"აიაქსის" დაბრუნება - კრუიფის არენის ბიჭების თაობა

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს "აიაქსმა" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გაყიდა. ამის მიუხედავად, პეტერ ბოშის გაწვრთნილი გუნდი ძალიან ახლოსაა ევროპალიგის ფინალში გასვლასთან.

ამსტერდამელებმა პირველ ნახევარფინალში საკუთარ არენაზე 4:1 მოუგეს "ლიონს". ბევრს გაახსენდა ძველი, ულამაზესი და უძლიერესი "აიაქსი", რომელიც ოთხმოცდაათიანებში ევროპას აზანზარებდა. მაშინდელი გუნდისგან განსხვავებით, ამჟამინდელი შესახებ შედარებით ცოტა ვიცით. გავიცნოთ ახალი და ძალიან სიმპატიური "აიაქსი", მისი ლიდერები.

ანდრე ონანა
ზაფხულში ამსტერდამულმა კლუბმა "ბარსელონაში" გაყიდა მთავარი მეკარე იესპერ სილესენი. მის შემცვლელად მოვიდა 21 წლის კამერუნელი გოლკიპერი ანდრე ონანანა. მან ძირითადისათვის ბრძოლა მოუგო გამოცდილ ტიმ კრულს.
ეს კიდევ ცოტაა, მან საკლუბო რეკორდი გაიმეორა ზედიზედ ჩატარებული "მშრალი" მატჩების მიხედვით. "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილში ამსტერდამელებმა მხოლოდ 150 ათასი ევრო გადაიხადეს.

დეილი სინკგრავენი
დეილი სინკგრავენი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ჰოლანდიელები ტოტალურ ფეხბურთს. ორი წლის წინათ, ის "აიაქსში" 7 მილიონ ევროდ გადავიდა "ჰერენვენიდან", როგორც... პერსპექტიული შემტევი ნახევარმცველი. მას თავიდან საქმეები კარგად არ წაუვიდა, მერე კი მარცხენა მცველი გახდა და დღეს ამ ამპლუაში საუკეთესოა ჰოლანდიის ჩემპიონატში.

მატეის დე ლიხტი
17 წლის ცენტრალური მცველი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება. ჯერ მხოლოდ ნახევარი წელია, რაც დიდებში თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო არა მხოლოდ "აიაქსის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბება, არამედ ჰოლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა.

დავინსონ სანჩესი
წინა ზაფხულს 20 წლის კოლუმბიელის გადაბირებას "ბარსელონა" ცდილობდა, მაგრამ მან "აიაქსი" აირჩია. არც შემცდარა. მან ეგრევე მიიღო სათამაშო დრო და გუნდის წამყვანი ფეხბურთელიც გახდა. ათლეტური მცველი კარგია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

ჰაკიმ ზიეხი
ბევრის აზრით, თანამედროვე "აიაქსში" საუკეთესო სწორედ ისაა. 24 წლის მაროკოელმა "ლიონთან" ფეერული შეხვედრა ჩაატარადა სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ორი წლის წინ მას ჰოლანდიის ნაკრებში ვესლი სნეიდერის შემცვლელად მიიჩნევდნენ, მაგრამ "ორანიეს" სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელი შეკრებაზე არ გამოიძახა. საბოლოოდ, ზიეხმა სანაკრებო ასპარეზად მაროკო აირჩია.

დავიდ ნერეში
20 წლის ბრაზილიელი შემტევი "აიაქსში" წინა ზაფხულს გადავიდა. თანდათან, მან კარგად თამაში დაიწყო და დაჩრდილა ანვარ ელ-ღაზი, ვინც "ლილში" ამჯობინა კარიერის გაგრძელება. თუ ბრაზილიელი ძირითადში იწყებს, მას აუცილებლად გააქვს. ბოლოს "აიაქსში" ასე მაგრად ლუის სუარესი იწყებდა.

ჯასტინ კლაივერტი
პატრიკ კლაივერტის შვილი. მას ისე ჰგავს, რომ მისი კლონი გეგონება. 17 წლისაა და უკვე უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. "აიაქსში" 14 მატჩი ჩაატარა. გუნდმა თერთმეტი მოიგო და სამი ფრედ დაასრულა. ტექნიკურია, შესანიშნავად დარბის და პარტნიორის გრძნობაც არ დაეწუნება.

კასპერ დოლბერგი
19 წლის დანიელი ფორვარდი ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება. "აიაქსში" დებიუტი 2016 წლის აგვისტოში ჰქონდა. ამის შემდეგ მან პეტერ ბოშის გუნდში 44 მატჩი ჩაატარა და 20 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ამინ იუნესი
არანორმალურად ტექნიკური 23 წლის მარცხენა ვინგერი. "აიაქსმა" ის 2,5 მილიონ ევროდ იყიდა "გლადბახისაგან". "ლიონის" კარში გატანილი გოლი მისთვის ამ სეზონში მეშვიდე იყო. თორმეტჯერ ის პარტნიორებს დაეხმარა გატანაში. წარმოშობით ლიბანელი იუნესი იყო გერმანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. იოახიმ ლიოვის ყურადღებას კი ჯერ ვერ ეღირსა. როგორც ჩანს, მას ამისთვის ჩემპიონატის შეცვლა მოუწევს.

ბერტრან ტრაორე
21 წლის ბურკინა-ფასოელმა შემტევმა "ლიონს" დუბლი შეუსრულა. სამი თვე გამოტოვა ტრავმის გამო, მაგრამ ისევ დაიბრუნა ოპტიმალური სათამაშო ფორმა. კონტრაქტით "ჩელსის" ეკუთვნის და ამსტერდამულ კლუბში განათხოვრებით თამაშობს.

დევი კლაასენი
24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გუნდის კაპიტანია. მან მთელი კარიერა "აიაქსში" გაატარა. არის ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებული ფეხბურთელი. რთულ სიტუაციებში შეუძლია პარტნიორების აყოლიება.

პეტერ ბოში
53 წლის სპეციალისტს ყველაზე წარმატებული პერიოდი უდგას კარიერაში. ქართველ გულშემატკივარს ის არნემის "ვიტესის" მწვრთნელობიდან ემახსოვრება. "აიაქსამდე" თელ ავივის "მაკაბის" დამრიგებელი გახლდათ. არის შემტევი, შემოქმედებითი ფეხბურთის მიმდევარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ევროპა ლიგა რატომ უნდა გაუქმდეს ?არ უნდა გაუქმდეს და მეორე აიაქსი გასაგბეია თამასი იციან მაგრამ ჩემი აზრით გამომზეურება იყო ეს აიაქსის მხრიდან თუმცა არც ლიონი ყვავის პრიციპში))
კოტე
20:35 06-05-2017
0
მე არ მიმაჩნია საფრანგეთის ჩემპიონატი ტოპ ლიგათ სოსო,გემოვნებაზე არ დაობენ გასაგებია,მაგრამ გამოჩნდა მონაკო იუვენტუსტან გამოჰნდა პსჯ ბარსელონასთან,4 ბურთი ვერ შეინარჩუნა,მე კი მინდა რომ აიაქსი მართლაც დაბრუნდეს და გაუწიოს კონკურენცია გუნდებს მაგრამ არამგონია
vasiko
14:24 05-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული