გოლეადორები და ტიტულები: ბომბარდირები, რომლებიც ჩემპიონობას ვერ შესწვდნენ

AutoSharing Option
2016/17 წლების საფეხბურთო სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, უკვე დასრულდა "დიდი ხუთეულის" პირველობები და ისე მოხდა, რომ არც ერთ ქვეყანაში არ მოუგია ჩემპიონატი იმ გუნდს, რომლის ფეხბურთელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ესპანეთში ლიონელ მესიმ 37 გოლით დაასრულა ტურნირი. ეს არა მარტო ესპანური "პიჩიჩისთვის", არამედ ევროპული "ოქროს ბუცისთვისაც" საკმარისი აღმოჩნდა - მესი ტიტულს მეოთხედ მოიგებს, მაგრამ ჩემპიონატი არა "ბარსელონამ", არამედ მადრიდის "რეალმა" მოიგო, ბომბარდირის გუნდი კი მეორე ადგილით დაკმაყოფილდა. ჩემპიონის საუკეთესო მეგოლე კრიშტიანო რონალდო კი "პიჩიჩისთვის" ბრძოლაში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.

მეორე ადგილით
დაკმაყოფილდა "ტოტენჰემიც", რომლის ჰარი კეინმაც ბოლო ტურებში საოცარი სპურტით მოიგო პრემიერლიგის ბომბარდირის წოდება - მან 29 გოლი გაიტანა ინგლისის ჩემპიონატში, რომლის ჩემპიონიც ლონდონის სხვა კლუბი - "ჩელსი" გახდა, რომლის საუკეთესო მეგოლემ, დიეგო კოშტამ "მხოლოდ" 20 გოლი გაიტანა.

გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირისთვის განკუთვნილი "ქვემეხი" პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მიიღო, რომლის გუნდი - "დორტმუნდი" სულაც მესამე ადგილზე გავიდა ჩემპიონატში. ერთი გოლი დააკლდა ჩემპიონ "ბაიერნის" ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის და ისიც თანაბომბარდირი გახდებოდა, მაგრამ ბოლო ტურში, გაბონელისგან განსხვავებით, პოლონელმა გოლის გატანა ვერ შეძლო.

მეორე იყო იტალიაში ედინ ჯეკოს "რომა", თუმცა ბოსნიელს მაინც საამაყოდ აქვს საქმე - ტურნირში ყველაზე მეტი, 29 გოლი გაიტანა. ჩემპიონ "იუვენტუსის" მეგოლე გონსალო იგუაინი 24 შედეგიანი დარტყმით საზიარო მეოთხე ადგილზე გავიდა.

ედინსონ კავანის 35 გოლი "პარი სენ-ჟერმენს" მეორე ადგილის დაკავებაში დაეხმარა, პსჟ-მა ბრძოლა "მონაკოსთან" წააგო. ჩემპიონის ფორვარდი რადამელ ფალკაო 21 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამეა.

ტოპ-5 ლიგას რომ შევეშვათ, "მეექვსე" პირველობის, პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბას დოსტიც (34 გოლი) ვერ შესწვდა ჩემპიონობას - ლისაბონის "სპორტინგი" მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული