ლუი ვან გაალი პენსიაზე გავიდა

AutoSharing Option
ლუი ვან გაალმა სამწვრთნელო კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა. ჰოლანდიელი ამ საქმეში 26 წელიწადი იყო და ძნელად ეთმობოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ნაბიჯი გადადგა და თავისი ბლოკნოტი ლურსმანზე ჩამოჰკიდა.

იგი "დიდი ფეხბურთიდან" წასვლას 2014 წელსაც ფიქრობდა, მაგრამ ერთი ოცნება მრჩება, ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობაო და "მანჩესტერ იუნაიტედის" მიწვევამაც არ დაახანა. მას მერე, რაც "წითელი ეშმაკებიდან" გაუშვეს, "ბრაზიანმა ლუიმ" ჩაიბუტბუტა, ნაკრებში თუ წავიმუშავებ კიდევო, მაგრამ აღარ დაუძახეს.

აღნიშნა, ცოტა ხნით დავისვენებ, ისედაც დიდი ხანია, ჩემს მეუღლეს, ტრუუს შევპირდი, რომ კარიერას დავასრულებდი და ოჯახს
დავუთმობდი მეტ დროსო. ახლა კი 65 წლის ვან გაალმა სტრატეგია და ტაქტიკა ერთხელაც გადააწყო და დასვენება კარიერის დასრულებად გარდაქმნა.

"გასულ წელსაც ვფიქრობდი, რომ კარიერა დამესრულებინა, მაგრამ მერე ჩავთვალე, რომ ჯერ კიდევ მსურდა მუშაობა და არდადეგები ავიღე. თუმცა ახლა ვგრძნობ და ვხვდები, რომ მწვრთნელობას აღარ დავუბრუნდები. ბოლო დროს ჩემს ოჯახში ბევრი რამ მოხდა და ეს ერთგვარი ნიშანი გახლდათ, ვიცი, რის გაკეთებასაც ვაპირებ მომავალში. ამიტომაც კარიერის დასრულება გადავწყვიტე" - თქვა ლუიმ.

1951 წლის 8 აგვისტოს ამსტერდამში დაბადებული ალოიზიუს პაულუს მარია ვან გაალი სათამაშო კარიერისას ნახევარმცველი გახლდათ. "აიაქსში" მას შანსი არ მიეცა, როგორც მოთამაშეს. ბურთი ყველაზე დიდხანს როტერდამის "სპარტაში" გააგორა. სათამაშო კარიერა "ალკმაარში" დაასრულა.

მისგან გაცილებით წარმატებული მწვრთნელი გამოვიდა. დაიწყო "ალკმაარშივე" ასისტენტად. მერე "აიაქსში" დაუძახეს, ჯერ ასისტენტად და შემდეგ მთავარ მწვრთნელად დააწინაურეს, რასაც იმ "ოქროს თაობით" ჩემპიონთა ლიგის მოგება მოჰყვა 1995 წელს (იქამდე იყო უეფას თასი, ერედივიზიონის მოგებები და ა.შ.). ამსტერდამელთაგან იგი "ბარსელონაში" წავიდა, რასაც ჰოლანდიის ნაკრები მოჰყვა, მერე ისევ კატალონიელები, შემდეგ "ალკმაარი", მიუნხენის "ბაიერნი", კვლავაც ნაკრები და ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული