მესუთის დრო: გერმანელი ფლეგმა-გენიოსი "არსენალიდან" წავა?

AutoSharing Option
მესუთ იოზილი წყნარადაა. მას შეუძლია, აფეთქდეს, მაგრამ ის ჯერ დუმს. "არსენალს " გადამწყვეტი ჟამი უდგას ინგლისურ პრემიერლიგაში. ახლა დროა, გერმანელი აფეთქდეს, სხვანაირად არ შეიძლება.

სხვანაირად "არსენალი" ვერ მიაღწევს სანუკვარ მიზანს და ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, მთავარ ინტრიგას პრემიერლიგაში, რომლის დასაუფლებლადაც წარმატებას მიჩვეულ გუნდს ერთი წაფორხილების უფლებაც კი არ აქვს.

ვინც მიმდინარე სეზონში "არსენალის" თამაშს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება: დღეს თუ ვინმე ლონდონურ კლუბში გამოირჩევა, ეს, უდავოდ, ალექსის სანჩესია. ჩილელი არის ყველგან, სა
დაც გუნდს სჭირდება. გასაგებია, რომ ალექსისი არაა ერთადერთი ხსნა და მისი გადაბირება "ბაიერნს" უნდა, მაგრამ ის მაინც პირველი კაცია არსენ ვენგერის გუნდში. წასვლაზე მოფიქრალიც კი.

თუ "არსენალს" უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიგოს, მაშინ მას მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე "ჩამოკიდება" არ გამოადგება. კიდევ უნდა გამოჩნდეს ვიღაც, ვინც სანჩესს მხარს აუბამს. რა თქმა უნდა, გადამწყვეტ სიტუაციებში ლიდერის პოვნა იოლი არაა. არადა, "არსენალს" ის ჰყავს და მან გადამწყვეტ მომენტში უსათუოდ უნდა მოუმატოს.

მკითხველს ბევრი მარჩიელობა არ სჭირდება. ესაა გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი. მას "არსენალში" მისვლის შემდეგ გუნდის უდავო ლიდერობას უწინასწარმეტყველებდნენ. ის ჯერაც ვერ იქცა გამოკვეთილ ჯილად ლონდონელი გულშემატკივრებისა, რომლებიც "რეალისა" და "შალკეს" ყოფილი ვარსკვლავისგან დიდ გარდაქმნებს ელოდნენ ინგლისურ გრანდში.

არავინ იცის, წავა თუ არა "არსენალიდან" არსენ ვენგერი, მაგრამ ერთი კია: ჩემპიონთა ლიგა, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი იქნება "არსენალის" გარეშე. ჯერ არც ის ვიცით, დარჩებიან თუ არა იოზილი და სანჩესი მომავალ სეზონში ინგლისურ კლუბში, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დარჩნენ.

აქ არაა იმაზე საუბარი, რატომ უნდა დარჩნენ ან არ უნდა დარჩნენ იოზილი და სანჩესი "მეთოფეთა" რიგებში. ეს გუნდი შესაძლოა, თვით არსენ ვენგერმა დატოვოს. უბრალოდ ვთქვათ, რომ თუ იოზილი და სანჩესი გუნდის დატოვებას მოისურვებენ, მაშინ ლონდონური კლუბი დარჩება ერთ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ გუნდად.

სანჩესი ცოტა სხვა ნატურაა. ის ხასიათის ფეხბურთელია. როცა გუნდს თამაში მისდის და გუნდური ატმოსფერო კარგია, ჩილელი მშვენივრად თამაშობს. იოზილს კი, თითქოს, თავისი ნიჭი სადღაც ზურგს უკან აქვს შენახული. ჩვენ ყველა ერთად ველოდებით, რომ გერმანელი ჯადოსნურ ჯოხს აიქნევს, ეს ჯოხი კი არა და არ ჩანს.

და მესუთმა უნდა დაიწყოს. ესაა "არსენალის" საშველი. ესაა ვენგერის საშველი. თუ წასვლაა, წასვლა უნდა იყოს. თუ გერმანელს არ უნდა, რომ უსახელოდ გაეცალოს ლონდონურ კლუბს, მან უნდა გააკეთოს რაღაც ისეთი, რაც გულშემატკივრებს აიძულებს, გერმანელზე ისაუბრონ ამაღლებულ ტონში.

იყო დრო, არსენ ვენგერი მესუთს "ფარულ იარაღს" უწოდებდა. ამ იარაღს გასროლა დაუგვიანდა. რა ვიცით, იქნებ გაისროლოს კიდეც.

თავად მესუთი ყველა მატჩში ისე გამოდის, რომ კაცი მას ვერაფერს გაუგებს, გერმანელი ფლეგმაა და კაცი იოლად ვერაფერს შეატყობ. არადა, თუ მოინდომა, შეუძლია, ერთი მოძრაობით ყველაფერი გადაწყვიტოს.

"ჩემთვის მთავარი კოლექტიური ფეხბურთია. მე ძალიან ხშირად უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს საგოლე პასი, ვიდრე გოლი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მე გუნდური ფეხბურთელი ვარ. ესაა ჩემი პლუსი", - ამბობდა იოზილი წლების წინ.

დიდი ალბათობით, "რეალში" იოზილს არ აპატიეს სიყვარული გუნდური ფეხბურთის მიმართ და ამიტომაც მოუხდა მას "სამეფო კლუბის" დატოვება. ახლა "არსენალშიც" ეგოიზმის დროა, მესუთმა უნდა გარისკოს, სხვანაირი თამაში "არსენალის" კატასტროფას ნიშნავს. არსენ ვენგერი მიეჩვია იმას, რომ მისი გუნდი ჩემპიონი ვერ ხდება. სამაგიეროდ, ის მიჩვეულია ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

ისე ჩანს, რომ არსენს დარჩენა უნდა და ამაში მას მესუთი უნდა დაეხმაროს, სხვანაირად გაჭირდება. გერმანელი ვალდებულია. ის უნდა აფეთქდეს. მესუთს შეუძლია, რიგითი შეხვედრა დიდ სანახაობად აქციოს. ის არაა რიგითი თამაშების კაცი, მაგრამ ახლა "მეთოფეთათვის" რიგითი მომენტი არც დგას, ახლა ნამდვილი ბრძოლაა, ყოფნა-არყოფნის ამბავი.
ფლეგმას დიდი თავგამოდება მართებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული