კვირა ციფრებში: წითლები, სერიები და რეგიონალური სიამაყე

AutoSharing Option
გასულ კვირას არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა შესახებაც ჩვენ ტრადიციულ კვირის სტატისტიკურ მიმოხილვაში მოგითხრობთ...

75% - იმ 1/4-ფინალებისა, რომელიც ბოლო ხუთ 20-წლამდელთა მუნდიალზე გაიმართა (15 მატჩი 20-დან), ან დამატებითი დროით, ან პენალტების სერიით დასრულდა.

თურქეთში გამართულ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაში ესპანეთს ბრაზილიის რეკორდის გასამეორებლად ერთი გოლის გატანა სჭირდებოდა - 1977-87 წლებში "სელესაომ" მინიმუმ ერთი ბურთი ზედიზედ 22 შეხვედრაში გაიტანა. "ფურია როხას" უკანასკნელი უგოლო შეხვედრა 2003 წლის ფინალი იყო, სადაც ესპანეთმა იმავე ბრაზილიასთან 0:1 წააგო.

საბოლოოდ, რეკორდი არ გამეორდა, რადგან პირინეელებმა ურუგვაისთან
დამატებით დროში 0:1 წააგეს.

კიდევ ერთ 1/4-ფინალში განამ, აბენეზერ ასიფუას მიერ 121-ე წუთზე გატანილის წყალობით, ჩილეს 4:3 მოუგო. ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, პლეი ოფის ეტაპზე ამაზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ, 1989 წლის 1//4-ფინალში გავიდა, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრებმა და ნიგერიამ 4:4 ითამაშეს.

43 - წითელი ბარათი კარიერის განმავლობაში არის მსოფლიოს რეკორდი, რომელიც "სანტა ფეს" გამოცდილ ნახევარმცველ ხერარდო ბედოიას ეკუთვნის. ნაკრების ყოფილი 37 წლის წევრი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მშობლიურ კოლუმბიაში, არგენტინასა და მექსიკაში აქვს ნათამაშები, 43-ედ ლიბერტადორესის თასის პირველ 1/2-ფინალურ შეხვედრაში გააძევეს.

სხვათა შორის, აქამდე ბოლო წითელი ბარათი ბედოიამ წინა წლის სექტემბერში მიიღო, როდესაც "მილიონარიოსთან" გამართული დერბის შემდეგ 11-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა. 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ორ წითელ ბარათს შორის ბედოიას ამხელა პაუზა არასდროს ჰქონია.

15 - მატჩი წაგების გარეშე არის MLS-ის ისტორიაში მეოთხე შედეგი, რომელიც "პორტლენდ ტიმბერსს" ეკუთვნის. სარეკორდო სვლის გაგრძელებაში "პორტლენდს" ხელი "კოლამბუს ქრიუმ" შეუშალა და ბოლო ტურში 1:0 მოუგო. "ტიმბერსს" MLS-ის ყველა დროის რეკორდის დამხობა სურდა, რომელიც 19 წაუგებელ შეხვედრას მოიცავს და იმავე "კოლამბუსს" და "დალასს" ეკუთვნით, თუმცა მატჩის მეოთხე წუთზე, ვენესუელელი ბერნარდო ანორის მიერ გატანილის წყალობით, "კოლამბუსმა" რეკორდის თანაავტორობა შეინარჩუნა.

"პორტლენდმა" კი ბოლო 4 თვეში პირველი მარცხი განიცადა. ამ მოგებით, რობერტ ვარჟიხას გუნდმა 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

12 - საშინაო გამარჯვება ზედიზედ. ამ სერიის წყალობით, "ბოტაფოგომ" რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი მოიგო, ბრაზილიის თასის 1/8-ფინალს მიუახლოვდა და ბრაზილიის ჩემპიონატში გალიდერდა.

"ფოგომ" შტატის ჩემპიონატის ორივე ეტაპზე, "ტაკა გუანაბარასა" და "ტაკა რიოზე", იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული ისე მოიპოვა, რომ გადამწყვეტი ფინალური მატჩის ჩატარება საჭირო არ გახდა.

ერთი კვირის წინ ოსვალდო დე ოლივეირას შეგირდებმა ბრაზილიის თასის მესამე ეტაპზე "ფიგეირენსე" დაამარცხეს (1:0), კვირას კი ბრაზილიის ჩემპიონატში "ფლუმინენსეს" მოუგეს (1:0) და 6 ტურის შემდეგ გალიდერდნენ. შეხვედრის ერთადერთ გოლი 84-ე წუთზე კლარენს ზეედორფმა გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ფეხბურთელი კლუბს შესანიშნავად შეეწყო, აქამდე ჩატარებულ 11 კლასიკოში გოლი არ გაეტანა..

2013 წელს შინ ჩატარებული 16 მატჩიდან "ბოტაფოგომ" 14 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

0 - მარცხი. სწორედ ასეთი შედეგი ჰქონდა მექსიკის ნაკრებს პანამასთან ურთიერთშეხვედრებში, რომელთანაც პირველი მატჩი "აცტეკებმა" 1938 წელს გამართეს, მაგრამ ეს წაუგებელი სერია კვირას შეწყდა. პასადენაში გამართული კონკაკაფის "ოქროს თასის" პირველი ტურის შეხვედრა ხულიო დელი ვალდესის შეგირდებმა გაბრიელ ტორესის დუბლის წყალობით, 2:1 მოიგეს.

იმავე დღეს, A ჯგუფის მეორე შეხვედრაში გაცილებით დიდი სენსაცია დაფიქსირდა - კარიბის ზღვაში მდებარი პატარა კუნძულ მარტინიკის ნაკრებმა კანადას 1:0 მოუგო და პირველი ტურის შემდეგ ქვეჯგუფს სათავეში პანამა და მარტინიკი ჩაუდგნენ, მექსიკას და კანადას კი 0 ქულა აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: შერცხვენილი ინგლისი და დამარცხებული ესპანეთი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული