კოპა ამერიკა სენტენარიო 2016. A ჯგუფი: ამერიკის უიღბლო სერიაც დასრულდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
* აშშ-ს კოსტა რიკასთან მოგებამდე კოპა ამერიკაზე ჩატარებული წინა 13 მატჩიდან 9 წაგებული ჰქონდა, აქედან ბოლო 6 - ზედიზედ.
* კლინტ დემპსიმ ამერიკის მაისურით ჩატარებულ 126-ე შეხვედრაში 50-ე გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ ლენდონ დონოვანს აქვს გატანილი - 57 (157 მატჩში).
* საინტერესოა, რომ პირველი სანაკრებო გოლი დემპსიმ ასევე ჩიკაგოს "სოლჯერ ფილდზე" გაიტანა 11 წლის წინ.
* ამხანაგური მატჩის ჩათვლით, კოლუმბიელებს ზედიზედ 5 მატჩი აქვთ მოგებული და 13 გოლი გატანილი.
* პარაგვაის ნაკრებს უკვე 5 მატჩია არ მოუგია. ბოლო 8
შეხვედრაში პარაგვაელებმა კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახეს.

კოლუმბიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც სენტენარიოს მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. მიზანთან ძალიან ახლოსაა აშშ-ის ნაკრები. საკმარისია, კლინსმანის ბიჭებმა ბოლო ტურში არ წააგონ და ისინიც პლეი ოფში არიან.

კოპა ამერიკა სენტენარიოს მასპინძელ აშშ-ს უფერული სტარტის მერე გამარჯვება სჭირდებოდა. იურგენ კლინსმანის გუნდიც თავიდანვე ეკვეთა მეტოქეს და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. აშშ-ის რიგებში კვლავაც კლინტ დემპსიმ გაიბრწყინა. მე-9 წუთზე მან თავისი 50-ე სანაკრებო გოლი შეაგდო. კლინტმა პენალტით გაიტანა, რომელიც იმიტომ დაინიშნა, რომ კრისტიან გამბოამ II ბუნდესლიგის ბინადარი "უნიონ ბერლინის" 23 წლის თავდამსხმელს, ბობი ვუდს უბიძგა ხელი.

37-ე წუთზე დემპსიმ ასისტენტობა ჯერმეინ ჯოუნსს გაუწია, რომელმაც მშვენიერი დარტყმით შეაგდო, 42-ეზე კი კლინტმა იმავე ვუდსს გაატანინა.

კოსტა რიკის თავკაც ოსკარ რამირესს კი მოეჩვენა, რომ მისი გუნდი ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ რეალური მომენტი სტუმრებს მხოლოდ ერთი ჰქონდათ - ბრაიან რუისმა მეორე ტაიმში ბურთი ძელს გაარტყა. კოსტარიკელები ტურნირს თითქოს, მოუმზადებლები შეხვდნენ და ისე ვეღარ დაფრინავენ, როგორც ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალზე. მათი რბევა 87-ე წუთზე გრემ ზუსიმ დაასრულა, რომელიც შეცვლაზე შევიდა.

"ბოდიშს ვიხდი შედეგისთვის, მაგრამ არა თამაშისთვის. ეს ისეთი მატჩი იყო, რომელშიც ბურთი გვეჭირა და მის მსვლელობას ვაკონტროლებდით, მაგრამ ფეხბურთში მთავარი გოლების გატანაა. ამერიკელებმა ძალიან პროდუქტიულად ითამაშეს და თავიანთი შანსები გამოიყენეს. ჩემი ფეხბურთელების ბევრი კარგი მომენტი დამამახსოვრდა და ახლა ბოლო ტურის მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ" - თქვა რამირესმა.

იურგენ კლინსმანი კი თავისი გუნდის თამაშით და ბუნებრივია, შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ჩანდა. გერმანელმა ცოტათი ამოისუნთქა, თორემ ბოლო დროს მას ბევრს აკრიტიკებდნენ - ნაკრებს მის ხელში ის შედეგები არ აქვს, როგორსაც ველოდითო.

ბოლო ტურის წინ გაირკვა, რომ კოლუმბია გასულია და სავარაუდოდ, პირველი ადგილით.

მეორე ადგილზე გასვლის თეორიულ შანსს კი ყველა ინარჩუნებს. ამერიკელებს პარაგვაისთან ფრეც ეყოფათ, რადგან კოსტა რიკა კოლუმბიასთან 6:0-ის მომგებს არ ჰგავს. რეალურად, კოსტარიკელები განწირულები არიან, პარაგვაიმ კი აშშ უნდა დაამარცხოს და მეორეზე გავა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
რაც შეეხება კოლუმბია-პარაგვაის მატჩს, ხოსე პეკერმანი კი წუხდა, ხამეს როდრიგესმა შეიძლება ვერ ითამაშოსო, მაგრამ ხამესმა ითამაშა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა - მე-12 წუთზე კარლოს ბაკას ჩაუწოდა კუთხურიდან. მცველებს "ეძინათ" და "მილანის" თავდამსხმელმაც მძლავრი თავურით შეაგდო. 30-ეზე კი ხამესმა თავად შეაგდო, მეორე მატჩში მეორე გოლი. სამაგიეროდ, როდრიგესს კოპა ამერიკის მერე შესაძლოა, ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს, მაგრამ ახალ სეზონამდე იარების მოშუშებას მოასწრებს.

სხვათა შორის, პარაგვაელებს მეორე ტაიმში ცუდად არ უთამაშიათ და აქტიურობას ცდილობდნენ. მათ რამდენიმე მომენტიც შექმნეს და ერთხელ დავიდ ოსპინამ "ცხრიანიდან" "მკვდარი ბურთიც" გამოაძრო. საბოლოოდ, რამონ დიასის გუნდი ვიქტორ აიალას ულამაზეს გოლს დასჯერდა და მეტის გაკეთება ვერ შეძლო.

ცვლილებაზე გამოსულმა აიალამ უძლიერესი შორეულით გახვია ბურთი "ცხრიანში" და 71-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. ოსკარ რომერომ კი თავისიანები დააღალატა. მან ორწუთნახევრიან მონაკვეთში ორი ყვითელი მიიღო და პარაგვაი 81-ე წუთზე ათი კაცით დარჩა, რის მერეც შანსი აღარ ჰქონია. პირიქით, გატანა კოლუმბიელებს უფრო შეეძლოთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აშშ-კოსტა რიკა 4:0
გოლები: 1:0 დემპსი (9-პენ), 2:0 ჯოუნსი (37), 3:0 ვუდი (42), 4:0 ზუსი (87)
აშშ (4-4-2): გუზანი - იედლინი, კამერონი, ბრუკსი, ჯონსონი - ჯოუნსი, ბრედლი, ბედოია (ბეკერმანი) - ზარდესი, ვუდი (70. ზუსი), დემპსი (78. ვონდოლოვსკი)
კოსტა რიკა (5-4-1): პემბერტონი - გამბოა (46. სალვატიერა), კალვო, აკოსტა, დუარტე, მატარიტა - ბოლანიოსი, ბორხესი, რუისი, კემპბელი (46. აზოფეიფა) - ურენა (18. საბორიო)
გაფრთხილება: ჯონსონი, ბრუკსი -
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 10-15 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 12(5)-7(2) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 39 642

კოლუმბია-პარაგვაი 2:1
გოლები: 1:0 ბაკა (12), 2:0 ხ. როდრიგესი (30), 2:1 აიალა (71)
კოლუმბია (3-1-4-2): ოსპინა - არიასი, საპატა (90. მინა), მურილიო, დიასი - პერესი (58. სელისი), ტორესი - კუადრადო (87. მორენო), ხ. როდრიგესი, კარდონა - ბაკა
პარაგვაი (4-4-1-1): ვილიარი - ვალდესი, გომესი, და სილვა, სამუდიო - პირისი (46. აიალა), ორტისი - რომერო, ალმირონი, ე. ბენიტესი (46. ხ. ბენიტესი) - ლესკანო (67. სანაბრია)
გაფრთხილება: მურილიო - ლესკანო, რომერო, რომერო
გაძევება: რომერო (81)
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 21-18 თამაშგარე: 6-3 კარში დარტყმა: 16(7)-10(4) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 42 766

თ მ ფ წ ბ ქ
1. კოლუმბია 2 2 0 0 4-1 6
2. აშშ 2 1 0 1 4-2 3
3. პარაგვაი 2 0 1 1 1-2 1
4. კოსტა რიკა 2 0 1 1 0-4 1

III ტური
11 ივნისი
აშშ-პარაგვაი 03:00
კოლუმბია-კოსტა რიკა 05:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული