კოპა ამერიკა სენტენარიო. C ჯგუფი: ურუგვაიმ კარი გაიჯახუნა [VIDEO]

AutoSharing Option
* მას მერე, რაც ხუან კარლოს ოსორიო თანამწვრთნელობიდან მექსიკის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მას 9 მატჩიდან 9 მოგება ჰქონდა და ეს სერია ვენესუელასთან შეუწყდა. ნახსენები 10 მატჩიდან 8-ში მექსიკელებმა კარი მშრალად შეინახეს.
* ოსორიომ კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში სხვა მეკარე ათამაშა. პირველ შეხვედრაში მექსიკელთა კარს ალფრედო ტალავერა იცავდა, მეორეში - გილერმო ოჩოა, ხოლო მესამეში - ხოსე კორონა.
* მექსიკელთა წაუგებელი სერია 22 მატჩამდე გაიზარდა. ბოლოს ისინი 2015 წლის 20 ივნისს კოპა ამერიკის შეხვედრაში ეკვადორთან დამარცხდნენ. ამით ოსორიომ რიკარდო ლა
ვოლპეს ნაკრების შედეგი გააუმჯობესა, 2004-05 წლებში მექსიკას 21-თამაშიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
* 8 მატჩია, ვენესუელას 1 ბურთზე მეტი არ გაუტანია.
* იამაიკას კოპა ამერიკაზე 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ექვსივე ისე წააგო, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო - ოთხჯერ 0:1, ერთხელ 0:3 და ახლა ურუგვაისთან 0:3.
* ურუგვაის ბოლო 19 მატჩიდან მხოლოდ 2-ჯერ აქვს ფრე ნათამაშები.

ჰიუსტონში მექსიკა და ვენესუელა ჯგუფის პირველადგილოსანს არკვევდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა და რამდენიმე მათგანი მხოლოდ მოგვიანებით შემოაპარა მინდორზე, შეხვედრა ძალიან სანახაობრივი და უხვმომენტიანი გამოდგა.

ვენესუელელები დაწინაურდნენ, თანაც დებიუტშივე ველასკესმა ძალიან ლამაზი ნახევრად მაკრატელა დარტყმით გაიტანა. რაფელ დუდამელის გუნდი მიმდინარე კოპა ამერიკაზე ერთადერთი იყო დარჩენილი, რომელსაც გოლი არ გაეშვა და ზედიზედ მესამე 1:0-თანაც ახლოს გახლდათ.

მექსიკა გაშვებული გოლის მერე სათამაშო უპირატესობას ფლობდა და გოლთან რამდენჯერმე იყო ახლოს. მშვენივრად თამაშობდა ვენესუელელთა მეკარე დანიელ ერნანდესი, რომელმაც ერთხელ საუცხოო ორმაგი "სეივი" შემოგვთავაზა. თუმცა დუდამელის ბიჭებმა ბოლომდე ვეღარ გაძლეს.

დაშავებული აკინოს ნაცვლად მე-18 წუთზე მინდორზე შესულ ხესუს კორონას ვენესუელამ ვეღარაფერი მოუხერხა. მექსიკელთა ტექნიკურმა ათიანმა ერთხელ სანტიმეტრებით ააცილა, მალევე კი დიდებული სოლო-რეიდი ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. ბოლოს ვენესუელას კიდევ ერთი მაკრატელას გატანა სურდა. შანსი მექსიკელებსაც ჰქონდათ.

საბოლოოდ 1:1 და ეს ფრე მექსიკისთვის საკმარისი გახლდათ, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დაესრულებინა. ამან გუნდი მეოთხედფინალში არგენტინას აარიდა, მაგრამ საჩუქარი არც D ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნებოდა, რომელიც წესით, ჩილე უნდა იყოს ან პანამა. ეს დღეს, გამთენიისას გაირკვა.

"როტაცია ცხოვრებისა და თამაშის შემადგენელი ნაწილია, თანაც, როდესაც ბევრი კარგი ფეხბურთელი გყავს. ჩვენ შანსი ყველა მოთამაშეს მივეცით, რადგან ისინი ყველანი მნიშვნელოვანნი არიან და ეს უნდა იგრძნონ. ვენესუელასთან მშვენიერი შემადგენლობით გავედით მინდორზე და კარგადაც ვითამაშეთ" - თქვა მექსიკელთა 55 წლის კოლუმბიელმა თავკაცმა ხუან კარლოს ოსორიომ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ურუგვაიმ ჯავრი იამაიკაზე იყარა და 3:0 მოუგო. მინიმუმ კიდევ ერთი ამდენი მარტო ედინსონ კავანის უნდა გაეტანა. ოსკარ ტაბარესმა შემადგენლობა გვარიანად გადაახალისა და შესაძლოა, დაინახა, რომ ამ ფეხბურთელებისთვის ადრეც შეიძლებოდა მეტი სათამაშო დროისა და შანსის მიცემა, მაგალითად, აბელ ერნანდესისთვის, რომელმაც კარგად ითამაშა და გატანაც მოახერხა.

მან ეს მაქსი პერეირას მშვენიერი პასის მერე გააკეთა. ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, ურუგვაის ჯგუფში ჩარჩენა ბრაზილიის ფიასკოსთან ერთად, კოპა ამერიკა სენტენარიოს მთავარი სენსაციებია. იამაიკა კი ერთადერთი გუნდია, რომელმაც მომენტების მიუხედავად, ჯგუფურ ეტაპზე გოლის გატანა ვერ მოახერხა - ერთი ბურთი ჰაიტიმაც კი შეაგდო.

"ამ მატჩს ძალიან სწორად მივუდექით და მართალია, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვქონდა, მაგრამ მაინც მთელი შემართებით და მოსაგებად ვითამაშეთ. ორი წაგების მერე ჩვენ ეს გვჭირდებოდა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ, მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრების კარგად ჩატარებაა. ისეთი კოპა ამერიკა არ გამოგვივიდა, როგორიც ჩვენ და ფანებს გვსურდა, მაგრამ ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ" - განაცხადა აბელ ერნანდესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მექსიკა-ვენესუელა 1:1
გოლები: 0:1 ველასკესი (10), 1:1 კორონა (80)
მექსიკა (4-1-4-1): ოჩოა - აგილარი, რეიესი, მორენო, ტორესი (46. ლაიუნი) - მოლინა (68. ხ. ერნანდესი) - ერერა, გუარდადო, ლოსანო, აკინო (18. ხ. კორონა) - პერალტა
ვენესუელა (4-4-2): ერნანდესი - ა. გონსალესი, უილკერი, ველასკესი, ფელრშერი - გერა (83. ოტერო), რინკონი, სეიასი, პენიარანდა - დელ ვალე (ჯ. მარტინესი), სანტოსი (78. რონდონი)
გაფრთხილება: ერერა, მოლინა - ა. გონსალესი, პენიარანდა, სანტოსი
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 13-19 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 25(8)-10(6) ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 67 319

ურუგვაი-იამაიკა 3:0
გოლები: 1:0 ა. ერნანდესი (21), 2:0 უოტსონი (66 ს. კ.), 3:0. კორუხო (88)
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - მ. პერეირა, ხიმენესი, გოდინი, სილვა - არევალო, სანჩესი (66. ვესინო), ლოდეირო, გონსალესი (81. კორუხო) - ა. ერნანდესი (74. რამირესი), კავანი
იამაიკა (4-4-2): ბლეიკი - მარიაპა, მორგანი, ტეილორი, უოტსონი - მაკკლირი (73. ორჯილი), უილიამსონი (69. ოსტინი), ჰექტორი, მაკნაუფი (80. ბინსი) - დონალდსონი, ბარნსი
გაფრთხილება: - ჰექტორი, ოსტონი
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 7-0 კარში დარტყმა: 16(7)-9(2) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 40 166

თ მ ფ წ ბ ქ
1. მექსიკა 3 2 1 0 6-2 7
2. ვენესუელა 3 2 1 0 3-1 7
3. ურუგვაი 3 1 0 2 4-4 3
4. იამაიკა 3 0 0 3 0-6 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული