ფეხბურთი და პოლიტიკა: როგორ უშლის ხელს ბრექსიტი და ტრამპის პოლიტიკა ფეხბურთს?

AutoSharing Option
მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს როგორც ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გადაადგილებაზე, ისე ზოგადად, საფეხბურთო ტურნირების ჩატარებაზე.

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან (ბრექსიტი) ხელს შეუშლის ინგლისში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების, ასევე, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვას. ეს არ არის ვინმეს ვარაუდი, ამის შესახებ თვით უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ილაპარაკა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ახალი ლიდერი თავისი უშუალო სამოქმედო არეალით არ დაკმაყოფილდა და მსოფლიო ჩემპიონატსაც გადასწვდა - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საემიგრაციო აკრძალვები თუ ძალაში დარჩა, 2026 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს მუნდიალის
მასპინძლობის იმედი არ უნდა ჰქონდესო.

2026 წლამდე ბევრი წყალი ჩაივლის, უფრო ახლოს კი არის ევრო 2020, რაზეც უეფას ბოსმა ბრძანა - პირადად მე, წინააღმდეგი არ ვარ, კონტინენტის პირველობის ნახევარფინალი და ფინალი "უემბლიზე" გაიმართოსო.

ეტყობა, ჩეფერინს იმედი აქვს, რომ იმ დროისთვის ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესი არ იქნება დასრულებული, აი, მერე კი, სლოვენიელი ჩინოსანი "სერიოზულ პრობლემებს" ელოდება ვიზებთან დაკავშირებით.

სხვათა შორის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარე გრეგ კლარკი ჯერ კიდევ რეფერენდუმამდე აფრთხილებდა ბრიტანეთის საზოგადოებას, რომ აუცილებლად დადგებოდა დღის წესრიგში ის პრობლემები, რაზეც ახლა ჩეფერინი ლაპარაკობს. ბოლოს ისევ უეფას თავკაცს მოვუსმინოთ:

"რა თქმა უნდა, როცა ლაპარაკია სერიოზულ კრიმინალზე, ბრიტანეთს შეუძლია, არ გასცეს ვიზა ამა თუ იმ პერსონაზე, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ - ლიონელ მესისა და ლუის სუარესს აქვთ იურიდიული პროცედურები გადასახადებთან დაკავშირებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი წელს კარდიფშია და "ბარსელონამ" იქ თამაშის უფლება რომ მოიპოვოს (მანამდე დიდი გზაა, ჯერ პარიზული 0:4 აქვს დასაძლევი - ავტ.), მესისა და სუარესს ბრიტანეთმა ვიზა არ უნდა მისცეს?

ეს ხომ მართლაც წარმოუდგენელია?! რა გამოდის, ინგლისელ ფეხბურთელებს ყველგან გადაადგილების უფლება აქვთ და სხვა ქვეყნის მოთამაშეებს ინგლისში არ შეუშვებენ?!

დიდი პრობლემები გველოდება უკვე 2020 წელს, ევროპის ჩემპიონატის დროს... ამიტომ ვაპირებ, შევხვდე ბრიტანეთის მთავრობის წევრებს და განვიხილოთ ეს საკითხები. იმედია, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია დაგვეხმარება ჩვენს ძალისხმევაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული