ტრანსფერ ONLINE: 9 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:06. ნიკოლას ლომბერტსს "ზენიტიდან" წასვლა სურს. "ფოტომაკის" ინფორმაციით, რუსული გრანდის მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ თანხმობა განაცხადა "გალათასარაისთან" მოლაპარაკებებზე.

12:18. "ჩელსი" ზრუნავს იმაზე, რომ რუბენ ლოფტუს-ჩიკს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ამიტომაც გადაწყდა, 20 წლის ნახევარმცველი იჯარით გაუშვან პრემიერლიგის რომელიმე კლუბში. ვარიანტი კი სამია: "უოტფორდი", "მიდლსბრო" და "სუონსი".

12:30. "იუვენტუსის" ქომაგები ტყუილად ელოდებიან ახალწვეულებს. აი, რა უთხრა მასიმილიანო ალეგრიმ "გაძეტა დელო სპორტს":
"არ მაინტერესებს არანაირი სატრანსფერო "ფანჯარა". თუნდაც ახლავე დახურონ, მე ის ვიცი, რომ ჩვენი გუნდი მშვენივრად არის დაკომპლექტებული", - განაცხადა "იუვეს" მწვრთნელმა.

12:42.
"საუთჰემპტონს" ძალიან მოსწონს "ლივერპულის" მცველი მამადუ სახო, "ლივერპული" კი ცდილობს, 27 წლის ფრანგი თავიდან მოიშოროს. ასე რომ, ორ კლუბს შორის გარიგება სრულიად რეალურია. "დეილი მეილი" ვარაუდობს, რომ "წმინდანებს" ეს სატრანსფერო ოპერაცია 12 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

12:43. ინგლისური მედია წერს, რომ მამადუ სახოზე უარს არც "სევილია" იტყვის.

12:48. ხორვატიიდან ასეთი ინფორმაცია მოვიდა: ამ ზამთარს ივან რაკიტიჩი "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდებაო...

13:03. ამ ინფორმაციას მალევე მოჰყვა გამოხმაურება "ბარსელონას" ბანაკიდან. ლუის ენრიკემ კატეგორიულად უარყო ხორვატი ნახევარმცველის გასხვისების სურვილი, ხოლო კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ხორდი მესტრე უფრო შორს წავიდა და რაკიტიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობა გაამხილა.

13:07. პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "გრანადამ" მთავარ მწვრთნელ ლუკას ალკარასს კონტრაქტი გაუგრძელა. ახალი შეთანხმების ძალით, 50 წლის სპეციალისტმა ანდალუსიურ კლუბში 2018 წლის ივნისის ბოლომდე უნდა იმუშაოს.

13:13. "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა ფრანკ ბაუმანმა "კიკერს" განუცხადა, რომ 21 წლის ტალანტი სერჟ გნაბრი ბრემენულ კლუბს არ დატოვებს.

13:20. ახლახან "სუონსის" მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა პოლ კლემენტმა, რომელიც "ბაიერნში" კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობდა, იმავე "ბაიერნიდან" მცველ ჰოლგერ ბადშტუბერის წაყვანა მოინდომა.

13:30. "ევერტონის" დუბლებში ჩარჩენილ ბაი უმარ ნიასს "ჰალში" გადასვლის შანსი გაუჩნდა. სეზონის ბოლოს "ვეფხვები" 27 წლის სენეგალელი ფორვარდის გამოსყიდვასაც ეცდებიან.

13:30. ტოპ-ლიგაში ყაზახეთის ჩემპიონატიდანაც შეიძლება მოხვედრა. აგერ, "ასტანას" ნახევარმცველმა ნემანია მაქსიმოვიჩმა "ვალენსიას" მიაშურა. 21 წლის სერბმა "ღამურებს" ბედი 4 წლით დაუკავშირა.

13:47. სატრანსფერო ბაზარი ჩინური კლუბების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ამის დასტურად ეს ინფორმაციაც იკმარებს - "შანხაიმ" 38 წლის პორტუგალიელი მცველი, "რეალში", "ჩელსისა" და "მონაკოში" ნათამაშები რიკარდო კარვალიო (88 მატჩი და 6 გოლი პორტუგალიის ნაკრებში) გადაიბირა. ცნობისთვის - ამ ჩინურ კლუბში ჰალკი და ოსკარიც აგორებენ ბურთს.

14:24. "ვოლფსბურგს" ახალწვეული ჰყავს - "მგლებმა" 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ფრანგ პოლ-ჟორჟ ნტეპს. 24 წლის ნახევარმცველი მანამდე "რენის" ღირსებას იცავდა. ამ ოპერაციის სანაცვლოდ ფრანგები 5 მილიონ ევროს მიიღებენ.

14:33. "ბორნმუთი", რომელმაც მცველი ნათან აკე "ჩელსის" დაუბრუნა, მის შემცვლელს ეძებს. "დეილი მეილის" ინფორმაციით, "ალუბლებს" ორი ვარიანტი აქვთ და ორივე - "ლივერპულიდან": ჯოზეფ გომესი და მამადუ სახო. ამ უკანასკნელზე შეგახსენებთ, რომ ის "საუთჰემპტონსაც" აინტერესებს.

14:41. "მილანი" ალესიო რომანიოლისთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს. 21 წლის ცენტრალური მცველის მოქმედ ხელშეკრულებას 2020 წლის ივნისის ბოლოს გასდის ყავლი.

15:02. "კანალ პლუსს" მოჰყვას დიდიე დროგბას სიტყვები: "მაქვს საშუალება, დავბრუნდე საფრანგეთში, მაგრა ახლა მეტს არაფერს ვიტყვი". ვარაუდობენ, რომ ლეგენდარული კოტდივუარელი ფორვარდი კიდევ ერთხელ მოირგებს "მარსელის" მაისურას. დროგბამ ეს-ესაა დატოვა "მონრეალი" და ახლა თავისუფალი აგენტია.

15:06. რამდენიმე წუთში ვრცელდება დიდიე დროგბას ახალი კომენტარი: "ვინ იქნება თანახმა ნაკლებ ხელფასზე? რა თქმა უნდა, არავინ. დავბრუნდებოდი "მარსელში" ფეხბურთელის რანგში. თავად ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, მაგრამ მე ვერ ვაიძულებ დირექტორთა საბჭოს, ჩემი დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს".

15:37. "მიდლსბრო" მზად არის, შეელიოს 32 წლის ნახევარმცველ სტიუარტ დაუნინგს, ვინც მიმდინარე სეზონში სულ 2-ჯერ მოხვდა ძირითად შემაგენლობაში.

15:42. "მიდლსბრო" მოლაპარაკებებს აწარმოებს "დერბი ქაუნთისთან" დევიდ ნაჯენტის გაყიდვაზე. გარიგების საფასურად 2,3 მილიონ ევროს ასახელებენ.

15:50. აიმენ აბდენურზე პრეტენზიას აცხადებენ "ვოლფსბურგი" და "ჰამბურგი" - ინფორმაციას "კიკერი" ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ტუნისელი მცველი "ვალენსიაში" თამაშობს.

16:33. "სევილიამ" კლემან ლონგლე საზოგადოებას წარუდგინა. ანდალუსიელებმა 21 წლის ფრანგი მცველი "ნანსისგან" იყიდეს.

16:40. "ევერტონი" არ კარგავს იმედს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" მორგან შნაიდერლინს იყიდის. "ირისებს" 27 წლის ფრანგი ნახევარმცველის გადაბირება 28 მილიონი ევრო დაუჯდებათ. შნაიდერლინს ეს ვარიანტი ძალიან აწყობს. "ევერტონში" ის მიიღებს სათამაშო პრაქტიკას და იმუშავებს რონალდ კუმანთან, ვისაც "საუთჰემპტონის" პერიოდიდან კარგად იცნობს.

17:01. ჩინური "ტიანცზინი" ნიკოლა კალინიჩს სეზონურად უკვე 15 მილიონ ევროს(!) ჰპირდება, რაც 3 მილიონით მეტია წინა კვირის შეთავაზებაზე. "ფიორენტინა" კი ამ გარიგებისგან 45 მილიონ ევროს ელოდება.

17:28. "სტოკ სიტის" აინტერესებს ერთი ფეხბურთელი საფრანგეთის პირველი დივიზიონიდან - ლაპარაკია "ამიენის" 24 წლის ნახევარმცველ გესუმა ფოფანაზე. ჯერჯერობით, ამ მშრალი ინფორმაციით მოგვიწევს დაკმაყოფილება.

17:35. ...და უცებ ახალი ამბავი ფოფანასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ფრანგ შუახაზელზე "ასტონ ვილა" და "ნორვიჩიც" აცხადებენ პრეტენზიას. გარიგების საფასურად 200 ათას ევროს ასახელებენ.

17:40. "სქაი სპორტმა" დაწერა, რომ "მანჩესტერ სიტიში" ივან რაკიტიჩის მოსალოდნელ გადასვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია ტყუილია და რომ ის ხორვატი ჟურნალისტების მიერაა შემოგდებული.

17:48. "კრისტალ პალასმა" "ლესტერს" 24 წლის მარცხენა მცველის, ჯეფრი შლუპის 10.5 მილიონ ევროდ დათმობის წინადადებით მიმართა. "მელიებმა" "არწივები" უარით გაისტუმრეს.

17:57. პაბლო ერნანდესი "ლიდსის" საკუთრება გახდა. 31 წლის ესპანელი "ალ-არაბიში" იჯარით თამაშობდა.

18:01. შტეფან ილსანკერმა "ლაიპციგთან" კონტრაქტი (რომელიც 2018 წელს იწურებოდა) კიდევ 2 წლით გააგრძელა.

18:10. შვედური "სუნდსვალის" ფორვარდი სტეფან სილვა "პალერმოში" ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმდა.

18:21. "ჩელსი" და "სუონსი" გაცვლას ამზადებენო, წერს "სქაი სპორტი". მიჩი ბაჩუაის "გედებში" გაუშვებენ, ხოლო ფერნანდო ლორენტეს "სტეფორდ ბრიჯზე" უკრავენ თავს.

18:58. "ბრენტფორდის" თავდამსხმელი სკოტ ჰოგანი "ვესტ ჰემში" გადადის. ამავე დროს, "ჩაქუჩებს" სჭირდებათ 30 წლის რობერტ სნოდგრასიც. შოტლანდიელ ნახევარმცველში ლონდონელები 3.5 მილიონ ევროს იძლევიან, თუმცა "ჰალი" 10 მილიონს ფეხს არ უცვლის.

19:07. მოსკოვის "სპარტაკს" "საუთჰემპტონის" პორტუგალიელი მცველი, 33 წლის ჟოზე ფონტე აინტერესებს.

19:31. დადასტურდა, რომ მანოლო გაბიადინი "ნაპოლის" დატოვებს. ფორვარდის აგენტი "ფუტბოლ იტალიასთან" კომენტარში ამბობს, რომ ნეაპოლურ კლუბთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო რაც შეეხება მისი კლიენტის ახალ ნავსაყუდელს, ის ან ინგლისში იქნება, ან გერმანიაში.

19:43. ვეტერანი ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო "ემპოლიდან" "პესკარაში" გადავიდა.

19:47. სტევან იოვეტიჩი "სევილიას" უახლოვდება. "გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ ამ წუთებში ჩერნოგორიელი ფორვარდი და მისი აგენტი "ინტერის" ოფისში გარიგების საბოლოო დეტალებს აგვარებენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული