ფეხშიშველი ფეხბურთი: ინდოეთის ნაკრების დაუჯერებელი მოგზაურობა ევროპაში

AutoSharing Option
1960 წელი. რომი. ეთიოპიელი აბებე ბაკილა რომის ქუჩებში დარბის. მის გარშემო კარგად ნაკვები და ჩაცმულ-დახურული ევროპელები დგანან.

უკან ათობით ოლიმპიელი მარათონელი მისდევს "ადიდასის" საუკეთესო ეკიპირებით. სტარტიდან 2 საათის, 15 წუთისა და 16 წამის შემდეგ, ეთიოპიელმა ოქროს მედალი მოიგო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. ფეხშიშველმა. მისი ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი წინა გარბენისას დაიხა, გერმანელების მიერ ნაჩუქარი ახალი წყვილი კი არ მოერგო.

ამ გამარჯვებამ ბევრი სტერეოტიპი დაარღვია - ადამიანი ეკიპირების გარეშე, თანაც გამარჯვებული... თუმცა, რომის ოლიმპიადამდე 12 წლით ადრე, არანაკლებ ეპიკური ისტორია მოხდა. ინდოეთის
საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე ფეხშიშველმა ითამაშა. მაგრამ, აბებე ბაკილასგან განსხვავებით, ინდოელებს იძულებითი გარემოებები არ ჰქონიათ. უბრალოდ, ასე მოსწონდათ...

40-იანი წლების ბოლოს, ინდოეთი დამოუკიდებელი გახდა, ქვეყანამ განვითარება დაიწყო და ფეხბურთმაც მიიღო შესაბამისი ბიძგი. 1937 წელს, დაქსაქსული პროვინციული ფედერაციები სრულიად ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაერთიანდნენ. 11 წლის შემდეგ, ორგანიზაციამ ფიფასგან აღიარებას მიაღწია და მისი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

დამოუკიდებლობის პირველივე წელს, ინდოეთი ლონდონის 1948 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა - ბიჭები ყოფილი კოლონიიდან ყოფილ ექსპლუატატორებს ესტუმრნენ. 79 მკაცრ მამაკაცს ჰქონდა მიზანი - მსხვილი შრიფტით დაეტანათ დამოუკიდებელი ინდოეთი მსოფლიოს რუქაზე. მათ შორის იყო საფეხბურთო გუნდიც: ქვეყნის ფედერაცია არ კარგავდა დროს და დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე შეიტანა განაცხადი ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

მაგრამ მონაწილეობის სურვილი ცოტაა - საჭიროა ამ უფლების მოპოვება. განაცხადი შეიტანა 23-მა გუნდმა, აქედან 14-ს, მათ შორის, ინდოეთს, შესარჩევი მატჩები უნდა ეთამაშა. შემდეგ კი პირველ რაუნდში უნდა შეხვედროდა დიდ ბრიტანეთს, პალესტინას, საფრანგეთს, კორეას, მექსიკას, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს ან ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაგრამ, 1948 წელს, ბევრი დებიუტანტი გუნდი იყო, ამიტომაც, ბოლო მომენტში თამაშზე უარის თქმა, ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ასე დაკარგა ინდოეთმა მეტოქე ბირმის სახით და ლონდონში პირდაპირ მოხვდა.

ინგლისში ჩასულ ინდოეთის ნაკრებს პრობლემები შეექმნა: როგორც აღმოჩნდა, ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციას დაავიწყდა ფიფაში საჭირო თანხის შეტანა ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის, რასაც, შესაძლოა, ტურნირიდან დისკვალიფიკაცია მოჰყოლოდა. სიტუაციის მოსაგვარებლად, ფედერაციის მდივანი რეი დატა პირდაპირ აეროპორტიდან გაიქცა ინგლისისს საფეხბურთო ასოციაციის შეფთან სტენლი როუზთან დახმარების სათხოვნელად. როუზმა წერილი მისწერა ფიფას გენერალურ მდივანს ივო შრიკერს.

სამი დაძაბული დღის შემდეგ, როუზმა შრიკერის პასუხით გაახარა რეი: საწევროს გადაუხდელობა არანაირად არ იმოქმედებს ინდოეთის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ყოფილ კოლონისტებსა და კოლონიას შორის დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, სპორტი პირველ ადგილზე დარჩა.

ინდოეთში უფრო მშრალი კლიმატია, ვიდრე ინგლისში, ამიტომაც მოთამაშეებმა გადაწყვიტეს, რომ ფეხსაცმლით ითამაშებდნენ მხოლოდ წვიმის ან სველი მინდვრის შემთხვევაში. იდეალურ პირობებში კი ინდოელები ფეხებზე ნაჭრებს იხვევდნენ, ფეხის თითებს კი გარეთ ტოვებდნენ. იმ დროს, ბუცები საკმაოდ მძიმე იყო, მათ ტალახი ეკრობოდა და ფეხსაცმელების გარეშე, ინდოელები უპირატესობას იღებდნენ სიჩქარესა და ტექნიკაში.

ოფიციალური ტურნირის წინ, ინდოეთმა ხუთი საჩვენებელი თამაში ჩაატარა, რომლებშიც ბუცების გარეშე 39 გოლი გაიტანა და ხუთი გაუშვა. თუმცა, ინდოელთა მეტოქეები იყვნენ ისეთი გუნდები, როგორებიც არიან "დეპარტმენტ სტორ XI", "მეტროპოლიტენ პოლისი", "პინერი", "ჰაიესი" და "ალექსანდრა პარკი", მაგრამ ამ მატჩებში მიზანი არა ძალის დემონსტრირება, არამედ სათამაშო კავშირების დალაგება და აკლიმატიზაცია იყო.

წილისყრამ ინდოეთს პირველ ოფიციალურ მატჩში მეტოქედ საფრანგეთის ნაკრები არგუნა. მატჩი ლონდონის აღმოსავლეთით, ილფორდში გაიმართა. 11 ფეხბურთელი, რომელთაგანაც რვა ფეხშიშველი იყო (მეკარემ და მცველებმა გადაწყვიტეს ბუცების ჩაცმა), მინდორზე გავიდა თავისუფალი ინდოეთის საფეხბურთო ისტორიის პირველი თავის დასაწერად.

ინდოეთმა, ისევე როგორც საფრანგეთმა, მატჩი ასეთი განლაგებით დაიწყო - 2-3-5. 30-ე წუთზე რენე კურბინმა გახსნა ანგარიში და საფრანგეთი ლიდერის რანგში გავიდა შესვენებაზე. მეორე ნახევარში ინდოეთმა საკუთარ საჯარიმოში მიაჯაჭვა საფრანგეთის ნაკრები.

განსაკუთრებით გამოირჩეოდა აჰმად ჰანი, რომელიც სახიფათო პასებს არიგებდა, ამ პასების ადრესატი ვაჯრაველუ და სარანგაპან რამანი, რომელმაც 70-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ფრანგები გაბრაზდნენ და ნერვებს ვეღარ თოკავდნენ. შეხვედრის მსაჯმა გუნარ დალნერმა ოქმში ჩაწერა - ევროპელები ძალიან გაბრაზდნენ იმის გამო, რომ მოგებას კარგავდნენ დებიუტანტთან მატჩში და ბინძური თამაში დაიწყეს. ამან ორი პენალტი გამოიწვია. მაგრამ ნერვებმა ინდოელებსაც უღალატეს - ორივე 11-მეტრიანი გააფუჭეს.

იმ დროს, ინდოეთში ოფიციალური მატჩები 70 წუთი გრძელდებოდა, ამიტომაც, გუნდს ბოლოში ფიზიკურად გაუჭირდა, თან გამოუყენებელმა პენალტებმაც იმოქმედა თავდაჯერებულობაზე. ფრანგებმა შეძლეს გარდატეხის შეტანა და კომპენსირებულ დროში გამარჯვება მოიპოვეს - რენე პერსილონმა სოლო-გარღვევის შემდეგ მეორე გოლი გაიტანა. ინდოეთი გავარდა ოლიმპიური თამაშებიდან, არადა, ახლოს იყო ფეხშიშველს მიეღწია სენსაციისთვის.

მაგრამ გუნდმა გააგრძელა დაგეგმილი ტურნე ევროპაში. ინდოეთის ნაკრების მეტოქეები იყვნენ გუნდები ბრიტანეთიდან და ჰოლანდიიდან. ჯამში რვა ამხანაგური მატჩი გაიმართა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჰოლანდიის ჩემპიონის "აიაქსის" განადგურება - 5:1. გარდა ამისა, ინდოელებმა ღირსეულად წააგეს როტერდამის "სპარტასთან" (1:2) და "დენ ჰააგთან" (0:1). ინგლისში ინდოელებმა ხუთი მატჩი ჩაატარეს ქვედა ლიგის გუნდებთან, სამჯერ მოიგეს და ორჯერ ფრედ ითამაშეს ბურთების საერთო სხვაობით - 9:3.

ჭორებმა ფეხშიშველ ფეხბურთელებზე სამეფო კარამდეც მივიდა. ბუკინგემის სასახლეში ვიზიტის დროს, მეფე გეორგ VI-მ მცველს საილენ მანუს შარვლის ტოტების აწევა სთხოვა იმის შესამოწმებლად, მისი ფეხები ფოლადისგან ხომ არ იყო ჩამოსხმული. მიუხედავად ყველაფერისა, ფიფა-მ მალე აკრძალა ბუცების გარეშე ფეხბურთის თამაში.

ორი წლის შემდეგ, ინდოეთი უნდა წასულიყო მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ გუნდმა ან ფული ვერ გამონახა მგზავრობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფიფა ხარჯების ნაწილს თავის თავზე იღებდა, ან ამაყმა ინდოელებმა არ მოისურვეს ფეხსაცმლით თამაში. ასე რომ, 1948 წლის ნაკრები გახდა პირველი და ბოლო გუნდი, რომელმაც დიდ საერთაშორისო ტურნირზე ფეხბურთი ფეხსაცმელების გარეშე ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული