შესანიშნავი შვიდეული: მათ ყველა ტოპჩემპიონატში გაიტანეს

AutoSharing Option
ბოიან კრკიჩი, ვინც ამ ცოტა ხნის წინათ, იჯარის წესით გადავიდა ინგლისური "სტოკ სიტიდან" გერმანულ "მაინცში", გახდა მეშვიდე ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ოთხივე ტოპლიგაში (ესპანური ლა ლიგა, ინგლისური პრემიერლიგა, გერმანული ბუნდესლიგა და იტალიური სერია A) შეძლო გოლის გატანა.

კრკიჩამდე ეს კიდევ ექვსმა მოთამაშემ შეძლო. დღევანდელი ჩვენი წერილი სწორედ მათზეა...

ფლორან რადუჩოუ
იტალია: ბარი, ვერონა, ბრეშა, მილანი
ესპანეთი: ესპანიოლი
ინგლისი: ვესტ ჰემი
გერმანია: შტუტგარტი
ბონუსი: საფრანგეთი

ფორვარდი, რომლის სახელიც 90-იან წლებში ქუხდა. მას შემდეგ, რაც მშობლიური ბუქარესტის "დინამო" დატოვა, ლამის მთელი ევროპა მოიარა.
"მილანთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი და იტალიის ჩემპიონატი. იშვიათად ჩერდებოდა სადმე ერთ სეზონზე მეტ ხანს. სამაგიეროდ, ის პირველი "მარგალიტია" ჩვენს კოლექციში, თანაც როგორი! - მას გატანილი აქვს მეხუთე ტოპლიგაშიც - ფრანგულ ლიგა 1-ში ("მონაკოს" მაისურით), რითაც უნიკალური ფეხბურთელია.

გეორგე პოპესკუ
ინგლისი: ტოტენჰემი
ესპანეთი: ბარსელონა
იტალია: ლეჩე
გერმანია: ჰანოვერი
ბონუსი: ჰოლანდია, თურქეთი

კიდევ ერთი რუმინელი ჩვენს სიაში. პოპესკუმ ევროპის ყველა ტოპლიგაში ითამაშა. და მაინც, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ჰქონდა მას თურქულ "გალათასარაიში", სადაც მოიგო არაერთი ტიტული და მათ შორის უეფას თასი. კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში მცველად გვევლინებოდა - ხოლმე, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლიდა, ხშირად გაეტანა გოლები.

იონ დალ ტომასონი
ინგლისი: ნიუკასლი
გერმანია: შტუტგარტი
იტალია: მილანი
ესპანეთი: ვილიარეალი
ბონუსი: ჰოლანდია

შესანიშნავი დანიელი ფორვარდი, რომელიც აშკარად გამოირჩეოდა ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს და ორიათასიანების დასაწყისში. ითამაშა მსოფლიოს ორ და ევროპის ამდენივე ჩემპიონატზე. "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. და მაინც, ყველაზე უკეთესად დანიის ნაკრებში თამაშობდა, თუ არ ჩავთვლით ჰოლანდიის პირველობაში გამოვლენილ დიდებულ საგოლე ალღოს. 52 გატანილი გოლით ის დანიის უპირველესი გუნდის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა.

პიერ ვომე
იტალია: ბრეშა, ბოლონია
ინგლისი: ფულემი
ესპანეთი: ესპანიოლი
გერმანია: ვერდერი

კამერუნელი მარცხენა მცველი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოხვდა ამ სიაში, რომ თითო გოლი გაიტანა ინგლისისა და ესპანეთის ლიგებში, გერმანიაში კი ორი ბურთი შეაგდო. კამერუნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე. 2000 წელს მოიგო სიდნეის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი.

ობაფემი მარტინსი
იტალია: ინტერი
ინგლისი: ნიუკასლი
გერმანია: ვოლფსბურგი
ესპანეთი: ლევანტე
ბონუსი: რუსეთი, მეიჯორლიგა, ჩინეთი

ნიგერიელი თავდამსხმელი,რომლის ასაკიც ვერავინ გაარკვია და დღემდე გამოცანად რჩება. ბევრი გაჰქონდა იტალიასა და ინგლისში, მაგრამ სუპერვარსკვლავად მაინც ვერ ჩამოყალიბდა. მოიგო რამდენიმე სათასო ტიტული, ახლა კი კარიერას ჩინეთში ასრულებს.

კევინ-პრინს ბოატენგი
გერმანია: ჰერტა, შალკე
ინგლისი: პორტსმუთი
იტალია: მილანი
ესპანეთი: ლას პალმასი

გერმანიაში გაზრდილი განელი, რომელიც ცნობილი ძმისგან (ჟერომი) განსხვავებით სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებში თამშობს. 30 წლამდე ყველაფრის გასინჯვა მოასწრო. მერე კი გამოსწორდა.

ბოიან კრკიჩი
ესპანეთი: ბარსელონა
იტალია: რომა, მილანი
ინგლისი: სტოკი
გერმანია: მაინცი
ბონუსი: ჰოლანდია

ოდესღაც ის მსოფლიო ფეხბურთის მომავალი კაშკაშა ვარსკვლავი და "ბარსელონას"იმედი იყო. ის ნაღდი საფეხბურთო გურმანივით სინჯავს ახალ-ახალ ჩემპიონატებს. ბოიანი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა. მან უკვე ძალიან ბევრი ნახა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მისი საფეხბურთო კარიერა დასასრულს უახლოვდება. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება გამოუვიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული