ფიფა ახალი სკანდალის წინაშე: ვინ მოყვება ამჯერად ბადეში?

AutoSharing Option
ახალი სკანდალი ფიფადან: ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ახალი შიდა მოკვლევა ჩაატარა, რომელმაც ახალი კორუფციული სქემები გამოააშკარავა მსოფლიო ფეხბურთის მმართველობის პირამიდის წვერში.

რა იყო?
პირველად საზოგადოებამ განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო. ფიფამ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, უეფას პირველკაცი მიშელ პლატინი და სხვა ჩინოვნიკები დიდ ფინანსურ დარღვევებში დაადანაშაულა.

გამოძიება წარიმართა რამდენიმე სასამართლოში. მათ შორის, შვეიცარიულსა და ამერიკულში. შედეგად, უკვე დეკემბერში პლატინის და ბლატერს 8-8 წლით აუკრძალეს ფეხბურთში მოღვაწეობა. საბოლოო ჯამში, ბლატერს სასჯელი 6 წლამდე შეუმცირეს, პლატინის კი - ოთხამდე, მაგრამ ეს
მხოლოდ უმნიშვნელოდ ცვლის საერთო ვითარებას.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფიფამ გადატვირთვის თუ თვითგაწმენდის პოლიტიკას მიმართა. როგორც გინდათ, ისე დაარქვით. ფიფას ოფიციალურ განცხადებას (მოგეხსენებათ, მას უკვე ჯანი ინფანტინო ხელმძღვანელობს) კარგა ხნის განმავლობაში ველოდით.

გასული წლის ივნისში ფიფამ გამოაცხადა, რომ ხუთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა ბლატერმა, გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ და მთავარმა ფინანსისტმა მარკუს კატნერმა "აითვისეს" 79 მილიონი შვეიცარიული ფრანკი. ეს ოფიციალური ციფრებია.

სქემა ძალიან მარტივი იყო. ჩინოვნიკები საკუთარ თავს უწერდნენ პრემიებს და, ამასთან ერთად, იმატებდნენ ხელფასს. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისათვის ზემოთ ნახსენებმა სამეულმა 23 მილიონი ფრანკი გამოუწერა საკუთარ თავს.

ამის შემდეგ, როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, მადა გაიზარდა. ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალის შემდეგ ამ სამეულიდან თითოეულის საბანკო ანგარიში 14 მილიონი ფრანკით შეივსო.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩინოსნებმა წინასწარ გამოწერეს რუსეთში 2018 წელს ჩასატარებელი მუნდიალის წარმატებით გამართვისათვის სარგო პრემია - თითოეულისათვის 15,5 მილიონი ევრო.

სიტუაცია ამჟამად
ტოტალური აუდიტი 30 მილიონ დოლარზე მეტისათვის ერთ-ერთმა იურიდიულმა ფორმამ ჩაატარა. აუდიტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. ფიფაში აღმოჩნდა კორუფციის ახალი ფაქტები. ვინ რა დოზითაა დამნაშავე, ეს თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი, როცა იურისტები ფიფას გამოძიების საბოლოო შედეგს წარუდგენენ.

რა იქნება?
დიდი ალბათობით, ფიფაში ახალი წმენდა დაიწყება. შეიძლება ჩვენ გავიგოთ ბინძური დეტალები იმის თაობაზე, თუ როგორ აირჩიეს ყატარი მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალის მასპინძლად. აქამდე ძნელია იმის დაჯერება, რომ ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანამ კონკურსი სუფთად მოიგო.

როგორ მოიგო ყატარმა, როცა ფიფას ტექნიკური კომიტეტი ამ კანდიდატურის სასტიკი წინააღმდეგი იყო? ალბათობის თაობაზე, რომ ხმის მიცემის დროს ზოგიერთი აფრიკული ქვეყნის წარმომადგენელი მოისყიდეს, ყველამ კარგად იცის. ასე რომ, ამაზე აღარ შევჩერდებით.

დაასახელო კონკრეტული გვარები მანამ, სანამ არ არის ოფიციალური ინფორმაცია, არაეთიკური და არაპროფესიონალურია. შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ტოტალური დაჭერები, რომელსაც შეეწირა კონკაკაფის და კონმებოლის შვიდი ჩინოვნიკი 2015 წელს, კიდევ გაგრძელდება. ძალიან მალე გავიგებთ, ვინ მოყვება ამჯერად ბადეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული