ტრანსფერ ONLINE: 11 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:07. "ბილდის" ეს ინფორმაცია ნამდვილად არ ესიამოვნებოდა "დორტმუნდის" ფორვარდსა და ბუნდესლიგის ბომბარდირ პიერ-ემერიკ ობამეიანგს - "რეალის" მწვრთნელ ზინედინ ზიდანს უთქვამს, დღესდღეობით გუნდში ახალი თავდამსხმელის მოყვანის არანაირი საჭიროება არ არსებობსო.

12:19. "ბეშიქთაში" "კრასნოდარიდან" ფიოდორ სმოლოვის გადაბირებას აპირებს.

12:26. ანტონიო კონტე უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა - "ჩელსის" ძალიან სჭირდება "ვესტ ჰემის" გარემარბი მაიკლ ანტონიო. ეს ინფორმაცია "დეილი მეილმა" გაავრცელა.

12:32. ალექსის სანჩესი დიეგო სიმეონეს მთავარი სამიზნე ხდება. ჩილელი ფორვარდი "არსენალთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, რაც "ატლეტიკოს" ხელ-ფეხს უხსნის მოლაპარაკების დასაწყებად. თუმცა
ჯერ საკითხავია, თავად სიმეონე თუ რჩება "როხიბლანკოს" მთავარ მწვრთნელად.

12:39. ხამეს როდრიგესმა ჩინურ "ხებეის" 30-მილიონიან (წლიური ხელფასი) კონტრაქტზე უარი უთხრა.

12:52. "ბორნმუთმა" "ჩელსის" მცველი ნათან აკე რომ დაუბრუნა, ახლა "არისტოკრატებს" თურმე მის შემცვლელს სთხოვს. "სქაი სპორტის" ინფორმაციით, "ალუბლების" მწვრთნელ ედი ჰაუს თვით ჯონ ტერის იჯარით აყვანის იმედი ჰქონია.

12:57. ჟოზე მოურინიომ "ევერტონში" მორგან შნედერლენის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და ეს თავადვე აუწყა მედიას.

13:03. "გაძეტა დელო სპორტმა" დაწერა, "რომა" ჟოაო მოუტინიოს გაბირებას ცდილობსო. შეიძლება არც გჭირდებოდეთ შეხსენება, მაგრამ მაინც - პორტუგალიელი ნახევარმცველი დღესდღეობით "მონაკოში" თამაშობს.

13:25. "მარკას" ინფორმაციით, ამ დღეებში დანიელ კარვახალი "რეალთან" კონტრაქტს გააგრძელებს.

13:44. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩერნოგორიელი სტევან იოვეტიჩი "სევილიაში" გადაბარგდა. 27 წლის ფორვარდი ანდალუსიაში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, მერე კი, როგორც "სევილიას" უფროსობა ამტკიცებს, ბალკანელს "ინტერისგან" 14 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.

13:50. ადნან იანუზაი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაა და იჯარით "სანდერლენდში" თამაშობს, საფრანგეთიდან "ლიონმა" მოიკითხა. "ეკიპი" ამტკიცებს, რომ ლაპარაკია ბელგიელის გამოსყიდვაზე. ვნახოთ, რას იტყვის "იუნაიტედი".

14:05. "სევილიას" სპორტულმა დირექტორმა რამონ მონჩიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს ანალოგიური სამსახური "რომამ" შესთავაზა და მოლაპარაკებებს აწარმოებს.

14:18. ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა, "ოქროს ბურთის" ექსლაურეატი (1991), "მარსელის", "მილანისა" და "ბაიერნის" ყოფილი ფორვარდი ჟან-პიერ პაპენი "ოსერის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. დღესდღეობით ეს გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-შია, მაგრამ იქიდან ვარდება.

14:36. "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, ჟერარ დეულოფეუ "ევერტონიდან" "მილანში" გადადის.

14:56. "გაძეტა დელო სპორტი" გვარწმუნებს, რომ ჟოაო მოუტინიოს გარდა, "რომას" სოფიან ფეგულიც სურს. "ვესტ ჰემის" ოფისში მოთხოვნა უკვე გაგზავნილია.

15:08. "სევილიას" ალეიშ ვიდალის დაბრუნება სურს.

15:32. "კრისტალ პალასი" შეიძლება კრისტიან ბენტეკეს შეელიოს. ბელგიელ ფორვარდს ჩინელები შეუჩნდნენ. "არწივებს" იმედი აქვთ, რომ ამ ტრანსფერში 46 მილიონ ევროს მიიღებენ.

15:40. ურუგვაის "ნასიონალის" პრეზიდენტის, რონალდინიოს დაქირავება განუზრახავს. შეგახსენებთ, რომ "პატარა კიჭა" ახლა 37 წლისაა.

16:10. "რეალი" პაულო დიბალას სანაცვლოდ 105 მილიონ ევროს იხდისო, წერს ბარსელონაში გამომავალი "სპორტი" და იმასაც დასძენს, რომ "სამეფო კლუბი" მზადაა, ამ ოპერაციას ალვარო მორატა შესწიროს.

16:15. კიდევ ერთი ახალი ამბავი პაულო დიბალაზე - "რეალი" მას წელიწადში 10 მილიონ ევროს ჰპირდება. მადრიდელები სარგებლობენ იმით, რომ 23 წლის არგენტინელ შემტევსა და "იუვენტუსს" შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

16:47. ადელ ტაარაბტი იტალიაში ბრუნდება. "ჯენოამ" 27 წლის მაროკოელი ნახევარმცველი "ბენფიკადან" 2-წლიანი იჯარით წაიყვანა.

17:05. "სუონსის" სურვილია, "ლესტერისგან" ფორვარდი ლეონარდო ულოა იყიდოს, ან ამ ეტაპზე ნახევარწლიანი იჯარით მაინც აიყვანოს.

17:10. "დეილი მეილის" ინფორმაციით, "სუონსის" ესპანელ ფორვარდ ფერნანდო ლორენტესთან კონტრაქტის გაფორმებით "პარი სენ-ჟერმენიც" ყოფილა დაინტერესებული.

17:42. ჟოზე მოურინიო "მონაკოს" ნახევარმცველ ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერით არის დაინტერესებული. ESPN-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლიგა 1-ის ერთ-ერთ ლიდერს შორის გარიგება, შესაძლებელია, იანვარშივე შედგეს.

17:50. ფეხბურთისადმი ერთგულებაც ასეთი უნდა! სახელგანთქმულმა ფორვარდმა კაზუოში მიურამ "იოკოჰამასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელა. ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი - იაპონური ფეხბურთის ლეგენდას 26 თებერვალს 50 წელი შეუსრულდება...

18:08. მორგან შნედერლენი "ევერტონის" საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა...

18:36. "მილანმა" ოფიციალურად გაიფორმა "კალიარის" 40 წლის მეკარე მარკო სტორარი.

18:43. ლონდონური "ივნინგ სტანდარდის" ინფორმაციით, "ტოტენჰემი" ატლეტიკოელი ნიკოლას გაიტანით არის დაინტერესებული.

18:54. 21 წლის ნახევარმცველი რობერტო გალიარდინი "ატალანტადან" "ინტერში" გადავიდა.

19:08. "არსენალი" პერ მერტეზაკერთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს.

19:14. საფრანგეთის ნაკრების, "რეალის", "ჩელსისა" და "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი ნახევარმცველი კლოდ მაკელელე "სუონსის" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული