უხორცო ფეხბურთელები: როგორც ცხოვრობს მსოფლიოს პირველი ვეგანური კლუბი

AutoSharing Option
ფეხბურთზე შეშლილი ინგლისისთვისაც კი მეხუთე დივიზიონის კლუბისთვის თვალის დევნება - მეტისმეტია. მით უმეტეს, თუ ლაპარაკია კლუბზე, რომელიც 126 წელია არსებობს და დღემდე არაფერი მოუგია (საუკეთესო მიღწევაა სიძლიერით მეშვიდე დივიზიონში გამარჯვება).

"ფორესტ გრინ როვერსი" 1890 წელს დაარსდა, მაგრამ მისი ნამდვილი ისტორია ექვსი წლის წინ დაიწყო, როცა კლუბი გარემოს დაცვისთვის მებრძოლმა დეილ ვინსმა შეიძინა. მულტიმილიონერმა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ავტოფურგონში ცხოვრობდა, ცხოვრების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გადახედა და მზის ენერგიასა და ქარის წისქვილებზე ააგო ბიზნესი, შემდეგ კი ეს მოდელი "ფორესტ გრინ როვერსის" მართვაში
გადაიტანა.

დეილს იდეა მაშინ მოუვიდა, როცა მისი ფურგონი გაფუჭდა. უსახსროდ დარჩენილმა, ქარის წისქვილი ააშენა და მიხვდა, რომ ამას სამყაროს შეცვლა შეეძლო. 1991 წელს, ბიზნესმენის აქტივები 500 ფუნტად ფასდებოდა. დღეს, კომპანია Ecotricity 120 მილიონ ფუნტზე მეტი ღირს.

2010 წელს, ვინსმა, რომელიც შეშლილი იყო ცხოვრების ჯანსაღ წესზე, წაიკითხა ჯანრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში, რომელმაც გავლენა იქონია მოკრძალებული კლუბის (რომელიც ვინსმა იმავე წელს იყიდა) არსებობაზე.

"ანგარიშში ეწერა, რომ ხორცი კიბოს გავრცელების მთავარი მიზეზია და მას ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის", - გაკვირვებას ვერ მალავდა მილიონერი. 2011 წელს, ფეხბურთელთა კვების რაციონიდან გაქრა ხორცისგან დამზადებული პროდუქტები, "ნიუ ლაინის" სტადიონზე კი გაიხსნა საკლუბო რესტორანი, რომელშიც იყიდებოდა კერძები ვეგეტარიანელებისთვის. ამასთან, მენიუდან არ გამქრალა ფანების საყვარელი ბურგერები, ოღონდ კოტლეტები უკვე არა ხორცისგან, არამედ ბოსტნეულისგან მზადდებოდა.

ვინსმა არენა ორგანული საღებავით გადაღება და სტადიონის სახურავზე ელემენტები დაამონტაჟა, რომლებიც მზის ენერგიას ელექტოდენში გარდაქმნიდნენ. "ნიუ ლაინზე" მინდორიც მთლიანად შეცვალეს - ახლა, მოთამაშეები გადამუშავებული მასალებისგან შექმნილ საფარზე დარბიან. გაზონის საკრეჭი მანქანაც კი მზის ენერგიაზე მუშაობს.

"კლუბს გრანდიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა: წინა ხელმძღვანელობა დიდ გადასახადს იღებდა ელექტროენერგიაზე. მზის ელემენტებმა და სტადიონთან ახლოს განლაგებულმა ქარის წისქვილებმა გადაწყვიტეს პრობლემა. გარდა ამისა, ჩვენ დავაყენეთ დრენაჟის სისტემა და წრიული მაგისტრალი - ახლა, კლუბს შეუძლია შეაგროვოს და გაფილტროს წვიმის წყალი", - ახსნა გადაწყვეტილება ვინსმა.

ბიზნესმენის შემდეგი ნაბიჯი უფრო რადიკალური იყო: ერთი წლის წინ, "ფორესტ გრინ როვერსი" გახდა მსოფლიოში პირველი ვეგანური საფეხბურთო კლუბი. მენიუმ შემდეგი ცვლილებები განიცადა: რაციონიდან ამოიღეს ყველა პროდუქტი, რომელიც ცხოველების ექსპლუატაციით არის მიღებული. მაგალითად, ძროხის რძის ნაცვლად, გაჩნდა სოიოს რძე, კვერცხი კი საერთოდ გაქრა. ვეგანებმა აგრეთვე უარი თქვეს თაფლის გამოყენებაზე და რაციონში დაამატეს მცენარეული საკვები.

"ეს არის არა ნახტომი, არამედ, უბრალო ნაბიჯი წინ. გზა ვეგეტარინელობიდან ვეგანობამდე ხანმოკლე იყო. ჩვენ ხუთი წლის წინ დავიწყეთ ხორცის თანდათანობითი ამოღება ფეხბურთელების, გულშემატკივრებისა და კლუბის თანამშრომლების რაციონიდან.

იქედან მოყოლებული, ვცდილობდით გვეჩვენებინა ჩვენი ფანებისთვის ახალი სამყარო: ხორცზე უარის თქმით, თქვენ აღებთ კარს საკვების ახალ ნაირსახეობაში. სხვაობა ვეგეტარიანულ და ვეგანურ საკვებში არც ისე დიდია. ბოლო დროს, ჩვენი საკვების დიდი ნაწილი უკვე ვეგანური იყო, ამ სეზონში კი ბოლო ნაბიჯი გადავდგით", - დაამატა ვინსმა.

ამგვარ გადამჭრელ ნაბიჯს არ "აუფეთქებია" ბრიტანული მედია, მაგრამ ვეგანური კერძების პირველმა დეგუსტაციამ Sky Sports-ის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც პროვინციაში კორესპონდენტები მიავლინა.

ფეხბურთელები გაგებით მოეკიდნენ ხელმძღვანელობის იდეას და უყომანოდ მიიღეს მენიუ, აი, ფანებთან დაკავშირებით კი პრობლემები შეიქმნა. ვინსის განცხადების შემდეგ, გულშემატკივართა ნაწილმა საპროტესტო აქცია მოაწყო, მაგრამ მალე დაიხია უკან, რადგან მიხვდა, რომ მენიუში ხორცის არარსებობას არანაირი გავლენა არ აქვს კლუბის პრესტიჟზე. უფრო მეტიც, კურსის ცვლილებიდან ერთი წლის განმავლობაში, "ფორესტ გრინ როვერსის" საშინაო მატჩებზე დასწრება 25 პროცენტით გაიზარდა.

"თუ სტერეოტიპებს დავუჯერებთ, თანამედროვე პროფესიონალ სპორტსმენს გაუჭირდება ტონუსში ყოფნა ხორცის გარეშე, რადგან ის იძლევა ძალასა და ენერგიას. ეს მართლაც რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი", - ხსნის "ფორესტ გრინის კაპიტანი კრისტიან დოიჯი.

"კვება მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის, სპორტსმენისთვის და პროფესიონალისთვის. მე ვზრუნავ სხეულზე და ჯანმრთელობაზე. მე ორგანულ კვებას ვუჭერ მხარს: ეს არის შესანიშნავი გადაწყვეტილება ჩემთვის და ჩემი ბავშვებისთვის. ჩემი ოჯახის წევრები ასევე მხარს უჭერენ ვეგეტარიანელობასა და ვეგანობას.

გაგვიმართლა, რომ კლუბში შესანიშნავი მზარეული გვყავს, რომელიც გვეხმარება მენიუების შედგენაში. ჩამონათვალი ყოველთვის სხვადასხვაა და დგება იმის გათვალისწინებით, რომელი საფეხბურთო ვარჯიშით ვარ დაკავებული. ჩვეულებრივ, დღეში ორჯერ ან სამჯერ ვიკვებებით - იმის გათვალისწინებით, როგორია დატვირთვა ვარჯიშებზე ან მატჩების დროს", - აგრძელებს დოიჯი.

უელსელი "ფორესტ გრინში" 2014 წელს გადავიდა, მაგრამ მალე გაიზიარა ვინსის იდეები. ამ ფილოსოფიაში გათვალისწინებულია გარკვეული წახალისებები: ვეგანური მენიუ აუცილებელია ფეხბურთელებისთვის, ოღონდ მხოლოდ ვარჯიშებზე, შეკრებებსა თუ მატჩებზე ყოფნის დროს. როცა მოთამაშე თუნდაც ერთი დღით ტოვებს გუნდს, მას შეუძლია მიირთვას ყველაფერი, რასაც მოისურვებს, მაგრამ ფეხბურთელთა უმრავლესობა ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ვეგანები გახდნენ.

"ფორესტ გრინი" მთელი ცხოვრება ინგლისური ფეხბურთის ქვედა დივიზიონებშია, მაგრამ ბიჭებს ქალაქ ნეილსვორთიდან (6 ათასი მოსახლეობა) სურთ ელიტას შეესაბამებოდნენ: ამას წინ, ვინსმა ფეხბურთელებისთვის მკაცრი დრეს-კოდი შემოიტანა. კლუბის მფლობელს მობეზრდა იმის ყურება, როგორ მიდიან პრესკონფერენციებზე სხვა გუნდის მოთამაშეები მოკლე შარვლებით და "ჩუსტებით". ახლა, "მწვანეები" გასვლით მატჩებზე პიჯაკებითა და ჰალსტუხებით მიემგზავრებიან.

ვინსი კომპანია Ecotricity-ის დამაარსებელია, რომელიც ასპონსორებს კლუბს და პროპაგანდას უწევს გარემოს დაცვას. 54 წლის მულტიმილიონერმა შეიმუშავა ელექტრომანქანა, რომლითაც ყოველდღე დადის სამსახურში: ბოლომდე დატენილი მანქანა 240 კილომეტრს გადის, დატენვას კი მხოლოდ ორი საათი დრო მიაქვს. ასეთივე ავტომობილს მალე "ფორეტს გრინის" მთავარი მწვრთნელი მარკ კუპერი მიღებს, შემდეგ კი კლუბის მფლობელის გამოგონებაზე ფეხბურთელებიც უნდა გადაჯდნენ.

ვინსი უკვე ეძებს "მეტყევეებისთვის" დიდ ძმას, რომელიც ანალოგიური ღირებულებების პროპაგანდას მიჰყოფს ხელს. 2011 წელს, დეილმა აღმოაჩინა თანამოაზრე გარი ნევილის სახით, რომელმაც დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია Sustainability in Sport.

ბიზნესმენისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველის თანამშრომლობა გადაიზარდა საქველმოქმედო მატჩში - "მანჩესტერისა" და "იუვენტუსის" ვარსკვლავებს შორის. მაშინ სტადიონზე მთელი ელექტროენერგია 52 ქარის წისქვილის მეშვეობით იქნა მიღებული.

ამჟამად, "ფორეტს გრინი" რანგით მtხუთე დივიზიონში (National League) თამაშობს, 31 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და ლიდერ "ლინკოლნს" ოთხი ქულით ჩამორჩება. თუ "მწვანეები" 126 წელი არსებობის განმავლობაში პირველად გადავლენ მეოთხე დივიზიონში (II ლიგა), მაშინ შეეძლებათ თამამად თქვან: "ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხორცს არ ვჭამთ". ვინსმა, რომელმაც უკვე იგრძნო წარმატება და ყურადღება, კლუბს კოსმოსური ამოცანა დაუსახა - ჩემპიონშიფში გადასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული