ლიბერტადორესის თასს მოულოდნელი მფლობელი ჰყავს

AutoSharing Option
კოლუმბიური "ატლეტიკო ნასიონალი" ბევრისათვის მოულოდნელად, მაგრამ სავსებით დამსახურებულად გახდა ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული.

კლუბს ეს ტიტული აქამდე 1989 წელს ჰქონდა მოგებული, როდესაც პირველი კოლუმბიური გუნდი გახდა, რომელმაც "სამხრეთამერიკული ჩემპიონთა ლიგა" მოიგო. 1995 წელს "ატლეტიკო ნასიონალი" ფინალში გახლდათ, მაგრამ დამარცხდა. ბარემ ვთქვათ ისიც, რომ კიდევ ერთი კოლუმბიური გუნდი, რომელმაც ლიბერტადორესი ტრიუმფით დაასრულა, "ონსე კალდასია". ეს 2004 წელს მოხდა.

ფინალში რეინალდო რედას "ატლეტიკო ნასიონალი" ეკვადორულ "ინდეპენდიენტე დელ ვალეს" ხვდებოდა. კიტოში მატჩი 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა კი მედელინში გაიმართა და საკუთარი პუბლიკის წინაშე "ატლეტიკო
ნასიონალმა" გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე მიგელ ანხელ ბორხამ გაიტანა. მან დამატებაზე იყოჩაღა.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის თავდამსხმელი "ატლეტიკოში" დაახლოებით ერთი თვის წინათ გადავიდა და ლიბერტადორესზე 4 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო. მასვე, იგივე "სიტის" სამიზნე მარლოს მორენოს და სხვებს არაერთი მომენტი ჰქონდათ. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდნენ, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა, რადგან ეკვადორელებმა თავიანთი ერთი-ორი შანსიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენეს.

არადა, ურუგვაელი პაბლო რეპეტოს "იდეპენდიენტე დელ ვალეს" შანსი ჰქონდა, "LDU კიტოს" მერე (2008) გამხდარიყო პირველი გუნდი, რომელიც ქვეყანას ლიბერტადორესის თასზე ტრიუმფით ასახელებდა.

"ეს სრულებით დამსახურებული გამარჯვებაა. ჩვენ ოცნება აგვიხდა. ახლა კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის მოვემზადებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია" - თქვა "ატლეტიკო ნასიონალის" მარცხენა მცველმა დანიელ ბოკანეგრამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული