ისინი წავიდნენ 2013-ში

AutoSharing Option
2013 წელს არაერთი დიდი ფეხბურთელი, ქარიზმატული ფიგურა თუ უბრალოდ, კარგი მოთამაშე დაგვემშვიდობა და კარიერის დასრულებით გული დაგვწყვიტა. რა სევდიანიც უნდა იყოს, მოდით, გავიხსენოთ ისინი და ეს მოგონებები სევდასთან ერთად ღიმილს და სიამოვნებასაც მოგვგვრის.

გლამურული ბიჭი და დიდი ფეხბურთელი
დევიდ ბექჰემი (38 წლის. ინგლისი) - ბექზი სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის ყველაზე ლამაზი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. ჰყავდა ინგლისს, სულ მცირე, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბექჰემის
დარი კლასის ფეხბურთელი? ერთ-ორს თუ გაიხსენებ.

არადა, რამდენს არ უყვარდა თავიდან... ზოგი უხეში და მკაცრი ინგლისური ფეხბურთისთვის შეუფერებლად თვლიდა გლამურულ ბექჰემს, თავისი ვარცხნილობის მუდმივი ცვლითა და თამაშის განსხვავებული სტილით; ზოგი მეუღლედ "სპაის გერლზის" ყოფილი წევრის, ვიქტორია ადამსის ცოლად შერთვას უწუნებდა; ზოგი 1998 წლის მუნდიალზე "იმ" გაძევებას ვერ უვიწყებდა, ზოგიც ზედმეტად პრიმიტიულ ფეხბურთელად თვლიდა - მარტო ჩაწოდება და ჯარიმის დარტყმა შეუძლიაო. აგერ, ჯორჯ ბესტს აქვს მწარედ ნათქვამი:

"ის ვერ თამაშობს მარცხენა ფეხით, ვერ თამაშობს თავით, არც ართმევაზე თამაში იცის და ძალიან ცოტა გააქვს. სხვა მხრივ კი, კარგი ბიჭია"
.

ბექზი კი მშვიდად აგრძელებდა თავისი მომაკვდინებელი გადაცემების კეთებას და ჯარიმების დარტყმას; პარალელურად, მოდურ ცხოვრებასაც არ ეშვებოდა... ასე ნელ-ნელა მიიღო ხალხმა დევიდ ბექჰემი, სინამდვილეში ძალიან უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც თავისი შრომისმოყვარეობით მოიპოვა სიყვარული, აღიარება და სიმდიდრე.

კარიერა მან პსჟ-ში დაასრულა. ცრემლიანი დღე იყო, ბექზი ბოლო მატჩშიც ბოლომდე იხარჯებოდა. სამწუხაროდ, მას მინდორზე ვეღარ ვნახავთ. სხვათა შორის, პარიზულ კლუბში იგი ხელფასს არ იღებდა, მთელი მისი ჯამაგირი ქველმოქმედებას ხმარდებოდა.

წითური მებრძოლი
პოლ სქოულზი (38 წლის. ინგლისი) - ჩვენდა სამწუხაროდ, პოლ სქოულზი ამჯერად სულ წავიდა. მან ერთი-ორჯერ დააპირა და მერე გადაიფიქრა, მაგრამ ახლა ბუცები საბოლოოდ ჩამოკიდა ლურსმანზე. მწვანე მინდორი მიატოვა "წითურმა პოლმა", რომელიც ბოლომდე ღირსეულად ემსახურა "მანჩესტერ იუნაიტედს" და ინგლისს.

ის მთელი კარიერა ასთმით თამაშობდა, მერე მხედველობის პრობლემებიც ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულით განმსჭვალული არაფერს ეპუებოდა და მინდორზე რჩებოდა. უღრესად პროდუქტიული, საიმედო და სამაგალითო ცენტრალური ნახევარმცველი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. იგი სიმბოლურად ფერგიუსონთან ერთად წავიდა, მორცხვად და ჩუმად. არადა, ასეთები ნახევარ საუკუნეში ერთხელ თუ იბადებიან.

ოქროს ბიჭუნა
მაიკლ ოუენი (33 წლის. ინგლისი) - ინგლისური ფეხბურთის "ოქროს ბიჭუნა". "ლივერპულის" რიგებში მისი გამოჩენა რევოლუციის დასაწყისს ჰგავდა. ნორჩი ოუენი პრემიერლიგის ბომბარდირიც გახდა, ნაკრებშიც მოხვდა და არგენტინას "ის საოცარი" გოლიც გაუტანა, "ლივერპულთან" ერთად სხვადასხვა თასიც მოიგო და "ოქროს ბურთიც" დაისაკუთრა.

თუმცა რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, უნდა ვთქვათ - მას ბევრად მეტი შეეძლო და საბოლოოდ გაუხსნელ ტალანტად დარჩა. მისი მთავარი შეცდომა "რეალში" გადასვლა გახლდათ. მადრიდელთა რიგებში იგი სათადარიგოთა სკამიდან უცქერდა რაულისა და რონალდოს თამაშს, ხოლო იმას, თუ როგორ მოიგო "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა, ალბათ, ტელევიზორში უყურა.

შეიძლება სწორედ ამ დროს მიეჩვია ის სხვების თამაშით გართობას და როგორც აზარტულმა ადამიანმა, ფსონების კეთება დაიწყო, არამარტო ფეხბურთზე. ოუენის თქმით, ის ფაქტობრივად ყოველდღე აკეთებს ბილეთს, ისე, გასართობად; საშუალებაც აქვს და ზედმეტიც არ მოსდის. "რეალიდან" "ნიუკასლში" გადავიდა, შემდეგ "ლივერპულის" მოსისხლე მტერ "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდა, მაგრამ დიდად ვერც იქ ათამაშდა. კარიერა ცოტა უფერულად და ნაადრევად, "სტოკ სიტიში" დაასრულა.

ერთგული და საიმედო
ჯეიმი კარაგერი (35 წლის. ინგლისი) - თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო და უფრო ცოტაა ისეთი მოთამაშე, რომელსაც მთელი კარიერა ერთ კლუბში აქვს გატარებული. პოლ სქოულზი უკვე გავიხსენეთ და ასეთია ჯეიმი კარაგერიც - მან მთელი ცხოვრება "ლივერპულს" მიუძღვნა, არადა, ბავშვობაში უფრო "ევერტონისადმი" ჰქონდა სიმპათიები.

"კარა" არ ყოფილა უშეცდომო და დახვეწილი მცველი ან ვარსკვლავი, იგი ინგლისის მასშტაბითაც კი ვერ ბრწყინავდა ხოლმე. სამაგიეროდ, ჯეიმის იმედი ყოველთვის შეიძლებოდა გქონოდა. მებრძოლ და გარკვეულწილად უნივერსალ მცველს ეს თვისებები ნაკრებში მოხვედრაშიც დაეხმარა, პრემიერლიგაში კი მას 700-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

"კარას" ყველაფერი მოგებული აქვს, პრემიერლიგის გარდა. მისთვის საუკეთესო სეზონი 2004-05 წლებისა გამოდგა, როდესაც "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო კარაგერი სეზონის ფეხბურთელად დაასახელეს. ახლა ის ტელევიზიაში ექსპერტ-ჟურნალისტის სტატუსით მუშაობს.

ვისი წასვლაც გვეწყინა
მარკ ვან ბომელი (36 წლის. ჰოლანდია) - სიყრმეში კარიერის საუკეთესო წლები პსვ-ში გაატარა და ეინდჰოვენელთა რიგებშივე გამოეთხოვა ფეხბურთს. ეს ვან ბომელმა თავის სტილში გააკეთა - "ტვენტესთან" ბოლო შეხვედრაში, 15-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი აიკიდა და გაწითლებულმა დატოვა მინდორი, აპლოდისმენტების ფონზე. "ფორტუნას", პსვ-ს, "ბარსელონას", "ბაიერნისა" და "მილანის" ექსფეხბურთელი მინდორზე ფეთქებადი ხასიათით, ნერვული გამოხდომებითა და პერიოდული არასპორტული საქციელით გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო.

ლუდოვიკ ჟული (36 წლის. საფრანგეთი) - ტანჩია, სწრაფი და ტექნიკური ჟული საყოველთაო აღფრთოვანების ობიექტი 2004 წელს გახდა, როდესაც ყველაზე სენსაციურ ჩემპიონთა ლიგაზე "მონაკო" ფინალამდე გაიყვანა, მაგრამ იქ დებიუტშივე ტრავმა მიიღო და მის გარეშე გუნდი ჟოზე მოურინიოსა და დეკოს "პორტუსთან" უშანსოდ დამარცხდა. ამ ტრავმის გამო ჟულის ევროპის ჩემპიონატიც გაუცდა. სამაგიეროდ, იგი "ბარსელონამ" წაიყვანა და ოცნებები იქ აუხდა. აი, კატალონიელთა მერე კი ისეთი თამაში ვეღარ აჩვენა და საბოლოოდ კარიერა "ლორიანში" დაასრულა.

კრისტოფ მეტცელდერი (32 წლის. გერმანია) - 2000-იანების დასაწყისში მეტცელდერი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად მოიაზრებოდა. 2002 წელი მისთვის ალბათ საუკეთესო იყო - იგი "დირტმუნდთან" ერთად ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა, უეფას თასის ფინალი წააგო და მუნდიალის ფინალიც დათმო. თუმცა ნორჩი კრისტოფი კლუბისა და ნაკრების დაცვის ბურჯი გახლდათ და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს. აი, მერე კი იყო გაუთავებელი ტრავმები და ტრავმები. ამის გამო იგი ვერც "რეალში" ათამაშდა და ვერც "შალკეში". მეტცელდერს, რომელმაც პოტენციალი ვერ გამოავლინა, კარიერის საკმაოდ ადრეულ ასაკში დასრულება მოუხდა.

პაულო ფერეირა (34 წლის. პორტუგალია) - მარადმწვანე სათადარიგომ, ბოლო-ბოლო სათადარიგოთა სკამზე ჯდომისგან დასვენებაც გადაწყვიტა და ფეხბურთიდან წავიდა. ფერეირამ "პორტუსთან" ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და მოურინიოსა და რიკარდო კარვალიოსთან ერთად, "ჩელსიში" გადავიდა. იგი ტიტულებს ლონდონელთა რიგებშიც აგროვებდა, მაგრამ თამაშით ძალიან იშვიათად თუ გადიოდა მინდორზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კარიერა რეალურად დაახლოებით 10 წლის წინ უკვე დასრულებული იყო.

დენი მერფი (36 წლის. ინგლისი) - თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე უცნაურად საინტერესო ნახევარმცველი. მისი ადგილი "ლივერპულში" იყო, რაც თუნდაც იმით მტკიცდება, რომ მერფიმ "ენფილდის" ბინადრებს ზედიზედ სამჯერ მოაგებინა საძულველ "მანჩესტერ იუნაიტედთან". თუმცა რაფაელ ბენიტესთან საერთო ენა ვერ გამონახა და... ლივერპულელთა რიგებიდან წასვლის მერე იგი მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ გაგვახსენებდა ძველ დენი მერფის, მაგრამ როცა გვახსენებდა, ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ბოლოს ის "ბლექბერნში" ბურთაობდა.

ლუი საა (35 წლის. საფრანგეთი) - ფრანგს ყველა დროის საუკეთესო ფორვარდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ვერც ჩემპიონთა ლიგის მოგებითა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლით დაიკვეხნის ბევრი. სხვა ტიტულები შეგვიძლია სულაც აღარ ვახსენოთ. ხეტიალის მოყვარულმა საამ კარიერის საუკეთესო წლები "ფულჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა. ფეხბურთიდან წასვლა კი "ლაციოში" წარუმატებელი მონაკვეთის მერე გადაწყვიტა და ამის შესახებ განცხადება თავის 35-ე დაბადების დღეზე, ანუ 2013 წლის 8 აგვისტოს გააკეთა.

P.S. 2013 წელს კარიერის დასრულების შესახებ კიდევ ბევრმა ფეხბურთელმა გვამცნო. მაგალითად - კრისტიან ბროკიმ, რომელიც ახლა მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებულ სკანდალშია გახვეული. გახსოვთ აილტონი? ამ წონიან ფორვარდს ერთი ხანობა ბუნდესლიგის კლუბების მეკარეები შეშინებული ჰყავდა. წავიდნენ გერმანიის ჩემპიონატის სხვა ძველი კოლორიტებიც - მარეკ მინტალი, მეჰდი მაჰდავიკია და ალი ქარიმი.

ბოლო-ბოლო, დაიღალა ტრავმებით გატანჯული თომას ჰიტცლშპერგერიც. ოფიციალურად განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ ლეიკემიასთან მებრძოლმა სტილიან პეტროვმა (მან ბოლო მატჩი 2012 წელს გამართა). თითქოს მიდიოდა ადრიანოც და "იმპერატორსაც" ცალკე ჩანახატს მივუძღვნიდით, მაგრამ გასუქებულმა ბრაზილიელმა ვარჯიში განაახლა. ალბათ მალე დაგვემშვიდობებიან რივალდო, ჟუნინიო პერნამბუკანო და გაბრიელ ჰაინცე. სამწუხაროა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული