გარეთ ბეილი - დაბრუნება "ნისლიან ალბიონზე"?

AutoSharing Option
ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ამ სეზონის მერე გარეთ ბეილი "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებს. "რეალი" სუპერვარსკვლავებით გადავსებულია და, თითქოს, გადატვირთულ რგოლს ცოტა შემსუბუქება სჭირდება, რაც ერთი ან ორი გამორჩეული ფეხბურთელის გაშვებას გულისხმობს და აი, თითქოს, გადაწყვეტილებაც მიღებულია… რაც მთავარია, თავად უელსელს მონდომებია წასვლა.

და რაშია საქმე?
როგორც ამბობენ, უელსელს წინასწარი შეთანხმება აქვს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან. თუმცა 27 წლის ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მაინც არ მიუღიაო.

რატომ?
კულუარული ინფორმაციით, გარეთ ბეილი "განსაკუთრებულს" დაჰპირდა, რომ თუ ის ინგლისში დაბრუნდება, სწორედ
"ოლდ ტრაფორდს" მიაშურებს. მეორე მხრივ, გარეთს მომავალი გუნდი საბოლოოდ ჯერ არ აურჩევია და მას მიმდინარე პრემიერლიგის უძლიერესი და ჟოზეს ექსგუნდი ლონდონის "ჩელსიც" ეპოტინება. სერიოზული მსურველია მიუნხენის "ბაიერნიც", რომელიც ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შემცვლელებს ეძებს. თანაც, გერმანული გუნდი შესაძლოა, დუგლას კოშტამაც დატოვოს და მოკლედ, ფლანგებზე გარღვევაა, ბიუჯეტში კი - არა. ახლა მიუნხენელებიც გადამხდელები არიან.

ფლორენტინო პერესი კი კარგი თანხის სანაცვლოდ, ბეილს გაყიდის, ასე ჩანს. იმიტომ, რომ მადრიდული გუნდის უფროსობა გარეთის გაუთავებელი ტრავმიანობითაა უკმაყოფილო. ექსტოტონჰემელმა ამ სეზონის უდიდესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა. მას არც "ბაიერნთან", არც "ბარსელონასთან" მატჩებში, ზოგჯერ გადატანითი და ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობით, არ უთამაშია და სავარაუდოდ, სავარაუდო ფინალსაც გამოტოვებს. ეს "ეგოების თამაშზე" და გუნდში მის მდგომარეობასა და სტატუსზეც მნიშვნელოვნად აისახა.

ზინედინ ზიდანი ბეილის ადგილზე აქტიურად აყენებს ხოლმე ისკოს, ხამესს, მარკოს ასენსიოსს, ლუკას ვასკესს… და ეს ახალგაზრდებიც მშვენივრად გამოიყურებიან. აი, მაგალითად, ვასკესი მიუნხენში გარეთის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და კრიშტიანო რონალდომ გამარჯვების გოლი სწორედ მისი პასით გაიტანა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში ასევე ცვლილებაზე შემოსულმა თავად გაიტანა. ისკო ფორმაში შევიდა და ზიზუს ფავორიტია.

გარკვეული დაძაბულობა ბეილსა და "სამეფო გუნდის" უფროსობას შორის (ფეხბურთელებში ქიშპობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს სულ რომ მოვეშვათ) აქამდეც იყო. მას ცოტა უპატივცემულოდ მოექცნენ 2016 წელს, როდესაც შეჰპირდნენ, რომ ახალი კონტრაქტის პირობებსა და ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებულ დეტალებს ევრო 2016-ის დაწყებამდე შეათანხმებდნენ. ბეილმა იქ შესანიშნავად ითამაშა და ნაკრები წარმატებით ატარა ნახევარფინალამდე, ახალ კონტრაქტს კი ხელი მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს მოეწერა, იქამდე გარეთს ევაჭრებოდნენ.

"ჩემი აზრით, კრიშტიანომ ფიზმომზადების თვალსაზრისით მაქსიმუმს მიაღწია და ამაზე მეტს ვერ შეძლებს, მხოლოდ თუ მოუკლებს. თუმცა ჯერჯერობით, იგი რჩება საუკეთესო გოლეადორად. პრობლემა კი იმაშია, რომ ის სხვებს უშლის ხელს. არ ვიცით, შეძლებს თუ არა ბეილი კიდევ 3 წელი ასეთ პირობებში თამაშს. რონალდო შესაძლოა, რობერტ ლევანდოვსკის სავარაუდო ტრანსფერშიც გადაულახავ ბარიერად იქცეს" - ამბობს ჟურნალისტი გილიემ ბალაგე, რომელმაც თავის დროზე პირველმა გაავრცელა ბეილის "რეალში" გადასვლის შესახებ ცნობა და უელსელის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს.

როგორც ჩანს, მზად არ არის
ვინც "რეალის" მატჩებს აქტიურად ადევნებს თვალყურს, ძველი უთანხმოებებიც ემახსოვრება და იმასაც ხედავს, თუ როგორ რეაგირებს ხოლმე რონალდო ბეილის თითოეულ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებაზე. გარეთს აშკარად გუნდის ლიდერობა უნდა, ამისკენ მიილტვის, ასეთი ხასიათი აქვს. ის მებრძოლია და გამარჯვებულის მენტალიტეტით განმსჭვალული, რაც "ტოტენჰემში" ყოფნის დროსაც დაადასტურა. თუმცა, რამდენად გაუძლებს წნეხს და რამდენად შეძლებს კონკურენციის გაწევას "ეგოისტ" რონალდოსთან, რომელიც მსოფლიოში ლიონელ მესის ექიშპება და თავის გუნდში ხომ მხოლოდ ის უნდა იყოს პირველი.

პირველობისთვის ბრძოლა კი ფაქტია, გრძელდება - მაგალითად, ჯარიმებს ადრე სულ რონალდო ასრულებდა. ახლა კი თუ ჯარიმა მოედნის მარჯვენა ნახევარზე დაინიშნა, ბურთთან ბეილი მიდის, ხოლო მარცხენა ფლანგზე დანიშნულ ჯარიმებს ისევ კრიშტიანო ასრულებს.

მეტიც, ზამთარში ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ "რეალი" რონალდოსთან განშორებაზე ფიქრობდა და პრაგმატულად ეს სწორიც იქნებაო, რადგან პორტუგალიელი უკვე 32 წლისაა და ეს სახუმარო საქმე არ გახლავთ. მისი ფასი კი უფრო და უფრო ეცემა, ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ… ბეილი ისევ დაშავდა, რონალდოს კი 41 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი - მოდი და გაუშვი!..

ბეილის საწინააღმდეგოდაა ზემოთ ნახსენები ფაქტიც - მის პოზიციაზე სულ ცოტა, 3 ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას. ერთში "რეალმა" "მონაკოს" 80 მილიონი ფუნტი გადაუხადა. მეორეს ესპანეთის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელად და მომავალში ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებენ, ხოლო მესამე მინდორზე შემოსვლისთანავე ამტკიცებს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და თავისი ადგილისთვის აქტიურად იბრძვის.

რა უშლის ხელს ბეილს პრემიერლიგაში დაბრუნებაში? იქ ის ძალიან უყვართ და არამხოლოდ "საუთჰემპტონისა" და "ტოტენჰემის" ფანებს, იქ მისთვის არასოდეს უსტვენიათ, ლა ლიგისგან განსხვავებით. ხელფასი გარეთს ინგლისშიც სოლიდური ექნება და, ვთქვათ, მიუნხენშიც. მოურინიო კი გარეთს გუნდის მის გარშემო აშენებას ჰპირდებაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული