არგენტინის ნაკრები: კრიზისი არგენტინულად და მესი, როგორც მხსნელი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძალიან არათანაბრად ასპარეზობს. ამ დროისათვის გუნდს მეხუთე ადგილი უჭირავს. ეს ის ადგილია, რომელიც მუნდიალზე პირდაპირ გასვლის საშუალებას არ იძლევა.

არგენტინის ნაკრებისათვის ზემტკივნეული იყო მარცხი ბრაზილიასთან. მარცხსაც ხომ გააჩნია - "მტერმა" არგენტინას საერთოდ არ მისცა შანსი. მესი და მისი მეგობრები ერთხელაც მოხვდნენ კრიტიკის ქარცეცხლში.

ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ იყო შეხვედრა კოლუმბიის ძლიერ ნაკრებთან. არგენტინაში ეს შეხვედრა იმთავითვე მოინათლა სიკვდილ-სიცოცხლის მატჩად. "მესი - მხსნელი" - ჩვენ ეს სიტყვები თავისუფლად შეგვიძლია დავწეროთ. ლიონელმა გოლი შეაგდო და ორი საგოლე
გადაცემა გააკეთა. ეს დიდებული სპექტაკლი იყო ერთი კაცისა, თუმცა ეს არ შეიძლება, დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბოლოს და ბოლოს, მესი ღმერთი არ არის და ის სულ ასე ვერ ითამაშებს.

არგენტინას ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომ ერთ კაცზე არ იყოს დამოკიდებული. არადა, ნაკრებში სწორედ ასეა. სხვა ვარსკვლავები ლიონელის ჩაუქობას ელოდებიან და თამაშს ამის შემდეგღა იწყებენ. თუ მესი დუმს, სხვებიც სამარისებურად დუმან.

რატომ არის არგენტინის ნაკრები მუნდიალზე გასვლა-არგასვლის მიჯნაზე? გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს საკითხი საბოლოო ჯამში მაინც დადებითად გადაწყდება და "ალბისელესტე" 2018 წლის მუნდიალზე აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ფაქტია, საკითხი დღეს სწორედ ასე დგას.

არგენტინულ ფეხბურთში ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ამას ბოლოდროინდელი მოვლენებიც ცხადყოფენ. ბოლო და დიდი სკანდალი სულ ცინცხალია: ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პრესას, რადგან ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საზოგადოებას სკანდალი ამცნო: ესეკიელ ლავეციმ ნაკრების ბაზაზე მარიხუანა მოწიაო.

ალბათ, არგენტინის ნაკრები და ჩვენი იქაური კოლეგები შერიგდებიან. მანამდე ეროვნული გუნდის კრიტიკა მთავარი მწვრთნელით უნდა დავიწყოთ. თუ თქვენ ბრაზილიის ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებდით თვალს, აუცილებლად გეცოდინებათ ეს მწვრთნელი - ედგარდო ბაუსა. ცოტა ხნის წინ ცოტა ხნით ის "სან პაულოს" ხელმძღვანელობდა.

უმუშავია არაერთ ქვეყანასა და კლუბში, მაგრამ არგენტინის ნაკრები? ეს ხომ სხვა განზომილებაა? ეს ხომ ეროვნული სიამაყეა? არგენტინას არ უკვირს სუსტი მწვრთნელები. ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყნის მთავარი გუნდის სათავეში დიეგო მარადონა იდგა, მაგრამ ის მარადონა იყო, ეს კი...

არგენტინაში ძალიან ბევრი აკრიტიკებს ბაუსას არასწორად შერჩეული შემადგენლობის გამო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. კოლუმბიასთან მატჩში ლუკას პრატომ გოლი გაიტანა, თუმცა პრატოს წარმოდგენა შეტევის ფორპოსტზე მაინც ცოტა რთულია.

ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატშიც კი ბევრით ვერაფრით გამოირჩევა. ბოლოს და ბოლოს, მას ევროპაში დამკვიდრების მცდელობა უკვე ჰქონდა და ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. "ჯენოაში" პრატომ ვერაფრით გამოიჩინა თავი.

შეცვლაზე შეუშვა გონსალო იგუაინი და საერთოდ არ ათამაშო სერხიო აგუერო - ამას განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. მეტიც, ეს ჰგავს სიჯიუტეს, რაც თავისნათქვამა კაცის ახირებაა. არ შეიძლება, პრატო "პიპიტასა" და კუნზე უკეთესი იყოს.

როცა შენ ორ ასეთ ფორვარდს ტოვებ სათადარიგოთა სკამზე, ნებსით თუ უნებლიეთ, აღიარებ, რომ შენ მათ ვერ იყენებ ისე, როგორც საჭიროა. ეს განსაკუთრებით აგუეროზე ითქმის. კარგი, დავუშვათ, იგუაინს ბაუსა ბრაზილიაში ნათამაშები "მშრალი" მატჩის გამო გაუბრაზდა. საინტერესოა, რომ აგუერო ბრაზილიურ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

რა გამოდის, რისთვის იფრინა "მანჩესტერ სიტისა" და ევროპული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა ათასობით კილომეტრი? მხოლოდ იმისათვის, რომ ერთ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა და ისიც - შეცვლაზე?

ან რატომ არ შეიძლება, რომ იგუაინი და აგუერო ერთად გამოჩნდნენ მინდორზე? ასეთი თავდასხმა, რომელსაც ზურგს უკნიდან მესი გაუმაგრებს, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს შიშის ზარს დასცემს.

გასაგებია მწვრთნელის ტაქტიკური ჩანაფიქრებისა და სქემების მნიშვნელობა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მსოფლიოს არც ერთ გუნდსა თუ ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ აგუეროსა და იგუაინის დონის ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე გააჩეროს.

ერთიც: არგენტინის ნაკრებში მრავლად არიან მაღალი დონის ფეხბურთელები, მაგრამ მათი მეტი წილი შეტევის ხაზზე მოდის. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების შემადგენლობაში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რომერო, მერკადო, მასი, პრატო და სხვები. მათ უმაღლესი დონის შემსრულებლებს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.

ვთქვათ, გერმანიისა თუ ესპანეთის ნაკრებებს ერთ ადგილზე ორი თანაბარი დონის ფეხბურთელი ჰყავთ. არგენტინის ნაკრებში ეს ასე არ არის, თუმცა ამ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

არგენტინა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს "მესის სინდრომისაგან". რა თქმა უნდა, ლიონელი პირველია, მაგრამ არგენტინას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ, პირველი ნაბიჯი თავად გადადგან და ყოველთვის გენიოსს არ დაელოდონ.

დღეს კი ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი არგენტინას ქომაგობს. "ალბისელესტეს" გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი ხიბლს დაკარგავს და ის ჩვენ ამისთვის არ გვემეტება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული