ევროსეზონი 2016/17: ციფრები, ფაქტები... როგორ დაანგრიეს იტალიელებმა ძველი სტერეოტიპი

AutoSharing Option
ევროპაში საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე ერთადერთი მატჩი დარჩა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ურთიერთობას "რეალი" და "იუვენტუსი" გაარკვევენ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, შევაჯამოთ შიდა სეზონი ტოპ-ლიგებში. მკითხველს საინტერესო სტატისტიკური მონაცემების ანალიზს ვთავაზობთ...

ხანდახან ფეხბურთში ხდება ისეთი მოვლენა, რომელიც ანგრევს წლების განმავლობაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. სწორედ ასეთი მყარი სტეორეტიპი იყო ის, რომ იტალიური გუნდები, პირველ რიგში, ფიქრობენ დაცვაზე, არწაგებაზე და მხოლოდ მერე - შეტევასა და გამარჯვებაზე.

ეს წლების განმავლობაში დასტურდებოდა ფაქტებით. სერია A-ში შედეგიანობა ყოველთვის გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ინგლისში, გერმანიასა და
ესპანეთში. ახლახან დასრულებულ სეზონში კი იტალიური გოლების სიუხვემ ევროპა გააოცა: 1123 - 380 მატჩში, რაც 144-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონში. საშუალო შედეგიანობა თამაშში 2.58 გოლიდან 2,96-მდე (!) გაიზარდა.

წარმოუდგენლად მაღალია ცალკე აღებული ერთი გუნდის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაც - "ნაპოლის" ფეხბურთელებმა 94-ჯერ (!) შეარხიეს მეტოქეთა კარის ბადე. იტალიაში მეორე მაჩვენებელი "რომას" აქვს - 90, ჩემპიონი "იუვენტუსი" კი მხოლოდ მესამეა - 77.

* * *
მთელი სეზონის განმავლობაში ევროპის ტოპ-ლიგებში იყო 17 ისეთი მატჩი, რომლებშიც 8 და მეტი გოლი გავიდა. საინტერესოა, რომ ამ 17 მატჩიდან 13 მოდის 31 მარტის შემდგომ პერიოდზე.

ინგლისი. ჰალი-ტოტენჰემი 1:7
ესპანეთი. ბარსელონა-ოსასუნა 7:1, დეპორტივო-რეალი 2:6
იტალია. ფიორენტინა-ინტერი 5:4, ლაციო-პალერმო 6:2, ლაციო-სამპდორია 7:3, კიევო-რომა 3:5, სასუოლო-კალიარი 6:2, ტორინო-სასუოლო 5:3
გერმანია. ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 5:3, ვერდერი-ჰოფენჰაიმი 3:5, ლაიპციგი-ბაიერნი 4:5, ჰერტა-ლევერკუზენი 2:6

სეზონის უხვგოლიანი 30 მატჩიდან მხოლოდ "ბაიერნი"-"ჰამბურგი" (8:0) იყო ისეთი თამაში, როცა გოლები მხოლოდ ერთ გუნდს გაჰქონდა.

როგორ ხედავთ, სერია A ამ მაჩვენებლითაც (12) მოწინავეა, არადა, წინა სეზონში ამ ქვეყნის სტადიონებზე ერთ მატჩში 8 და მეტი გოლის შემთხვევა საერთოდ არ ყოფილა.

ამასთან, იტალიაში ნულოვანი ფრეების პროცენტული მაჩვენებელიც ყველაზე დაბალია ტოპ-ლიგებს შორის - 5.0%.

* * *
პენალტების რეალიზაციის მხრივ, ლიდერია საფრანგეთის ლიგა 1 - 78.4%. უარესად იყო საქმე სერია A-სა (71.5%) და ბუნდესლიგაში (72.4%).

წინა სეზონთან შედარებით, აშკარა გაუმჯობესება აქვს საფრანგეთს - 7.4% პროცენტით მეტი 11-მეტრიანია რეალიზებული. ესპანეთში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია - 1.6%. გერმანიაში კი სულაც რეგრესია - ამ სეზონში ბუნდესლიგის კლუბებმა 6.7%-ით ნაკლები პენალტი გაიტანეს, ვიდრე წინა კამპანიისას.

საშუალო მაჩვენებლებს თუ ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ მატჩში ყველაზე მეტი (0.36) პენალტი ესპანურ ლა ლიგაში დაინიშნა. საფრანგეთის ლიგა 1-ში - 0.33, ინგლისში - 0.28.

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ჩამონათვალი იმ კლუბებისა (ლიგების მიხედვით), რომელთაც ყველაზე მეტი 11-მეტრიანი დაარტყეს.

ინგლისი (38 ტური). ბორნმუთი - 10 პენალტი (გატანილია 7)
ესპანეთი (38). ბარსელონა - 9 (8)
იტალია (38). ლაციო და რომა - 14 (12)
გერმანია (34). ლევერკუზენი - 9 (4)
საფრანგეთი (38). ლიონი - 14 (12)

საინტერესოა, რომ "ბარსელონა" და "ლაციო" წინა ჩემპიონატშიც გამოირჩეოდნენ მათ სასარგებლოდ დანიშნული პენალტების რაოდენობით.

ბარემ ის მსაჯებიც გავიცნოთ, რომლებმაც ყველაზე მეტი 11-მეტრიანი დანიშნეს.

ინგლისი: მ. ოლივერი - 13 პენალტი (33 მატჩში)
ესპანეთი: ხ. მარტინესი - 10 (21)
იტალია: ა. დ'ამატო - 11 (17)
საფრანგეთი: ი. აიმელი, დ. შნედერი - ორივე 11 (შესაბამისად - 22 და 23)

* * *
წინა სეზონთან შედარებით, მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგაში ფიქსირდება საშუალოდ ერთ მატჩში ყვითელი ბარათების რაოდენობის ზრდა - 3.19-დან 3.71-მდე. ამ მხრივ, ყველაზე თვალსაჩინო შემცირება სერია A-ში იკვეთება - 5.08-დან 4.52-მდე.

ტრადიციულად, ყვითელი ბარათების რაოდენობით ლიდერობს ლა ლიგა - 5.16 საშუალოდ მატჩში. მინიმალურია საფრანგეთის ლიგა 1-ის წილი - 3.40.

აქაც მივყვეთ ლიგების მიხედვით და ის გუნდები ჩამოვთვალოთ, რომლებმაც ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ყვითელი ბარათი მიიღეს:

ინგლისი. უოტფორდი - 87 (2.29), ლივერპული და ბორნმუთი - 54 (1.42)
ესპანეთი. ალავესი - 139 (3.11), ბარსელონა - 74 (1.95)
იტალია. ემპოლი - 107 (2.82), ნაპოლი - 58 (1.53)
გერმანია. აინტრახტი - 85 (2.50), ბაიერნი - 47 (1.38)
საფრანგეთი. ტულუზი - 89 (2.34), მონპელიე - 46 (1.21)

ცნობისთვის, "ბარსელონა", "ნაპოლი" და "აინტრახტი" ამავე ნომინაციაში გასულ სეზონშიც გამოირჩეოდნენ.

* * *
თუ ინგლისში ყვითელი ბარათების მხრივ მატებაა, მკვეთრი ვარდნაა წითელი ბარათების კუთხით - 380 მატჩში 41 გაძევება დაფიქსირდა, შარშანდელი 59-ის საწინააღმდეგოდ. ინგლისში საშუალოდ ერთ მატჩში 0.11 გაძევება ლამის ორჯერ დაბალი მაჩვენებელია სხვა ლიგებთან შედარებით, გერმანული ბუნდესლიგის (0.18) გამოკლებით. სხვათა შორის, ტოპ-ლიგებს შორის ბუნდესლიგაში ამ ციფრმა წინა სეზონთან (0.13) შედარებით მოიმატა.

გავეცნოთ იმ გუნდებს, რომელთაც ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები გაძევება აქვთ:

ინგლისი. ვესტ ჰემი, უოტფორდი, ჰალი - 5, ჩელსი, ტოტენჰემი, ლივერპული, ვესტ ბრომვიჩი, კრისტალ პალასი, სუონსი - 0.
ესპანეთი. სელტა - 8, ბარსელონა - 1
იტალია. მილანი - 12, იუვენტუსი - 0
გერმანია. მაინცი - 7, ბაიერნი - 0
საფრანგეთი. ბასტია - 14, მარსელი - 1

* * *
მაყურებელთა დასწრების შემცირების მხრივ, გამოირჩევა გერმანული ბუნდესლიგა, სადაც საშუალო მაჩვენებელი 1,8 ათასით (43.3-დან 41.5-მდე) დაეცა, მაგრამ წესით, მომავალ სეზონში გერმანია ამ ჩავარდნას "ამოქაჩავს", რადგან ელიტაში დაბრუნდნენ "შტუტგარტი" და "ჰანოვერი", რომელთაც "ინგოლშტადტისა" და "დარმშტადტისგან" (ორივე გავარდა ბუნდესლიგიდან) განსხვავებით, გაცილებით ტევადი სტადიონები აქვთ.

გადავხედოთ იმ კლუბებს, რომელთაც ტოპ-ლიგები ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები მაყურებელი (საშუალოდ მატჩში) ჰყავდათ:
ინგლისი. მანჩესტერ იუნ - 75.3, ბორნმუთი - 11.2
ესპანეთი. ბარსელონა - 78.6, ეიბარი - 5.2
იტალია. ინტერი - 47.9, კროტონე - 7.9
გერმანია. დორტმუნდი - 79.7, ინგოლშტადტი - 14.6
საფრანგეთი. პსჟ - 45.2, მონაკო - 9.4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული