ტრანსფერ ONLINE: ფული დააბრუნე, ბიჭო! 30 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:08. "იუვენტუსი" ხავიერ პასტორეს შესაძლო ტრანსფერს მიუბრუნდა. "ფრანს ფუტბოლი" ამტკიცებს, რომ არგენტინელი გარემარბი არ არის წინააღმდეგი, დატოვოს პსჟ, რადგან ბოლო დროს უნაი ემერისთან ურთიერთობა აშკარად დაეძაბა.

12:14. უკვე "მარსელის" ოფიციალურ საიტზეც დაიწერა დიმიტრი პაიეს დაბრუნების ამბავი, მაგრამ აქ ერთი კორექტივია - ფრანგული კლუბი 29 მილიონ ევროს გადაიხდის და არა 30-ს, როგორც ადრე იყო ნათქვამი.

12:18. პაიეს წასვლაზე კომენტარი გააკეთა "ვესტ ჰემის" აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ სალივანმა: "ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმით, რაც მოხდა. პაიემ ვერ უპასუხა კლუბსა და ფანებს იმის ადეკვატური პატივისცემით,
რაც აქეთა მხრიდან ყოველთვის ჰქონდა. ჩვენ მას შევთავაზეთ ყველანაირად ხელსაყრელი კონტრაქტი, რადგან არანაირი აუცილებლობა არ გვქონდა, გაგვეყიდა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, პირიქით, ვზრუნავდით მის შენარჩუნებაზე. მაგრამ ბოლოს იძულებულნი გავხდით, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე გვემოქმედა".

12:23. მატიას სილვესტრემ "სამპდორიასთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააგრძელა. 32 წლის მცველს მოქმედი ხელშეკრულება ზაფხულში ეწურებოდა.

12:28. ჩინელები თურმე ჟოზე მოურინიოსაც მიადგნენ. "განსაკუთრებული" გამოტყდა - ძალიან მაგარ წინადადებაზე ვთქვი უარიო. თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ის აკრიტიკებს იმ ფეხბურთელებს, ვინც ცდუნებას ვერ უძლებს და ამგვარ შეთავაზებებს თანხმდება.

12:35. გვეშველა ჩვენც და ამ ბიჭსაც! ხესე როდრიგესი პსჟ-დან იჯარით "ლას პალმასში" გადავიდა. ინფორმაციას "მარკაც" ადასტურებს და მალე კლუბებიც დაუსვამენ ბეჭედს. შეთანხმება სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

12:59. მოულოდნელი ამბავი მოვიდა იტალიიდან - აურელიო დე ლაურენტისმა ფორვარდ მანოლო გაბიადინის "საუთჰემპტონში" გადასვლა დაბლოკა. არადა, გუშინ "ნაპოლიმ" და "წმინდანებმა" ხელი ხელს დაჰკრეს. დე ლაურენტისის გადაწყვეტილების მიზეზი ძალიან უცნაურია - "ნაპოლის" საშინაო ფრე (1:1 კვირას) "პალერმოსთან".

13:02. ამ ამბავს ცნობილი ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ტანკრედი პალმერი "ტვიტერზე" ეხმაურება. ის წერს, რომ "ნაპოლის" ბოსის საქციელმა გაბიადინი, თურმე, შოკში ჩააგდო. აბა, რა იქნებოდა?! მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება დე ლაურენტისს გადაუაროს გაბრაზებამ. ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის დრო...

13:08. "ლესტერმა" თითქოს, უარი თქვა ისლამ სლიმანის ჩინურ "ტიანძინში" გაყიდვაზე, მაგრამ... მოულოდნელად დათანხმდა მოლაპარაკებას. როგორც "სქაი სპორტი" წერს, ჩინელებმა თამასა 45 მილიონ ევრომდე ასწიეს.

13:16. ყველას უკვირს, მაგრამ BBC მაინც დაჟინებით ამტკიცებს - "ჩელსის" "სელტიკიდან" 34 წლის მეკარე კრეიგ გორდონი მიჰყავსო. ვითომ სხვა არჩევანი არ არის? შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" ასმირ ბეგოვიჩის აბარგებას ელოდებიან და ამადაც სჭირდებათ მისი შემცვლელი.

13:25. აჰა, როგორც იქნა, ეს კაციც დაბინავდა! ჰოლანდიელი მცველი პატრიკ ვან აანჰოლტი "სანდერლენდიდან" "კრისტალ პალასში" გადაბარგდა. კონტრაქტი 4.5-წლიანია. მხარეებმა სხვა დეტალების აფიშირება არ ინებეს. მხოლოდ BBC-მ გაარკვია საიდანღაც, რომ "არწივებს" ამ სიამოვნებაში 16,5 მილიონი ევრო გადაუხდიათ.

13:32. ვალტერ მონტოია "სევილიას" ოფისში გამოცხადდა. ანდალუსიურმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ: "23 წლის ნახევარმცველთან დაკავშირებით არგენტინულ "როსარიო სენტრალთან" შეთანხმება უკვე მიღწეულია".
ასე რომ, დარჩა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება, რაც უახლოესი საათების ამბავია.

13:38. "ვესტ ბრომვიჩმა" კალუმ უილსონისთვის 23,5 მილიონი ევრო გაამზადა. 25 წლის ფორვარდი ამ მომენტისთვის "ბორნმუთის" ღირსებას იცავს. "დეილი მეილი" კი შეგვახსენებს, რომ თუ გარიგება შედგა, "შაშვების" ისტორიაში ეს სარეკორდო ტრანსფერი იქნება.

13:44. "სქაი სპორტი" წერს, რომ "ვესტ ჰემი" ჯო ჰარტითაა დაინტერესებული და მზადაა, ინგლისის ნაკრების მეკარეს დაელაპარაკოს, როგორც კი "ტორინოში" იჯარის პერიოდი დაუმთავრდება. ერთი სიტყვით, ჰარტის პრემიერლიგაში დაბრუნება სავსებით რეალურია, მით უმეტეს, რომ ტურინში, როგორც ამბობენ, მისით კმაყოფილები არ არიან. ესეც არ იყოს, ჰარტი აღარ მივა "მანჩესტერ სიტიში" მანამ, ვიდრე იქ პეპ გვარდიოლაა. "ტორინომ" კი, მაქსიმუმ, საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას მოაბას თავი, გამოსყიდვა გამორიცხულია.

13:54. "საუთჰემპტონმა" "ნაპოლის" შეუთვალა - თუ ორშაბათს საღამომდე არ შედგა გარიგება მანოლო გაბიადინისთან დაკავშირებით, მერე კარგად იყავითო.

14:22. "ზენიტი" ბრანისლავ ივანოვიჩს, ხელფასის სახით, წელიწადში 5 მილიონ ევროს ჰპირდება. სერბს "ჩელსისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. რუსულ გრანდს მთლად "ტუზი" დაეცა, რადგან "არისტოკრატები" ივანოვიჩის უფასოდ გაშვებას აპირებენ.

14:28. სადაცაა "ბარნლი" 11,7 მილიონ ევროდ წაიყვანს "ჰალის" მარცხენა მცველ ენდრიუ რობერტსონს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

14:54. "ევერტონიდან" "სანდერლენდში" ერთბაშად ორი ფეხბურთელი გადადის - დარენ გიბსონი და ბრაიან ოვიედო სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადებიან.

15:00. "გენკმა" "ვალენსიას" მეკარე მეთიუ რაიანი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა.

15:35. "იუვენტუსის" ყოფილი მცველი მარტინ კასერესი გახსოვთ? ჰოდა, ESPN წერს, რომ 29 წლის ურუგვაელი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, "კრისტალ პალასის" სამიზნედ ქცეულა.

15:42. "მარსელის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ლუკას ოკამპოსი "მილანის" განკარგულებაში გამოცხადდა. წინ სამედიცინო შემოწმება და ნახევარწლიანი საიჯარო კონტრაქტის გაფორმებაა.

16:04. "ლესტერი" ლაციოსთან" უესლი ჰუდტზე მორიგებას ცდილობს. 22 წლის ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი "მელიებს" 10.5 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ოღონდ ჯერ რომაელების თანხმობაა საჭირო. "ლაციო" მაგრად დგასო...

16:22. აჰა, ესეც ახალი ინფორმაცია ჰუდტზე - "ლაციომ" "ლესტერი" უარით გაისტუმრაო, წერს "კორიერე დელო სპორტი".

16:55. ამ მანოლო გაბიადინის ეტყობა, ბორკილები დაადო აურელიო დე ლაურენტისმა. ჯერ ხომ "საუთჰემპტონთან" მოლაპარაკებები ჩაშალა (თითქმის ჩაშალა), ახლა კიდევ, როგორც "ეკიპი" წერს, "მარსელიც" უარით გაუსტუმრებია.

17:06. ლუკას ბილია "ლაციოსთან" კონტრაქტს 2021 წლის ივლისამდე გააგრძელებს.

17:10. კიდევ ერთი ინფორმაცია იტალიიდან. ლუკას კასტრო შეიძლება დააწინაურონ - "კიევოს" ნახევარმცველი "ლაციოსა" და "ტორინოს" ინტერესთა სფეროში მოექცა.

17:13. "სანდერლენდმა" ერთხელ შეაწუხა "ლესტერი", ფორვარდ ლეონარდო ულოას ტრანსფერთან დაკავშირებით. "კატები" 8 მილიონ ევროს იძლევიან, თუმცა "მელიებს" ეს სასაცილოდ არ ჰყოფნით.

17:18. გაღიმებული დიმიტრი პაიე პრესის წინაშე გამოჩნდა. აი, მისი სახელდახელო კომენტარიც: "ვესტ ჰემთან" დაკავშირებით ტკბილი მოგონებები ცხოვრების ბოლომდე დამრჩება. რაც შეეხება თავის მართლებას ჩემი საქციელის გამო, ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს".

17:24. ბრაზილიური გამოცემა "ო გლობო" გვარწმუნებს - ალეშანდრე პატო რომ ჩინეთში გადაბარგდება, ამას წყალი არ გაუვაო. "ვილიარეალი" "ტიანძინისგან" 18 მილიონ ევროს მიიღებს, თავად ფეხბურთელი კი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

17:29. ოჰო, ესეც კიდევ ერთი ახალი ამბავი დიმიტრი პაიეზე - "ვესტ ჰემმა" ფეხბურთელს იანვრის ხელფასის დაბრუნება მოსთხოვა. ისე კი, მართალია "ჩაქუჩების" უფროსობა. 29 წლის შემტევი, ფაქტობრივად, გაიქცა გუნდიდან და მთელი იანვარი საფრანგეთში გაატარა...

18:53. "ჰამბურგმა" დაადასტურა, რომ ბრაზილიური "გრემიოდან" უოლას სოუზა იყიდა. 21 წლის ნახევარმცველი 10 მილიონი ევრო დაჯდა.

19:06. ახალი ინფორმაცია ბრანისლავ ივანოვიჩზე. როგორც "დეილი მეილი" წერს, გამოცდილ სერბ მცველს დღეს სანკტ-პეტერბურგში ელიან...

19:26. უცნაური დამთხვევაა - ხავიერ პასტორეთი დავიწყეთ და მისითვე ვამთავრებთ. არგენტინელის აგენტმა თქვა, რომ მის კლიენტს პარიზიდან აბარგება არ სურს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული