პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) - პეპე რომ არა [VIDEO]

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა კონფედერაციათა თასზე. ფერნანდო სანტუშის გუნდმა ზედაძაბულ მატჩში გატეხა მექსიკა, თამაში კი უფრო ომი იყო, ვიდრე მესამე ადგილისათვის, თითქოს, არაფრისმომცემი მატჩი.

კრიშტიანო რონალდოს შვილი შეეძინა და მან ნაადრევად დატოვა პორტუგალიის ნაკრების რიგები. მის გარეშე ფერნანდო სანტუშის გაწვრთნილმა ნაკრებმა, თითქოს, უფრო გუნდურად ითამაშა, მაგრამ უამრავი საგოლე მომენტი გაფლანგა. შეიქმნა შეგრძნება, რომ რონალდოს მინდორზე ყოფნის შემთხვევაში ლუზიტანელები პირველივე ტაიმში მოათავებდნენ საქმეს.

მართლაც, პირველი ნახევრის განმავლობაში პორტუგალიელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და ფორტუნასთან ერთად მეკარე გილერმო ოჩოასაც უნდა უმადლოდეს მექსიკა,
თავიდანვე საგრძნობლად რომ არ ჩამორჩა ანგარიშში.

ის კი არა, პორტუგალიელებმა თერთმეტმეტრიანიც ვერ გაიტანეს. ის არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დანიშნა. ანდრე სილვას დარტყმულ ბურთს ოჩოა შესანიშნავ ნახტომში მიწვდა და ერთხელაც დაგვარწმუნა, რომ თუ მას თამაში მისდის, მისი გატეხვა ძალიან რთული საქმეა. მთელ რიგ სხვა შემთხვევებშიც მოწოდების სიმაღლეზე იყო "მალაგას" მეკარე, ვინც წინა სეზონი "გრანადაში" გაატარა. ოჩოამ, სულ მცირე, სამი ურთულესი ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმში მექსიკამ თამაში გამოასწორა და გაიტანა კიდეც. ჟელსონ მარტინშის გაფლანგულ მომენტს მექსიკელთა შეტევა მოჰყვა და ნეტომ საკუთარ კარში გადაგზავნა ბურთი. რუი პატრისიო, ვინც პირველ ტაიმში ერთი რთული ბურთი აიღო, უძლური აღმოჩნდა, რაიმე ეღონა.

ამის შემდეგ თამაში ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა. პორტუგალიელთა შანსებზე არანაკლებ მწვავე იყო მექსიკელთა მომენტები. ისე ჩანდა, რომ მექსიკას მესამე ადგილით უნდა გაეხარა, მაგრამ პეპეს "რეალში" შეძენილი გამოცდილება გამოადგა - დამატებულ წუთზე შეტევაში ჩაერთო და შესანიშნავად დაამთავრა იგი.

დამატებით დრომდე რაულ ხიმენესს შეეძლო, ყველაფერი დაესრულებინა, მაგრამ ვერ მოახერხა გატანა. ძალიან დაძაბული გამოდგა მატჩის დამატებითი დრო. მიგელ ლაუინმა საჯარიმოში ხელით შეუცვალა ბურთს მიმართულება. თერთმეტმეტრიანი ამჯერად ადრიენ სილვამ შეასრულა - ზუსტად.

მალევე არაბმა არბიტრმა ალ მირდასიმ უხეში თამაშისათვის მინდვრიდან ნელსონ სემედუ გააძევა. მერე მინდორი რაულ ხიმენესმაც დატოვა. დამატებითი დროის ბოლოსკენ მექსიკა გააფთრდა. ერერასა და მორენოს სულ ცოტა დააკლდათ გატანამდე. იქვე ისინი თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, მათი მწვრთნელი კი მსაჯმა მინდვრიდან გააძევა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გილერმო ოჩოა დასახელდა. სავსებით სამართლიანად - რომ არა ის, მექსიკა დიდი ალბათობით, ძირითად დროშივე წააგებდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პეპე (პორტუგალია): "ჩვენ ურთულესი მატჩი მოვიგეთ. ეს გახდა შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გუნდის დიდი ნებისყოფისა და უტეხი ხასიათის გამო. პორტუგალიის ნაკრებმა დაადასტურა, რომ არასოდეს ნებდება. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იყო, რომელიც წარმატებით ჩავაბარეთ".

პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1, დ. დ)
გოლები: 0:1 ნეტო (54. ს. კ), 1:1 პეპე (90) , 2:1 ადრიენ სილვა (104-პენ)
პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო - სემედუ, პეპე, ნეტო, ელიზეუ - ჟოაო მოუტინიო (82. ადრიენ სილვა), დანილო პერეირა (82. ანდრე გომეში), პიცი (90. ვილიამ კარვალიო) - ჟელსონ მარტინში, ანდრე სილვა, ნანი (70. კვარეშმა)
მექსიკა (4-3-3): ოჩოა - ლაიუნი, არაუხო, ე. მორენო, რეიესი - ერერა, მარკესი (106. ფაბიანი), გუარდადო (80. ჯონათან დოს სანტოსი) - ველა, ჩიჩარიტო (85. ხიმენესი), პერალტა (61. ლოსანო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული