ფეხბურთი და ფინანსები: ნეიმარი ყველაზე ძვირი ღირს

AutoSharing Option
საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა პროფესიონალ ფეხბურთელთა სავარაუდო ღირებულებები შეაფასა და ტოპ-5 ევროპული ლიგის 110 ფეხბურთელის სიაც შემოგვთავაზა, რომელთა სავარაუდო სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევრო და მეტია.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ფეხბურთელთა შეფასება კომპლექსურია, ასაკისა და ბევრი სხვა დეტალის შეფასებით, CIES-ის გუნდმა დაადგინა, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ძვირფასი აქტივია.

ჯგუფი მუშაობისას განიხილავს დაახლოებით 2 ათასამდე ტრანსფერის ისტორიას, ფეხბურთელებისა და მათი კლუბების შესაძლებლობებს; მათ მიერ ნაჩვენებ თამაშებს; ფეხბურთელთა საერთაშორისო სტატუსებს; მათი კონტრაქტების დეტალებს; სათამაშო პოზიციებს...

ინგლისის პრემიერლიგაში ბევრი
მაღალი სატრანსფერო ღირებულების ფეხბურთელია. სიძვირით მე-10 პრემიერლიგის სავარაუდო ფასი 85 მილიონი ევროა, მაშინ, როცა ლა ლიგის სიძვირით მე-10 ფეხბურთელის სავარაუდო ფასი 73 მილიონ ევროს შეადგენს. სხვა ლიგებში ეს მაჩვენებელი ასეა: სერია A - 51 მილიონი ევრო; ბუნდესლიგა - 47 და ლიგა 1 - 40.

110 ფეხბურთელის სიაში ყველაზე ახალგაზრდა წევრი "მონაკოს" ფორვარდი კილიან მბაპეა (93 მილიონი ევრო), ხოლო ყველაზე ხანდაზმული "მარადმწვანე" კრიშტიანო რონალდოა (112).

მაშ ასე, ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ნეიმარ ჯუნიორია, "ბარსელონას" 25 წლის ფეხბურთელი, წესით და რიგით, 210,7 მილიონი ევრო უნდა ღირდეს. მას "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

მეორე ადგილზე, ბევრისთვის მოულოდნელად, 21 წლის ინგლისელი დელე ალია. ალის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. "დეზების" შემტევ ნახევარმცველს საფეხბურთო ობსერვატორია 155,1 მილიონ ევროდ აფასებს.

სამეულში კიდევ ერთი ინგლისელია, კიდევ ერთი ტოტენჰემელი, ინგლისის ნაკრების ახალი კაპიტანი ჰარი კეინი. 23 წლის ფორვარდი ბოლო დროს შესაშურ ფორმაშია - ობსერვატორია კეინს 153,6 მილიონად აფასებს. კეინის კონტრაქტიც 2022 წლამდეა.

მეოთხე ადგილზეა ლიონელ მესი, რომელიც უკვე 29 წლისაა. ლეოს კონტრაქტი 2018 წლამდე იწურება. არგენტინელის ფასი 151,7 მილიონი ევროა.

ხუთეულს ასრულებს ანტუან გრიზმანი. ფრანგი "ატლეტიკოს" 2021 წლამდე ეკუთვნის - 150,3 მილიონი მისი სავარაუდო ფასია.

მეექვსე ადგილზე ბარსელონური MSN-ის მესამე წევრი ლუის სუარესია. ურუგვაელი უკვე 30 წლისაა, მისი ფასი 140,8 მილიონი ევროა. სუარესს 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი "ბარსელონასთან".

დღეისათვის ყველაზე ძვირიანი ტრანსფერის ობიექტი პოლ პოგბა მხოლოდ მე-7 ადგილზეა. ფრანგის ფასი 134,3 მილიონია. 24 წლის პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2021 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი.

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატიდან არ არის, გონსალო იგუაინია. ის მერვე ადგილზეა. 29 წლის ფეხბურთელი 2021 წლამდე "იუვენტუსში" ითამაშებს. "პიპიტას" ფასი 120,2 მილიონი ევროა.

ცოტა უცნაურია, მაგრამ ბელგიელი ედენ აზარი მხოლოდ მეცხრე ადგილზეა. 26 წლის ნახევარმცველი 117,2 მილიონი ევრო ღირს. აზარი "ჩელსის" საკუთრება 2020 წლამდეა.

ათეულს ასრულებს პაულო დიბალა. 23 წლის არგენტინელი, რომელიც "იუვენტუსთან" 2022 წლამდეა კონტრაქტზე, 115,3 მილიონი ევრო ღირს.

ტოპ-10-ში სამი ფეხბურთელი "ბარსელონას" საკუთრებაა, 2-2 "ტოტენჰემისა" და "იუვენტუსის", თითო "მანჩესტერ იუნაიტედის", "ჩელსისა" და "ატლეტიკოსი". როგორც ხედავთ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "რეალის" ერთი ფეხბურთელიც კი არ არის ათეულში, არც "ოქროს ბურთის" ახლანდელი და სავარაუდოდ, მომავალი მფლობელი კრიშტიანო რონალდოც. რონალდოს საბაზრო ფასი ახლა 112,4 მილიონი ევროა და ის მე-11 ადგილზეა. რაღა თქმა უნდა, ამ "ჩამოფასების" მიზეზი მადეირელის ასაკია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის 110 ფეხბურთელში ყველაზე ასაკოვანია, რონალდო 32 წლისაა და ის "რეალთან" 2021 წლამდეა დაკავშირებული.

კიდევ სამი ფეხბურთელის ფასი აღემატება 100 მილიონს, მათზეც ვთქვათ: კევინ დე ბრუინი კიდევ ერთი ბელგიელია სიაში, "სიტის" 25 წლის გარემარბი (კონტრაქტი 2021 წლამდე) 110,5 მილიონი ღირს. მე-13 ადგილზეა მორიგი ბელგიელი, რომელუ ლუკაკუ, 24 წლის ევერტონელი 105,4 მილიონი ღირს. თუ მესის არ ჩავთვლით, მას ყველაზე მალე უსრულდება ხელშეკრულება - 2019 წელს. ასიანთა კლუბს მე-14 ადგილით ასრულებს პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი, ბუნდესლიგის პირველი წარმომადგენელი. "ბაიერნის" ფორვარდის (კონტრაქტი 2021 წლამდე) ფასი 100,6 მილიონია.

ოცეულს ასრულებენ: 15. რაჰიმ სტერლინგი (სიტი) - 98,8; 16. იანიკ ფერეირა-კარასკო (ატლეტიკო) - 97,6; 17. ალექსის სანჩესი (არსენალი) - 95,9; 18. კილიან მბაპე (მონაკო) - 92,6; 19. უსმან დემბელე (დორტმუნდი) - 87,1; 20. რობერტო ფირმინო (ლივერპული) - 85,3.

საინტერესო ფეხბურთელები ამ სიაში - ლიგა 1-ის ბომბარდირი 31 გოლით ედინსონ კავანი 82,8 მილიონით 24-ე ადგილზეა. პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ნგოლო კანტე 79,2 მილიონით 30-ეა. იტალიელთა გამორჩეული ფორვარდი ანდრეა ბელოტი 71,9 მილიონით 36-ე ადგილზეა. გარეთ ბეილი 66,7 მილიონით მხოლოდ 43-ე ადგილზეა. მარკო ვერატი 67-ე ადგილს იყოფს (ფასი - 54,9 მილიონი), სერია A-ს ბომბარდირი ედინ ჯეკო 74-ეა (51,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალი და კეინი არ დაგეკარგოთ :)))
0
10 დღე გავიდა რეალის ტრიუმფიდან და უკვე გამოძვრენ ბარსას უნამუსო ფანები.ათეულში არცერთი რეალერი და სამი ბარსადან.ეგ ათვლა მე-11 დან უნდა იწყებოდეს იმიტომ რომ პირველი ათი ყველაზე მაგარი რეალიდანაა.
თავს ტყუილა იტყუებთ.
17:51 14-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული