აფრიკის ეროვნებათა თასი. 1/4-ფინალი: აფრიკა ავტორიტეტებს არ ცნობს

AutoSharing Option
აფრიკის ეროვნებათა თასზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. მას მხოლოდ ოთხი გუნდი შემორჩა. დღეს მეოთხედფინალურ მატჩებს მიმოვიხილავთ, სადაც იყო ბევრი სენსაცია და ცოტა კანონზომიერება.

ბურკინა ფასო-ტუნისი 2:0
ბურკინა ფასოს ნაკრებმა გვიჩვენა, რომ თუ თანამედროვე ფეხბურთში გუნდურ თამაშს მისდევ და სათამაშო დისციპლინა მაღალ დონეზე გაქვს, თავისუფლად შეგიძლია, სენსაციის შემოქმედი გახდე.

ბევრი ამ წყვილში ფავორიტად ტუნისის ნაკრებს მიიჩნევდა, ჰენრიკ კასპერჩაკის ძალიან უხერხულ და აწყობილ გუნდს, მაგრამ მოხდა პირიქით. რა თქმა უნდა, ბურკინა ფასოს რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ საკვირველი
ისაა, რომ ამ მატჩში ძირითადი ტვირთი ვეტერანებმა ზიდეს.

არისტიდ ბანსეს ევროპულ ფეხბურთში კარგად იცნობენ. ეგაა, ბუნდესლიგაში არაერთი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელის საუკეთესო წლები ზურგს უკანაა. ბანსემ ახალგაზრდობა გაიხსენა და თამაშის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე ანგარიში გახსნა. ცოტა ხნის წინ ბანსე ლატვიურ "რიგაში" თამაშობდა, ახლა კი სულაც კოტდივუარში ირჯება. ტუნისი გაიხსნა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი "ქაისერის" შემტევმა ნიგუმბე ნაკულმამ დააფიქსირა.

სენეგალი-კამერუნი 0:0 (4:5, პენ)
ეს იყო მიმდინარე აფრიკის თასის ყველაზე დრამატული შეხვედრა. დაფიქსირდა დიდი სენსაცია. ფურცელზე თითქოს არაფერი, მაგრამ ჯგუფში სენეგალის შესანიშნავად დაკომპლექტებული ნაკრები შეუჩერებელი ჩანდა. ესეც არ იყოს, კამერუნს ზედ შეჯიბრების დაწყების წინ რამდენიმე ლიდერი დააკლდა, რომლებმაც საკლუბო ინტერესები სანაკრებოზე წინ დააყენეს.

სენეგალს უპირატესობა და მომენტები კი ჰქონდა, მაგრამ კამერუნმა ზემტკიცე დაცვით მოახერხა სადიო მანესა და კომპანიის შეჩერება. ბედის ირონიით, მანეს მატჩის ანტიგმირობა ერგო.

ფრედ დასრულდა შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო. ჯერი მიდგა მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებზე. ერთადერთი შეცდომა ამ ლატარიაში სადიო მანეს შეემთხვა, სენეგალის ნაკრების ლიდერს და "ლივერპულის" ვარსკვლავს.

კამერუნს კი მხოლოდ და მხოლოდ საქებარი სიტყვები ეკუთვნის. როგორც ჩანს, ჟოელ მატიპისა და მისი მეგობრების არყოფნამ ჰუგო ბროსის გუნდი კი არ დაასუსტა, არამედ უფრო შეკრა. საერთოდ, წლევანდელი აფრიკის თასის მთავარი ტენდენცია ისაა, რომ სახელები ბევრს არაფერს ნიშნავს.

დრ. კონგო-განა 1:2
ძალიან კარგი და დაძაბული თამაში გამოვიდა. ოდნავ უკეთ დაკომპლექტებულმა განელებმა საბოლოოდ, მაინც იძალეს და ამაში განსაკუთრებული წვილილი დაიდეს ძმებმა იაუებმა. ანდრემ და ჟორდანმა ავრაამ გრანტის ძალიან ორგანიზებული გუნდი ნახევარფინალში გაიყვანეს.

ებრაელ ავრაამ გრანტს, ვინც "ჩელსიდან" გვახსოვს, ძალიან ორგანიზებული და "მშრალი" ფეხბურთი უყვარს. სწორედ ასე თამაშობს განა, მაგრამ კარგი შემსრულებლების ხარჯზე შედეგს მაინც აღწევს. გამარჯვებულებს კი არც ერთ დროში ასამართლებენ და ეს არც გაბონში ხდება.

განა ამ შეხვედრაში ჟორდან აიუმ დააწინაურა. მპოკუმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საქმეში ამჯერად უკვე ანდრე ჩაერია და განას ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ნახევარფინალის საგზური არგუნა.

ეგვიპტე-მაროკო 1:0
საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ექტორ რაულ კუპერს უნდა მივულოცოთ. მისი გაწვრთნილი ეგვიპტე ნახევარფინალშია. გუნდი, მწვრთნელის საფეხბურთო მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ძველებურად მწვავედ ვეღარ უტევს, მაგრამ დაცვაში ძალიან საიმედოა.

მატჩის მთავარ გმირად თავისუფლად შეგვიძლია, კუპერი შევრაცხოთ. მან შეცვლაზე შეუშვა მაჰმუდ ამდელ-მონეიმი, იგივე კაჰრაბა, ვინც შეხვედრის 88-ე წუთზე ამ ნერვების ომში ერთადერთი გოლი შეაგდო და მაროკოს წითელი ბარათი უჩვენა.

ცნობისათვის, კაჰრაბას ევროპაშიც უთამაშია, "ლუცერნსა" და "გრასჰოპერსში". მაროკო მეტოქეზე ცოტათი უკეთესი იყო და კარგად კომბინირებდა კიდეც, მაგრამ გუნდი ამჯერადაც დააღალატა გამტანი ფორვარდის არყოფნამ.

მაროკოელებს ეს პრობლემა უკვე კარგა ხანია, აწუხებთ, მას შემდეგ, რაც მარუან შამახი აღარ არის ეროვნულ გუნდში. არადა, მაროკო ყველასგან განსხვავებულ, ტექნიკურ ფეხბურთს აჩვენებდა აფრიკის თასზე.

1/2-ფინალი
1-ლი თებერვალი
ბურკინა ფასო-ეგვიპტე 23:00

2 თებერვალი
კამერუნი-განა 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული