალია. დინატალეს რაც შეეხება, ტორესისგან განსხვავებით ბაჯაღლო ნიჭს არასოდეს არ ატარებდა, უბრალოდ ყოველთვის კარგი მუშა ფეხბურთელი იყო...
fraternity
15:20 26-11-2014
0

სიახლეები პოპულარული