U21. ევროპის ჩემპიონატი: ევროტალანტების გამოფენა პოლონეთში

AutoSharing Option
პოლონეთში დღეს იწყება და 30 ივნისს დასრულდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. 6 ქალაქში 12 გუნდი ერთი მთავარი ტიტულისთვის იბრძოლებს...

ახალგაზრდული ჩემპიონატი ევროპაში 24-ედ ტარდება (თუ 23-წლამდელთა ეპოქასაც მივათვლით. თუ არა, მაშინ - 21-ედ) და მისი ორგანიზატორი უეფაა. ტურნირზე თამაშის უფლება აქვთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 1994 წლის პირველ იანვარს და მერე არიან დაბადებულნი. წინა ტურნირისგან განსხვავებით, მონაწილე 12-ია (8-ის მაგიერ).

გაგაცნობთ ჯგუფების შემადგენლობებს - A ჯგუფი: პოლონეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, ინგლისი; B ჯგუფი: პორტუგალია, სერბეთი, ესპანეთი, მაკედონია; C ჯგუფი: გერმანია, ჩეხეთი, დანია, იტალია.

რომელი ფეხბურთელებისგან უნდა ველოდოთ გაბრწყინებას? ვფიქრობთ, გერმანელი დევი ზელკე ცუდად დასრულებული სეზონის წარმატებულად დასრულებას შეეცდება. ესპანელი სანდრო რამირესი უკვე საქვეყნოდ ცნობილი შემტევია, ინგლისელი ლუის ბეიკერი ნამდვილი ტალანტია, როგორც სერბი უროს ჯურჯევიჩი. პატრიკ შიკმა უკვე სერია A-ში გაითქვა სახელი, ჩეხებს დიდებული ფეხბურთელი ეზრდებათ - მაღალი, სწრაფი, ელეგანტური ფორვარდი. დანიელმა მარკუს ინგვარტსენმა საკვალიფიკაციო მატჩებში 8 შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა.

ეს უკვე ის ასაკია, რომ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი უკვე საქვეყნოდ ცნობილია, როგორც, მაგალითად, იტალიელთა გოლკიპერი ჯიჯი დონარუმა, ანაც "ბაიერნის" ახალწვეული სერჟ გნაბრი. მოკლედ, პოლონურ სტადიონებზე ძალზე საინტერესო დაპირისპირებები გველის - ფავორიტებად კი ინგლისისა და პორტუგალიის ნაკრებები მიიჩნევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული