ტრაგედიის შემდეგ: "შაპეკოენსეს" მატჩის რადიორეპორტაჟს გადარჩენილი ჟურნალისტი წაიყვანს!

AutoSharing Option
ფოტოზე: რაფაელ ენცელი
ბრაზილიური "შაპეკოენსეს" 27 წლის მცველი ალან ლუსიანო რუშელი საოცრად იღბლიანი ადამიანია, რადგან ის ერთ-ერთი იმ სასწაულებრივ გადარჩენილთაგანია, რომლებიც კოლუმბიის მთებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ცოცხლები დარჩნენ. მეტიც, ალანს სხვა დაზარალებულებზე მეტად გაუმართლა, ის იმდენად კარგად არის, რომ ჯერ კოლუმბიიდან სამშობლოში დაბრუნდა და შემდეგ საავადმყოფოდანაც გაწერეს. ახლა ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ფეხბურთში დაბრუნებაა და ამისთვის 6 თვეს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს კოლუმბიაში, მედელინის სიახლოვეს ჩამოვარდა ბოლივიიდან გაფრენილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ბრაზილიური "შაპეკოენსეს" საფეხბურთო გუნდი იყო. მეორე
დღეს ამ გუნდს კოპა სუდამერიკანას ფინალი ელოდა "ატლეტიკო ნასიონალთან". როგორც გამოიძიეს, თვითმფრინავს უბრალოდ საწვავი არ ეყო... კატასტროფამ 71 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგანაც 19 "შაპეკოენსეს" ფეხბურთელი იყო.

- ავიაკატასტროფის უცნობი დეტალები და სოლიდარობა "შაპეკოენსეს"
- ტრაგიკულად დაღუპული ბრაზილიელი ფეხბურთელების უკანასკნელი სიმღერა [VIDEO]
- ბრაზილიელი ფეხბურთელების მიერ ავიაკატასტროფამდე გადაღებული ბოლო კადრები [VIDEO]
- როგორ გამოჰყავთ დაშავებული ბრაზილიელი ფეხბურთელები ავიაკატასტროფის შემდეგ [VIDEO]
- ბრაზილია გლოვობს - "შაპეკოენსე" ავიაკატასტროფაში დაიღუპა [PHOTO]


ტრაგედიიდან სამი კვირის თავზე კოლუმბიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ავიაკატასტროფას გადარჩენილი ადამიანები. "შაპეკოენსეს" მეკარე ჟექსონ ფოლმანი სან პაულუში ჩააფრინეს, სადაც კლინიკაში ზურგის ოპერაცია გაუკეთეს. შეგახსენებთ, რომ მას კოლუმბიაში კიდურის ნაწილობრივი ამპუტაცია დასჭირდა, რომ გადარჩენილიყო.

ალან რუშელი ჯერ ქალაქ შაპეკოს კლინიკაში დაბრუნდა შემდგომი მკურნალობისთვის. ბრაზილიაში დაბრუნდა ჟურნალისტი რაფაელ ენცელიც.

აი, კიდევ ერთი გადარჩენილი ფეხბურთელი, ნეტუ ჯერ დატოვეს კოლუმბიაში, რადგან კომიდან ახალი გამოსული, ისევ საკმაოდ ცუდად იყო. მას ტრაგედიის შესახებ ახლახან მოუყვნენ. ნეტუს არაფერი არ ახსოვდა და პირველი ექიმებს ჰკითხა, თუ როგორ დასრულდა მატჩი. კიდევ კარგა ხანი გავიდა, სანამ ის მიხვდებოდა, რომ მისი ტრავმები იმაზე გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე საფეხბურთო მინდორზე შეიძლება მიიღოს ადამიანმა. ექიმებმაც შეიცადეს, სანამ იმდენად არ მომძლავრდა, რომ შოკის გადატანა შეეძლო და მხოლოდ შემდეგ მოუყვნენ მას სიმართლეს.

სხვათა შორის, ექიმი ირწმუნება, რომ ფეხბურთელს გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე დაესიზმრა ავიაკატასტროფა და შიშით მიფრინავდა კოლუმბიაში. როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, ტრაგედიის მომენტში ის ბიბლიას კითხულობდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ნეტუ
ბოლო მონაცემებით, ნეტუს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ექიმები მას ფეხბურთში დაბრუნებასაც ჰპირდებიან...

ჟურნალისტი ენცელი ძლივს იხსენებს, რომ ტრაგედიამდე წამებით ადრე ეკიპაჟის რომელიღაც წევრმა მათ ურჩია, საავარიო ჟილეტები შეეკრათ.

რუშელი იხსენებს, თუ როგორ გადარჩა - თურმე მას კლუბის დირექტორმა კადუ გაუჩომ სთხოვა, წინ გადამჯდარიყო, რათა ბოლო რიგები ჟურნალისტებს შეევსოთ.

"არაფრით არ მინდოდა გადასვლა, სანამ არ დავინახე, რომ ჟექსონი მეძახდა, მოდი, ჩემ უკან დაჯექიო. არ ვიცი, შეიძლება ამიტომ გადავრჩი, ერთი ღმერთმა იცის ეს. მან მომცა ცხოვრების მეორე შანსი, - იხსენებს რუშელი. - როცა გამომიყვანეს, არაფერი მახსოვდა. როცა მითხრეს ავიაკატასტროფის შესახებ, არ ვიჯერებდი, მეგონა, კოშმარი მესიზმრებოდა. ნელ-ნელა ყველაფერს მივხვდი".

Sportall.Ge
ფოტოზე: ალან რუშელი
რუშელი პირობას დებს, რომ კოლუმბიაში ისევ ჩავა და ექიმებს, რომელთაც მისი სიცოცხლე იხსნეს, ბარბექიუზე დაპატიჟებს. პრესკონფერენციაზე აცრემლებულმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი ფეხბურთში დაბრუნებაა:

"სამი თვე ტრავმების მოშუშებას სჭირდება, კიდევ სამი თვე აღდგენას და ფორმაში შესვლას. უნდა ძალიან მოვინდომო და დავბრუნდე, ეს ჩემი დაღუპული მეგობრებისთვის უნდა გავაკეთო. ასეთი ტრაგედია კარგი გაკვეთილია, შენ უკვე იცი, რომ არასოდეს დანებდე და მხოლოდ სიკეთე აკეთო".

"შაპეკოენსე" ტრაგედიის შემდეგ პირველ მატჩს 29 იანვარს გამართავს. ეს სანტა კატერინას შტატის პირველობის პირველი ტურის მატჩი იქნება "ლაგესის" წინააღმდეგ.

გადარჩენილი ჟურნალისტი რაფაელ ენცელი იმ დროისთვის უკვე სამსახურში დაბრუნებას გეგმავს და "შაპეკოენსეს" პირველი მატჩის რადიორეპორტაჟის გაძღოლას აპირებს.

სიცოცხლე გრძელდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული