ტრანსფერ ONLINE: 12 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:11. რაკი პატრის ევრას წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, "იუვენტუსი" უკვე ახალ მარცხენა მცველს ეძებს. Goal.com-ის ინფორმაციით, ტურინელებმა თვალი დაადგეს "შალკეში" მოთამაშე სეად კოლაშინაცს. 23 წლის ბოსნიელს გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, რის შემდეგაც მშობლიური ქვეყნის ეროვნულ გუნდში უხმეს. საინტერესოა, რომ მის მიმართ ინტერესს "იუვეს" გენერალური დირექტორი ბეპე მაროტაც ადასტურებს.

12:23. "მანჩესტერ იუნაიტედი" მარუან ფელაინისთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს. ბელგიელი ნახევარმცველის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც ავტომატურად აქტიურდება, როცა მხარეები მის გადახედვას არ აპირებენ.

12:28. ტომ ქლევერლი "ევერტონიდან" მიდის. ამ ინფორმაციას "სქაი სპორტი" ავრცელებს.
27 წლის ნახევარმცველის ახალი სამუშაო ადგილი "უოტფორდი" იქნება.

12:34. "კრისტალ პალასის" მწვრთნელმა სემ ელარდაისმა უარყო ინფორმაცია, თითქოს კრისტიან ბენტეკე სხვა გუნდში გადადის. ბელგიელი ფორვარდი არ იყიდებაო, კატეგორიულად განუცხადა "დიდმა სემმა" ჟურნალისტებს.

12:39. კიდევ ერთი ინფორმაცია "კრისტალ პალასის" ბანაკიდან - "არწივები" დაცვის გაძლიერებას აპირებენ. ჯერჯერობით, ამ "მშრალი" ინფორმაციით უნდა დავკმაყოფილდეთ.

12:45. "კრისტალ პალასისგან" ამბები არ გვაკლია და მაინცდამაინც არც კრისტიან ბენტეკეს დარჩენაა წყალგაუვალი - "დეილი ექსპრესის" ინფორმაციით, "ვესტ ბრომვიჩმა" გაზარდა მოთხოვნა და "არწივებს" უკვე 34 მილიონ ევროს სთავაზობს. გაუძლებს ელარდაისი ცდუნებას?

12:53. ფრიად ინფორმირებული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი წერს, რომ ისხაკ ბელფოდილი მალე "ევერტონის" ფეხბურთელი გახდება. ბელგიური "სტანდარდი", რომლის ღირსებასაც ეს 25 წლის ალჟირელი ფორვარდი იცავს, დაახლოებით 12 მილიონ ევროს მიიღებს.

13:03. "გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ "მილანი" ჟერარ დეულოფეუს ყიდვის იმედის არ კარგავს. თუმცა რონალდ კუმანს ესპანელის გაშვება არ უნდა.

13:09. დიდი ამბები "არსენალისგან" - ფრანსის კოკელენმა, ლორან კოსიელნიმ და ოლივიე ჟირუმ "მეთოფეებთან" კონტარტები გააგრძელეს. "არსენალის" ოფიციალურ ვებგვერდს გარიგების ფინანსური დეტალები ჯერ არ გაუხმაურებია.

13:22. დიმიტრი პაიე "ვესტ ჰემს" ტოვებს, რაც ბოლოდროინდელი ინფორმაციებით, მოსალოდნელიც იყო. "ძალიან არ გვინდა ჩვენი საუკეთესო მოთამაშის გაყიდვა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, რადგან მას თავად არ სურს ჩვენს გუნდში თამაში", - გულდაწყვეტილმა თქვა "ჩაქუჩების" მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა. ცნობისთვის, პაიეს კონტრაქტი 2021 წლამდეა ძალაში.

13:31. პაოლო დიბალამ კომენტარი გააკეთა მის მიმართ "რეალის" ინტერესთან დაკავშირებით: "ჩემთან ამ თემაზე არავის ულაპარაკია. ბედნიერი ვარ "იუვენტუსში" ყოფნით და ძალიან მინდა, ალექს დელ პიეროს გზით ვიარო... რამდენიმე დღეში ჩემი აგენტი ტურინში ჩავა და "იუვესთან" კონტრაქტის გაგრძელების საკითხს დააყენებს".

13:35. პაოლო დიბალას ეს კომენტარი მოჰყვა ბარსელონური sport.es-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს "რეალი" "იუვენტუსის" ვარსკვლავში 105 მილიონ ევროს იხდის.

13:40. "ჯენოამ" მედიას ადელ ტაარაბტი წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ გენუურმა კლუბმა 27 წლის მაროკოელი ნახევარმცველი "ბენფიკას" ორწლიანი იჯარით დაათმობინა.

13:48. "სანი" "მანჩესტერ სიტიში" ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერის თემას უბრუნდება. პოპულარული გამოცემა წერს, რომ "ქალაქელებმა" კატალონიურ გრანდს 115 მილიონი ევრო შესთავაზეს, ხოლო თავად ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი და ყოველკვირეულ ანაზღაურებად 920 ათასი ევრო აღუთქვეს.

14:11. "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ მარუან ფელაინისთან კონტრაქტი ერთი წლით გაგრძელდა.

14:16. ტომ ქლევერლი უკვე "უოტფორდის" ბაზაზეა, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

14:23. "სქაის" ინფორმაციით, "ჰალი" "პორტუს" ნახევარმცველ ევანდრუს ყიდულობს.

14:29. "კალჩომერკატომ" გვამცნო, რომ "ინტერი" პრეტენზიას აცხადებს პსჟ-ის იტალიელ ნახევარმცველ მარკო ვერატიზე. "ნერაძურის" ჩინელი ბოსები მზად არიან, 24 წლის ფეხბურთელში პარიზულ გრანდს 78 მილიონი ევრო შესთავაზონ.

14:33. ვერატისთან თანამშრომლობას თურმე "ბაიერნი" და "ჩელსიც" ესწრაფვიან. "კიკერის" ცნობით, "რეკორდმაისტერი" იტალიელს 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.

15:12. დიმიტრი პაიესა და "ვესტ ჰემს" შორის უთანხმობის მიზეზი იყო ინგლისური კლუბის უარი "მარსელის" 23-მილიონიან წინადადებაზე.

15:37. "იუვენტუსისა" და "ვალენსიას" ბოსებმა სიმონე ძაძას ესპანურ ტრანსფერზე იმსჯელეს. იტალიელ ფორვარდს "ვესტ ჰემში" კარიერა ვერ აეწყო და პრიმერა დივიზიონში გადასვლის პერსპექტივას სიხარულით ხვდება.

15:48. "ტოტენჰემი" მზადაა, ტომ ქეროლი "სუონსიში" გაუშვას.

16:34. ჯანლუკა კურჩი "მაინცს" დატოვებს. ბუნდესლიგურმა კლუბმა იტალიელი მეკარე ვარჯიშებისგან გაათავისუფლა, რათა ახალი გუნდი ეძებოს. ორიოდე დღის წინ "ბრისტოლ როვერსის" ვარიანტი გამოჩნდა, მაგრამ მალევე ჩაიშალა.

16:55. "პალმეირასმა" ფელიპე მელო ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა. "ინტერის" გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი სეზონის დასრულების შემდეგ ბრაზილიურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

17:15. 31 წლის დევიდ ნაჯენტი "მიდლსბროდან" ქვედალიგელ "დერბი ქაუნთიში" გადავიდა.

17:23. as-ის ინფორმაციით, ალენ ჰალილოვიჩი "ბეტისსაც" აინტერესებს. 20 წლის ხორვატ ნახევარმცველს "ჰამბურგიდან" ესპანეთში სურს დაბრუნება, მაგრამ საქმეს ართულებს ის, რომ სევილიურ კლუბს, ჯერჯერობით, ტრანსფერისთვის საკმარისი თანხა არ აქვს.

17:44. ძალიან საინტერესო ამბავი - "პარი სენ-ჟერმენსა" და "ბარსელონას" თურმე ადამ ლალანას ყიდვა სურთ. არადა, 28 წლის ნახევარმცველი "ლივერპულის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და მისი გაყიდვა იურგენ კლოპის საჩემპიონო ოცნებებს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

18:15. ფრანგული "ლილის" პრეზიდენტი ჟერარ ლოპესი სამუელ ეტო'ოს შეხვდა. როგორც "ფრანს ფუტბოლი" წერს, ვეტერან კამერუნელ ფორვარდს ლიგა 1-ში (თუნდაც არალიდერ გუნდში) თამაშის პერსპექტივა კი ხიბლავს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება "ლილის" ახალ მწვრთნელზე, რომელიც ამ დღეებში უნდა დაინიშნოს და ეს იქნება არგენტინელი მარსელო ბიელსა, ვინც სახელოვანი კლუბი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.

18:20. Goal.com "იუვენტუსისა" და სეად კოლოშინაცის თემას უბრუნდება. საიტი წერს, რომ ტურინელები "შალკეს" ჯერ 2 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ხოლო შემდეგ ერთ ამდენსაც დაუმატებენ, თუ ბოსნიელი "ბებერი ქალბატონის" მაისურით თავს გამოიჩენს.

18:44. ტომ ქლევერლიმ "უოტფორდში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

18:50. ჩინელები მთლად შეიშალნენ! ჩჟან ჩენდუნი, ვისი ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება ნახევარ მილიონ ევროს არ აღემატება, "შანხაი ფორჩუნმა"... 20.4 მილიონ ევროდ იყიდა.

19:02. "გალათასარაიმ" უარი თქვა ნიკოლას ლომბერტსზე და დომაგოი ვიდაზე გადაერთო. თურქული გრანდი ხორვატ ცენტრალურ მცველში 5 მილიონ ევროს იძლევა, მაგრამ კიევის "დინამოს" ორჯერ მეტი სურს.

19:47. ჰოლანდიელი გარემარბი ლუსიანო ნარსინგი "პსვ ეინდჰოვენიდან" "სუონსიში" გადავიდა. კონტრაქტი 2019 წლამდე გაფორმდა. "გედებს" ტრანსფერი 4.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული