ლუკას ბარიოსი: ცოტა ხნით დავივიწყებ, რომ არგენტინა ჩემი სამშობლოა

AutoSharing Option
ახლოვდება კოპა ამერიკა, რომელიც ამ ზაფხულს, როდესაც არც მსოფლიოს ჩემპიონატია და არც ევროპის, ფეხბურთის მოყვარულებს "შიმშილისას" დაგვაპურებს და სამხრეთამერიკული ფეხბურთის ციებ-ცხელებას გვაგრძნობინებს. შესაბამისად, ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტუალური ხდება ამ კონტინენტის ნაკრებთა მდგომარეობა და მათ ვარსკვლავებთან გასაუბრება.

ერთ-ერთი ასეთი ლუკას ბარიოსია, რომელსაც ძალიან მძიმე, 2-3 წლიანი პერიოდი ჰქონდა, ისევე როგორც მის ნაკრებს - პარაგვაის, რომელიც წინა კოპა ამერიკის ფინალისტია.

ხერარდო მარტინოს წასვლის მერე, პარაგვაელთა ბანაკში დიდი ცვლილებები მოხდა. ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალი გამოტოვა, მაგრამ ახლა ლუკას ბარიოსი გვარწმუნებს, რომ პარაგვაი რეალურ
ძალას ისევ გამოაჩენს და იმედოვნებს, რომ ამაში ნაკრებს თავადაც დაეხმარება. რუსეთში გატარებული მძიმე პერიოდის მერე, ბარიოსი "მონპელიეში" გადაბარგდა, სადაც პირველ თვეებში ასევე გაუჭირდა, მაგრამ ადაპტაცია ბოლოს და ბოლოს, გაიარა და გოლის-გოლზე გატანა დაიწყო.

- ლუკას, რა დაემართა თქვენ ტყუპისცალს, რომელიც ასევე გამოიყურება და თქვენი მაისურით თამაშობდა "მონპელიეში", მაგრამ დეკემბრამდე გოლი ვერ გაიტანა?
- (იცინის) მართალია, რამდენიმე თვე ძალიან მძიმე გამომივიდა. აგვისტოს ბოლოს ჩავირიცხე "მონპელიეში" და რაღაც პერიოდი დამჭირდა ადაპტაციისთვის. რუსეთიდან ლიგა ერთში გადმოსვლა და საფრანგეთის ჩემპიონატზე გადმოწყობა ადვილი არ იყო. ნოემბრის ბოლოს თავს უკვე უკეთ ვგრძნობდი, დეკემბრის დასაწყისში მეტი დრო გავატარე მინდორზე, რასაც რამდენიმე გოლი მოჰყვა და ახლა უკვე ძველებურ კალაპოტში ვარ, იღბალი ისევ დამიბრუნდა.

- "მონპელიეში" სათანადო კონდიციების აღდგენა უფრო იოლად ხომ არ შეძელით, ვიდრე ეს რომელიმე უფრო ძლიერ გუნდში მოხდებოდა, სადაც ზეწოლაც და კონკურენციაც უფრო დიდია?
- ვერ ვიტყვი იმას, რომ ახლა არ იყო ზეწოლა. როდესაც წარსულში რაღაცისთვის მიგიღწევია, ხალხი შენგან ბევრს ელის და "მონპელიეშიც" ასე იყო, პირველივე თვიდან ელოდებოდნენ გოლებს და იმ ლუკასს რომელიც "დორტმუნდში"თამაშობდა.

მე კი ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. ბევრი მეკითხებოდა, თუ რატომ ავირჩიე "მონპელიე", როდესაც უკეთეს გუნდში შემეძლო გადასვლა. თუმცა მე არჩევანი ამ კლუბზე სწორედ იმიტომ გავაკეთე, რომ მათ სჯეროდათ ჩემი და იმედი ჰქონდათ, რომ ავთამაშდებოდი. წნეხს ვგრძნობდი, მაგრამ ამას გავუმკლავდი და ახლა ყველაფერი რიგზეა.

- ხომ არ გეშინოდათ, რომ ძველებურ ფორმას ვეღარასდროს აღიდგენდით რუსეთსა და ჩინეთში გატარებული რთული და ტრავმიანი პერიოდების მერე?
- არა, ერთადერთი, რაც ფორმის აღდგენაში ხელს მიშლიდა, სტაბილური სათამაშო დრო გახლდათ, რუსეთიდან აქ ისე მოვედი, რომ იშვიათად მიწევდა თამაში და ჩვეულ რიტმსა და რეჟიმში არ ვიყავი.

თუმცა ჩინეთში ხშირად ვთამაშობდი და ბევრი გოლიც გამქონდა, გუნდს ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარე. ამას კი ტრავმა მოჰყვა, რამაც ძირითადში ჩემი ადგილს დაკარგვა და პრობლემები გამოიწვია. თუმცა, როგორც არ უნდა ამოვარდე კალაპოტიდან, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა უნდა შეინარჩუნო. არ მავიწყდებოდა, თუ როგორ შემეძლო თამაში და მიუხედავად სირთულეებისა, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შესაბამის სიმაღლეზე დავბრუნდებოდი.

- რამონ დიასმა ნაკრებში ისევ გამოგიძახათ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ნაკრებს დაახლოებით სამწლიანი პაუზიის მერე დაუბრუნდით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებიც გამოტოვეთ.
- ეს ძალიან სასიამოვნოა. ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ რთული წლების მერე, ნაკრებში დავბრუნებულიყავი და ძალიან მიხარია, რომ ეს დამიფასდა. ძალიან მტკივნეული გახლდათ, როდესაც შემადგენლობაში არ ვიყავი, თანაც მაშინ, როდესაც ნაკრებს აშკარად სჭირდებოდა გამოცდილი ფეხბურთელები.

ეს გამოძახება ჯილდოა იმ შრომისა, რომელიც ბოლო 6 თვეში გავწიე და "მონპელიეს" დახმარებით ძველებურად ავთამაშდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე და ახლა სტაბილურობა უნდა გამოვავლინო და გამოვაჩინო რომ ევროპაში მაღალ დონეზე თამაში შემიძლია, რასაც ადრე ვაკეთებდ კიდეც.

- პარაგვაი უფრო დაცვაში სიძლიერითა და ორგანიზებულობითაა ცნობილი, ახლა კი მწვრთნელი ყოფილი თავდამსხმელია. ამჩნევთ, რომ გუნდის სტილი იცვლება?
- რამონი ახალი იდეებით მოდის და მისი გამოცდილება გუნდისთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. ჩვენთვის, თავდამსხმელებისთვის უპირატესობაა ის, რომ მწვრთნელი ყოფილი ფორვარდია, რომელიც ამ პოზიციაზე გამორჩეული იყო. მას ტიტულებიც მოგებული აქვს და დიდი გამოცდილების პატრონია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მისი ყველას ეიმედება და გვაქვს შანსი რომ ძალიან კარგი კოპა ამერიკა გვქონდეს. რამონის, როგორც თავდამსხმელის ხედვამ შესაძლოა, სათამაშო სტილი შეცვალოს, მაგრამ ზურგს მთლიანად ვერ ვაქცევთ იმას, რაც წლების განმავლობაში ჩვენი ძლიერი მხარე გახლდათ - პარაგვაი ყოველთვის რთულად დასამარცხებელი გუნდი იყო, და ასეთივედ უნდა დავრჩეთ - ორგანიზებულად და მწყობრად ვითამაშოთ.

- დიასმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ბევრს ელის გამოცდილი ფეხბურთელებისგან, რომლებიც ევროპაში იყვნენ ან არიან. ეს თქვენი საუკეთესო დახასიათებაა არა?
- ზუსტად. ჩემი და სხვა გამოცდილი ფეხბურთელების, რომლებიც ნაკრებისთვის ხელმისაწვდომნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ორი წელი გამოძახებული არ ვიყავი და 30-ის გავხდი, ხელი არასოდეს ჩამიქნევია და დაბრუნების იმედი მქონდა.

რამონს ესმის, რა სჭირდება გუნდს - ხალხი, რომელიც არასდროს არაფერს იშურებს ნაკრებისთვის. ჩვენ ძალიან რთული წლები გვქონდა და სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მიწვევდნენ და არ მიხაროდა, მაგრამ არა უშავს, ახლა დიდი სიხარულით ვიღებ ამ შანსს და ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პარაგვაის იქ დაბრუნებაში დავეხმარო, სადაც არის ჩვენი ადგილი და სადაც იმსახურებს ნაკრები ყოფნას.

- თქვენი აზრით, არგენტინა, ბრაზილია და ურუგვაი ისევ გამოკვეთილი ფავორიტები არიან მომავალ კოპა ამერიკაზე, თუ უფრო დაძაბულ და ღია ტურნირს ელოდებით?
- არც ჩვენი ისტორია დაგვავიწყდეს, სამხრეთამერიკელმა ხალხმა იცის პარაგვაის შესაძლებლობების. ჩვენ ძლიერი და ხარისხიანი ნაკრები გვყავს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიასკო იმიტომ განიცადა, რომ ნაკრებში დიდი და სერიოზული ცვლილებები მოხდა. სამწუხაროდ, ყველა გადაწყვეტილებამ არ გაამართლა და არ იმუშავა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ პარაგვაი წინა კოპა ამერიკის ფინალისტია.

რასაკვირველია, ახლა იგივე შედეგის გამეორება და მით უმეტეს ტურნირის მოგება ძალიან ძნელი იქნება და წინა წარმატების გამო, პარაგვაის რიდით არავინ მოეპყრობა, მაგრამ ამავდროულად ყვლამ იცის რომ ჩვენთან თამაში ძალიან რთულია. იმ შესაძლებლობებისა და პოტენციალის გათვალისწინებით რომელიც გვაქვს, სულ არ გამიკვირდება და ჩემი აზრით, მოულოდნელი არ იქნება, თუ ამჯერადაც ტურნირის მოგებისთვის ვიბრძოლებთ.

- თქვენთვის ჩილეში თამაში ალბათ განსაკუთრებული იქნება, არა? იქ "კოლო კოლოს" ფანებისთვის ისევ კუმირი ხართ და თან ჯგუფში არგენტინა გყავთ.
- ვის აირჩევს და დააყენებს მწვრთნელი ჯერ ეს არ ვიცით, მაგრამ თუ შემადგენლობაში მოვხვდები, თავს ისე ვიგრძნობ, როგორც სახლში. იქ უამრავ ადამიანს მოვწონვარ და მგულშემატკივრობენ. "კოლო კოლოს" ქომაგები მხარს დამიჭერენ და გამომდინარე იქიდან, რომ ნახევარი ქვეყანა ამ კლუბის გულშემატკივარია, პარაგვაის ბევრი ქომაგი ეყოლება (იცინის).

არგენტინასთან მატჩი მართლაც განსაკუთრებული იქნება რადგან მამაჩემი და თითქმის მთელი ჩემი ოჯახი არგენტინელები არიან, მეც იქ ვარ დაბადებული. თუმცა 100%-ით პარაგვაისთან ვარ დაკავშირებული და მატჩის დღეს არგენტინა ნამდვილად არ იქნება ჩემი მეორე სამშობლო, არამედ იქნება ნაკრები, რომელიც უნდა დავამარცხოთ. დედაჩემი არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრება და პარაგვაული სისხლი მაჩუქა, მე ამ ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცა, ის ავირჩიე და სიკვდილამდე მის ღირსებას დავიცავ.

- 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი გამოსვლის მერე, პარაგვაი ბრაზილიაში 2014 წლის მუნდიალზე ვერ მოხვდა. მაინც რა მოხდა და რა შეიცვალა ამ პერიოდში?
- ტატა მარტინოს წასვლის მერე, ჩვენთვის ძნელი იყო იგივე გზაზე დარჩენა და იმავე დონეზე თამაში. ახალ პროექტს შევეჭიდეთ, მაგრამ რეალურად დრო არ გვქონდა. რამდენიმე მწვრთნელი მოვიდა და წავიდა, ასევე არაერთი ისეთი ფეხბურთელი დარჩა ნაკრებს მიღმა, რომელიც სასარგებლო იქნებოდა. თუმცა ეს ბუნებრივი მოვლენაა და შესაძლოა, ყველა ნაკრებში მოხდეს, ახალ მწვრთნელებს თავიანთი ხედვა აქვთ. ძალიან დასანანი გახლდათ, რომ სტაბილურობა ვერ შევინარჩუნეთ კარგად ჩატარებული 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2011 წლის კოპა ამერიკას მერე.

თუმცა ახლა ისევ სწორი მიმართულებით მივდივართ. მწვრთნელს საინტერესო შემადგენლობა ჰყავს, რომელშიდაც როგორც გამოცდილი ფეხბურთელები, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. ამ ნაკრებს რამონ დიასთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია. მას ძალუძს პარაგვაის კარგი კოპა ამერიკა ჩაატარებინოს და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გაიყვანოს.

- თქვენი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა ის არის, რომ 2008 წელს 38 გოლით მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი გახდით. ამას თქვენს უმთავრეს მიღწევად თვლით?
- ამით ძალიან ვამაყობ და მიმაჩნია, რომ ამავე დონისგან შორს არ ვარ. მახსოვს, როდესაც ჩილედან მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით წამოვედი, ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ სამხრეთ ამერიკაში გოლების გატანა ადვილია და ახლა ევროპაში ვნახოთ რას წამოადგენს რეალურადო. "დორტმუნდში" ადაპტაციისთვის რამდენიმე თვე დამჭირდა და ბევრი არ გამქონდა, მაგრამ მერე ავთამაშდი და სადებიუტო სეზონის ბოლოს 20-ზე მეტი გოლი დავაგროვე (23).

მთავარი სწორედ ეს გახლდათ, ჩემი საუკეთესო ბომბარდირის სტატუსზე და გოლების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო იმის დამტკიცება, რომ ევროპაშიც უმაღლეს დონეზე შემეძლო თამაში. "მონპელიეში" ჩემი მდგომარეობა გარკვეულწილად ჰგავს იმ პერიოდს. ჩემი საქმეც ეს არის, მე მეტოქის კართან, გოლების გატანით ვცხოვრობ. ყოველთვის ვეძებ შანსს და ვცდილობ გუნდს იმით დავეხმარო, რითაც შემიძლია.

დოსიე
ლუკას რამონ ბარიოს კასერესი

დაიბადა: 1984 წ. სან ფერნანდო (არგენტინა)
კარიერა: 2003-05 არხენტინოს ხუნიორსი, 2004 - ტიგრე, 2005 - ტამუკო, 2006 - ტირო ფედერალი, 2006-07 - კობრელოა, 2007-08 - ატლასი, 2008-09 - კოლო-კოლო, 2009-12 - დორტმუნდი, 2012-13 - გუანჯოუ, 2013 - სპარტაკი, 2014-დან - მონპელიე.
პარაგვაის ნაკრები: 23 თამაში, 6 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული