Mession Imposible: იმისათვის, რომ დიეგოს დაეტოლო...

AutoSharing Option
ლიონელ მესის კიდევ ერთმა ტიტულმა ჩაუარა. არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა ვერ მოიგო.

არგენტინამ კოპაზე მძიმედ დაიწყო. ნახევარფინალში ბრწყინვალე სპექტაკლი დადგა პარაგვაისთან, ფინალში კი პენალტების სერია წააგო ჩილეს აწყობილ, კლასიან და საშინაო კედლებით გამხნევებულ ნაკრებთან.

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან 3 ფინალი წააგო - ორჯერ კოპასი და ერთხელ მუნდიალის. შემთხვევით არაფერი ხდება. მესის აკლია სანაკრებო ტიტულები. მას ჯერ კიდევ აქვს ამ ტიტულების მოგების შანსი, მაგრამ ჩვენ დღევანდელი მოცემულობით ვიმსჯელოთ.

მესი ჯერ ვერ დაეტოლება მის დიდ თანამემამულეს, დიეგო მარადონას. მარადონამ ლამის მარტომ მოიგო
მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის გვერდით შესანიშნავი პარტნიორები ჰყავს და ჯერ მაინც არ მოუგია. მსოფლიო ჩემპიონატს ვინ ჩივის, ორიოდე დღის წინათ ვერც კოპა მოიგო.

სისხლით ბარსელონელი
ვინც მესის კარგად იცნობს, მიიჩნევს, რომ იგი უფრო მეტად კატალონიელი, ბარსელონელია, ვიდრე არგენტინელი. რა თქმა უნდა, არგენტინა მესის სამშობლოა. რა თქმა უნდა, მას ძალიან უყვარს არგენტინა, მაგრამ ის უკეთესად ერწყმის "ბარსელონას".

ლიონელი პიროვნებად და ფეხბურთელად კატალონიაში ჩამოყალიბდა. თითქოს, "ბარსელონა" მისთვის უფრო ახლობელია და სისხლისმიერი. მართლაც, ლეოს მხოლოდ კატალონიურ კლუბში გამოსდის თვალისმომჭრელი რეიდები და არნახული გოლები. არა, არგენტინის ნაკრებშიც გამოსდის, ოღონდ გაცილებით იშვიათად.

წნეხი, სახელად მარადონა
რატომ ვერ თამაშობს მესი არგენტინის ნაკრებში ისე, როგორც "ბარსელონაში"? ამ კითხვაზე პასუხის ერთი ვერსია უკვე შევთავაზეთ მკითხველს. არის მეორე მოსაზრებაც - მესის არგენტინის ნაკრებში შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს მარადონასთან გამუდმებული შედარებები უშლის.

მას შემდეგ, რაც საკუთარ თავთან და ბევრ სხვასთანაც ბრძოლით გატანჯულმა დიეგომ ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა, მთელი არგენტინა შეშლილივით ეძებს ახალ დიეგოს. ბოლო დროს ასეა - გამოჩნდება არგენტინაში ნიჭიერი, ბევრის შემძლე 10 ნომერი და მას ეგრევე დიეგოს ადარებენ. ეს ფეხბურთელისათვის დიდი წნეხია. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მოთამაშეს თრგუნავს.

ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სწორედ ახალი დიეგოს პანიკურმა ძიებამ დაანგრია პაბლო აიმარის, ხავიერ სავიოლასა და არიელ ორტეგას კარიერა. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა მესი.

მესი მესია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ დიდ ფეხბურთელზეც მოქმედებს მარადონასთან შედარება. ერთი წარუმატებლობა, ფეხის ერთი გადაბრუნება და ყველაფერი დასრულებულია. იმ წამსვე იწყება საუბარი იმის თაობაზე, რომ მესი ვერასოდეს იქნება მარადონა და ის ვერასოდეს გააკეთებს იმდენს ქვეყნისათვის, რამდენიც თავის დროზე დიეგომ გააკეთა.

მწვრთნელი
სანამ იქნება ფეხბურთი, იქნება ჭეშმარიტებაც: ნებისმიერი გუნდისა თუ ნაკრების წარმატების მთავარი შემოქმედი იქნება მწვრთნელი! ვიყოთ გულახდილნი და ვთქვათ: არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესის ტოპ-მწვრთნელთან არ უმუშავია.

რაღა შორს წავიდეთ, მხოლოდ ორი მაგალითი გავიხსენოთ - დიეგო მარადონა და ტატა მარტინო. მარადონას სამწვრთნელო შესაძლებლობებზე, აბა, რა ვთქვათ. ყველამ ვნახეთ, ამ კუთხით დიეგოს ბევრი არაფერი შეუძლია.

ტატა მარტინო კარგად მუშაობს ისეთ გუნდებში, რომლებსაც ჰყავთ გამორჩეული ვარსკვლავები. თავის დროზე მან კარგად იმუშავა არგენტინულ კლუბებში და ააწყო პარაგვაის ნაკრები. ის მესის მეგობარია და ამბობენ, რომ სწორედ ლეომ მოიყვანა "ბარსელონაში" . კატალონიურ სუპერკლუბში ტატას ძალიან ბევრი ვარსკვლავი დახვდა. ის ჩაფლავდა. ტატამ ვერ გაუძლო.

ტატა მარტინოს არგენტინა ძალიან აწყობილი გუნდი იყო ამ კოპაზე. ამავე დროს, ძალიან "მშრალი". არგენტინის ნაკრებს შეტევაში მეტი ფანტაზია მოეთხოვება. ეს ფანტაზია არ ჩანს. არადა, უნდა ჩანდეს. აქეთ კუნ აგუერო, იქით გონსალო იგუაინი და ანხელ დი მარია. არგენტინა ძალიან ვარსკვლავურია.

შეცდომა
მთელი კოპას განმავლობაში ტატა მარტინო არ აყენებდა ძირითად შემადგენლობაში კარლოს ტევესს. არგენტინაში ტევესი ძალიან უყვართ. შესაძლოა, მხოლოდ "რივერის" ფანებს არ უყვარდეთ. ისიც იმიტომ, რომ ტევესი "ბოკას" კაცია და ახლახან დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს "იუვენტუსიდან".

კარლიტომ "ბებერ ქალბატონს" კინაღამ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. ტევესი ფორმის პიკში შეხვდა ჩილეში გამართულ კოპას და ის აშკარად მეტ ნდობას იმსახურებდა მარტინოსაგან. ტატას გამბედაობა არ ეყო. მან ყოფილ კოლეგას, ალეხანდრო საბელიას მიბაძა. ტევესი კოპაზე იყო, მაგრამ კარლოსი ან საერთოდ არ თამაშობდა, ან ძალიან ცოტას. ამაზე იტყვიან, "ყოფნა-არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არისო". მართლაც საკითხავია და ისიც ვიკითხოთ, ასეთ ყოფნას რა აზრი აქვს.

რას ერჩიან მესის პარტნიორები?
საკითხავია, რას ერჩიან ლეოს პარტნიორები? ბოლო ორ დიდ ფინალში ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბევრის აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ტიტულის გარეშე დარჩეს.

ყველას კარგად გვახსოვს ბრაზილიური მუნდიალის გადამწყვეტი შეხვედრა. მაშინ არგენტინას შეეძლო მოგება. როდრიგო პალასიომ და გონსალო იგუაინმა ასპროცენტიანი მომენტები გაატანეს ქარს.

ჩვენ თვალწინაა კოპას ბოლო ფინალი. მატჩის დამთავრებამდე წამები რჩება. მიმდინარეობს დამატებითი დრო. მესიმ მაღალ სისწრაფეზე წამოიღო ბურთი, რამდენიმე მოწინააღმდეგეს გასცდა. ლეომ დიდებული გადაცემა გაუკეთა იგუაინს. გონსალო ბურთს ჩაუწვა, მაგრამ რაღაც სასწაულით ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
აქედან დასკვნა: არგენტინის ნაკრებზე როცა ვსაუბრობთ, მესის რჩება ერთადერთი გამოსავალი - აიღოს ბურთი, დაიწყოს შეტევა და თვითონ დაამთავროს. მას მაგალითისათვის შორს წასვლა არ სჭირდება. მაგალითი დიეგოა. ის არცთუ დიდი ხნის წინ თამაშობდა ფეხბურთს. მარადონა არგენტინის ღმერთი იყო. ის თვითონ იწყებდა და თვითონ ამთავრებდა.

ფაქტია: თუ მესის უნდა, რომ ლეგენდარულ თანამემამულეს დაეტოლოს, მან სანაკრებო ასპარეზზე ტიტულების მოგება უნდა დაიწყოს, სხვანაირად არაფერი გამოვა.

რონალდოს ეპატიება, მესის - არა
თანამედროვე ფეხბურთი, დიდწილად, ამ ორი გენიოსის მარულაა. ბევრს მესი ურჩევნია, ბევრს - კრიშტიანო რონალდო. ფაქტია: ორივე ამ ფეხბურთელს უმკაცრესი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევს საკუთარი უკეთესობის დასამტკიცებლად.

შეღავათი აქ გამორიცხულია. და მაინც, არის ერთი პუნქტი, სადაც კრიშტიანოსადმი ხალხი უფრო მიმტევებელია, ვიდრე მესისადმი. ეს არის სანაკრებო ასპარეზი.

პორტუგალიას ჰყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, მაგრამ კრიშტიანო იქ მაინც მარტო თამაშობს. პორტუგალია ამ შემადგენლობით ვერ მოიგებს დიდ ტურნირებს. მით უმეტეს, კრიშტიანო მაინცდამაინც ზედ დიდი შეჯიბრებების წინ აიტკიებს ხოლმე რაღაცას.

სხვა დრო, ძველი დრო რომ იყოს, სხვანაირად იქნებოდა. ფიგუსთან, რუი კოშტასთან და სხვა ყოჩაღ ბიჭებთან ერთად რონალდო ტიტულებისკენ გაიწევდა. მას ტიტულებს მოსთხოვდნენ, ახლა სხვანაირად არის.

მესის ნაკრებში ვარსკვლავები ჰყავს, მაგრამ ეს ვარსკვლავები ლეოს, დახმარების ნაცვლად, ხელს უშლიან.

Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Messi ukve cin aris.daceva ar chirdeba.mat shoris sagrznobi sxvaobaa.ubralod charchenili ar unda iko adamiani carsulshi.
kaxa jans
14:34 08-07-2015
0
მესიჯან შენ ვერასოდეს დაეწევი მარადონას
maradon maradon
08:39 08-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული